ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მთავარ რედაქტორებს, ეთერ თურაძესა და ნესტან ცეცხლაძეს შეხვდნენ.
შეხვედრა ესტონეთისა და საფრანგეთის საელჩოების ორგანიზებით გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“, საია-ს, მედიაკოალიციის წევრები და მზია ამაღლობელის იურისტები.
„მზია ამაღლობელის საქმე საქართველოში ჟურნალისტების დაშინების შემაშფოთებელი მაგალითია. შეხვედრისას ელჩები მზია ამაღლობელის დაკავების სამართლებრივ ნიუანსებს გაეცნენ. ადვოკატების, ისევე როგორც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის შეფასებით, მისი წინასწარი პატიმრობა გაუმართლებელია. მზია ამაღლობელი მე-17 დღეა, შიმშილობს. ელჩებმა გამოთქვეს ღრმა შეშფოთება ამ საქმის გამო, რომელსაც მომავლში დააკვირდებიან“, — ნათქვამია ესტონეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ბნელი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში“, — დაწერა შეხვედრის შემდეგ ესტონეთის ელჩმა საქართველოში მარგე მარდისალუ-კაჰარმა.
„ევროკავშირის ელჩები შევხვდით ნესტან ცეცხლაძეს (ნეტგაზეთი) და ეთერ თურაძეს (ბათუმელები) მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს და მას დაცვა სჭირდება. მოვუწოდებთ უსაფუძვლოდ დაკავებულთა გათავისუფლებისკენ“, — წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.
„ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია. წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. ყველამ ვნახეთ გარტყმის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა?“ — დაწერა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა X-ზე, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ რედაქტორებთან შეხვედრის შემდეგ
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს.
ადვოკატების ცნობით, მეორე დაკავების შემდეგ, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, არ აძლევდა მას წყალსა და საპირფარეშოზე წვდომას. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მზია ამაღლობელის ბრალდებებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სამართალდამცველის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.