აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს. მის გარდა, სანქცირებულია მირზა კეზევაძე — გდდ-ს ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის [„ხარებას“] ერთ-ერთი მოადგილე.
შესაბამისი გადაწყვეტილება გამოქვეყნდა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე. ისინი სანქცირებული არიან მაგნიტსკის კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს ფინანსური აქტივების გაყინვას და აშშ-ში შესვლის შეზღუდვას.
მაგნიტსკის აქტი 2012 წელს მიიღეს და მასში ხვდებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, ვინც, ვაშინგტონის შეფასებით, მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში. ამავე აქტის საფუძველზე აქამდე დაასანქცირეს ზვიად ხარაზიშვილიც.