საზოგადოება

რიყის დოქებთან 16 წლის მოზარდი დაიღუპა

29 იანვარი, 2025 •
რიყის დოქებთან 16 წლის მოზარდი დაიღუპა

რიყის პარკის ტერიტორიაზე 16 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, შაბათს მოხდა.

ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. ეს ის მუხლია, რომლითაც სტანდარტულად გამოძიება მიმდინარეობს ყოველთვის, როცა ცხედარია აღმოჩენილი, სანამ საქმეში სხვა გარემოებები არ გაჩნდება.

ნეტგაზეთს მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა მომხმარებელმაც, რომელიც პარკის ტერიტორიაზე ვარჯიშისას წააწყდა ე.წ. დოქებს შორის სეგმენტში პოლიციის მიერ ლენტით გადაკეტილ ტერიტორიას. როგორც მომხმარებელი გვიზიარებს, მას მაშინვე უთხრეს დაცვის თანამშრომლებმა, რომ ბავშვი შენობაში შეძვრა და იქ დაიღუპა. „ამ დროს პატრულის ორი თანამშრომელი გამოჩნდა, დაადასტურა ეს ფაქტი და დაცვის ბიჭებს აუკრძალა ამ თემაზე ჩემთან ლაპარაკი“, — ამბობს მომხმარებელი ნეტგაზეთთან.

მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს თბილისის მერიაც და ამბობს, რომ შემთხვევა არა პარკის, არამედ კერძო საკუთრების ტერიტორიაზე მოხდა.

„სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც მერია სამძიმარს უცხადებს დაღუპული მოზარდის ოჯახს.

მერიის განცხადებას ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი საბა ბუაძე და მას უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„ის ადგილი, სადაც ახალგაზრდა დაიღუპა, მართლაც ეკუთვნის რიყის დოქების ტერიტორიას, ოღონდ საჯარო სერვიტუტით არის დატვირთული და პარკის ტერიტორიას ებმის. არც გამოყოფილია, არც გამაფრთხილებელი ნიშნებია და არაფერი“, — წერს საბა ბუაძე. ე.წ. რიყის დოქები 2022 წელს 10 020 000 ლარად გაიყიდა და ის ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ოჯახის საკუთრებაა. მაშინდელი აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებული იყო, 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოეწყო ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. 36 თვე სწორედ მიმდინარე წლის მარტში იწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი