მოქალაქე გოჩა ჩალაური “მთავარ არხთან” ინტერვიუში ჰყვება, როგორ იყო ჩართული არჩევნების გაყალბების სქემაში. ის ასახელებს კონკრეტული ადამიანების სახელებს, მათ შორის, საჯარო მოხელეებს, რომელთა ჩართულობითა და მითითებებით იქმნებოდა გამყალბებელთა ჯგუფები.
ჩალაურის მონათხრობის მიხედვით, ადამიანები, რომელთა კოორდინაცია და მომზადება კენჭისყრის დღემდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს, არჩევნების დღეს სხვისი პირადი ნომრებით აძლევდნენ ხმას. ამ სქემის მიხედვით, 26 ოქტომბერს, ჩალაური სამ სხვა ადამიანთან ერთად გადაადგილდებოდა გორის რაიონის სოფლებში. საარჩევნო უბანთან მისულს მათ ხვდებოდათ მანქანა, რომლის მონაცემები წინასწარ იცოდნენ. იმ მანქანაში მყოფი პირი მათ აძლევდა პატარა ქაღალდს, რომელზეც იმ უბნის კონკრეტული ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი იყო მითითებული. ამ ქაღალდს ისინი საკუთარ პასპორტში დებდნენ და საარჩევნო უბანზე შედიოდნენ. როგორც ჩალაური ჰყვება, უბნის თავმჯდომარეები გაფრთხილებული იყვნენ და “თემოს ხალხს” უპრობლემოდ უშვებდნენ უბანზე, ასევე უპრობლემოდ იღებდნენ ისინი ბიულეტენებს, აფერადებდნენ #41-ს და აგდებდნენ ხმის მთვლელ აპარატში. რაც შეეხება მარკირებას, ჩალაური ამბობს, რომ ხან იკეთებდა, ხან- არა. რეგისტრატორი კომისიის წევრი ზოგჯერ მარკირების დასხმის იმიტაციას ქმნიდა და სითხეს ერთჯერად ხელსახოცზე ასხამდა, ზოგჯერ წყალს ასხამდა, ზოგჯერ საერთოდ არ ასხამდა და ა.შ.
გოჩა ჩალაურის თქმით, ამ სქემით გორის მუნიციპალიტეტის 30-მდე სოფელი მოიარეს და დაახლოებით ამდენჯერვე მისცეს ხმა მან და მასთან ერთად მანქანაში მყოფმა კიდევ სამმა პირმა ცალ-ცალკე. მისი თქმით, ეს მანქანები სოფლებისა და დასახლებების მიხედვით იყვნენ განაწილებული. ჩალაური ფიქრობს, რომ 26 ოქტომბერს მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში ამ სქემით, ჯამში, 120-130 მანქანა მოძრაობდა.
“მე მივდიოდი, გადავდიოდი, რომელი მანქანაც უნდა დამხვედროდა. ვიღებდი 4 კაცის პირად ნომერსა და გვარსა და სახელს, მომქონდა, ვაძლევდი ჩემს მეგობრებს მანქანაში. შევიდოდით საარჩევნო უბანზე, ვეტყოდით, რომ თემურის ხალხი ვართ, ხუბულურისა [სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შიდა ქართლში]. უკვე იცოდნენ. იქვე ავიღებდით ბიულეტენს, გავაფერადებდით. ხან მასხამდნენ ხსნარს, ხან- სალფეთქზე, ხან ისე კეთდებოდა ყველაფერი რა იმ წუთში. არც ეჭვი არავის შეუტანია, არაფერი. ჩავაგდებდით ბიულეტენს, გამოვდიოდით. მერე მივდიოდით მეორე სოფელში. ასეთი სოფელი ერთი 20-30 მოვიარეთ.
[…] იქა პასპორტს არც უყურებდნენ. მე, მაგალითად, ჩემი პასპორტით შევდიოდი. ვადაგასული იყო, საზღვარგარეთის პასპორტი. ფურცელს ნახავდნენ, პასპორტს უკან მაწვდიდნენ, ამ ფურცლიდან იწერდნენ პირად ნომერს და აი, მაგით ვაგდებდით ბიულეტენს. ალბათ … ყველა უბანში, სადაც სოფელში მივდიოდით, რომელ სოფელსაც მოვივლიდი, ყველა უბანზე შესული ვარ. ალბათ, ერთი 30 უბანზე შესული ვარ მარტო მე.
[…] ჰოდა, ბოლოს, ამ ფურცლებს მანქანაში ვაგროვებდი და რომ დავთვალე, 163 გამოვიდა მარტო ჩვენს მანქანაში და ჩვენნაირი მანქანები კიდე 4 იყო მარტო ჩვენი სოფლისა და დანარჩენი, სხვა სოფლებს სხვა მანქანები ჰყავდა. სხვათა შორის, არჩევნების დღემდე სხვა ფერის მანქანით დავდიოთ და უკვე არჩევნების დღეს სხვა ფერის მანქანით მივედით, რომ ალბათ, რა ვიცი, არ შეემჩნია ხალხს, თუ რა იდო მანქანაში, არ ვიცი. და ასე მოვიდა ეს ხელისუფლება, ჩვენში რომ ვთქვათ, დარჩა, დაიტოვა თავი. ძაან ბევრი გაყალბება იყო მომხდარი”, – ჰყვება გოჩა ჩალაური “მთავარ არხთან”.
ჩალაურმა ჩამოთვალა სოფლები, სადაც დილის 7-დან საღამოს, დაახლოებით 6 საათამდე იმოძრავეს: არცევი, სათემო, ახალდაბა, კარალეთი, ტყვიავი, მარანა, დიცი და ა.შ. ის ამბობს, რომ ამ სქემაში ჩართული იყვნენ ს.ს.ი.პ.-ებში [საჯარო სამართლის იურიდიული პირი] დასაქმებული ადამიანები – “სკვერს რომ ალაგებენ ქალები, ისინი იყვნენ ძალიან ბევრი”.
მისი თქმით, დაახლოებით საღამოს 6 საათზე შეასრულეს ის გეგმა, რაც მის ჯგუფს ჰქონდა დავალებული. ამ დროს მძღოლს დაურეკეს სავარაუდოდ “ქართული ოცნების” შტაბიდან და უთხრეს, რომ რამდენიმე უბანზე “უჭირდათ” და დახმარება სჭირდებოდათ. ამის შემდეგ გოჩა ჩალაურის ჯგუფი უშალოდ ქალაქ გორისკენ დაიძრა და იქ კიდევ სამ უბანზე გაიმეორეს იგივე სქემა, რითაც მთელი დღის განმავლობაში აყალბებდნენ არჩევნებს.
“გორში, ლტოლვილებში [დასახლება] ვიყავით, მე-7 სკოლაში და კომბინატში კიდევ ერთ-ერთ უბანზე, არ მახსოვს, რომელი უბანი იყო”, – ამბობს ჩალაური.
ჩალაურის მიერ დასახელებულ ადამიანებს შორის არიან შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე, თემურ ხუბულური და გორის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი. გელა ჩალაურის თქმით, მას პირადად შიოშვილი დაუკავშირდა და სთხოვა ამ სქემაში მონაწილეობა. “მთავარ არხთან” ჩალაურის მონათხრობი ორივემ უარყო. ისინი ირწმუნებიან, რომ ყველაფერი ტყუილია და თუ ვინმეს რამე ფაქტი აქვს, შეუძლიათ პროკურატურას მიმართონ.
“ნეტგაზეთმა” სწორედ პროკურატურაში სცადა გარკვევა, დაწყებულია თუ არა გამოძიება ამ საქმეზე. უწყებაში ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია.
გოჩა ჩალაური ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების სქემაში აქამდეც მონაწილეობდა. მათ შორის, წინა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე. ის ამბობს, რომ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არ აქვს საცხოვრებელი და მუდმივი სამუშაო ადგილი. “ქართული ოცნება” სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა პარტიისგან მიღებული ფინანსური დახმარება იყო არასტაბილური, დამოკიდებული იყო პერიოდსა და შესრულებულ საქმეზე და მერყეობდა 50-დან 500 ლარამდე.
“შიოშვილმა ერთხელ თავისი ჯიბიდან ამოიღო და 200 ლარი მომცა. არჩევნების ბოლოს, როცა დამათავრდა უკვე ყველაფერი, 500 ლარი მომცეს და 100 ლარი მომცა თემო ხუბულურმა […] ჩარიცხვით, ერთხელ ჩამირიცხა [თამაზ] შიოშვილმა მერიის სახელით. თავისი სახელი და გვარით არაფერი. განცხადება დამაწერინა, ვითომ ერთჯერადი დახმარება მინდოდა და 300 ლარი ჩამირიცხა მაშინ. იმის მერე უკვე ხელზე მაძლევდნენ ფულს […]
მოთავეები ვინც იყვნენ, ცალკე იკრიბებოდნენ. თუ რამე გეგმა იყო, ჩვენ მაშინ გვეუბნებოდნენ. აი, ვთქვათ, ხვალ მიტინგია, ამდენი კაცი უნდა შეგროვდეს. მაგალითად, შენ 10 კაცი უნდა მოიყვანო, შენ 15 კაცი უნდა მოიყვანო და ასე. მეც ვნახულობდი ხოლმე, ბიჭებს, ვიღაცებს და მეც მიმყავდა ხოლმე. ბოლოს რომ დიდი მიტინგი იყო “ოცნებისა” [23 ოქტომბერს], მაშინაც ვიყავი. 20-20 თუ 30-30 ლარი დაგვირიგეს მაშინ და წამოვიყვანე მეც ერთი 7 კაცი”, – ამბობს გოჩა ჩალაური.
მისი თქმით, გაყალბების სქემისთვის ჯგუფების მობილიზება “ქართულმა ოცნებამ” გაზაფხულიდან დაიწყო. მიმდინარე წლის მაისიდან ისინი პერიოდულად იკრიბებოდნენ პარტიის ახალგაზრდული შტაბის ოფისში, გორში და იღებდნენ გარკვეულ დავალებებს, ზოგჯერ კი ფულს – 50, 60, ან 80 ლარს, ზოგჯერ – 100-საც.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, მათთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ გოჩა ჩალაური პირდაპირ აეროპორტში წავიდა, რადგან ფიქრობს, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ მას საქართველოში საფრთხე ემუქრება.
“[თამაზ] შიოშვილს ვურეკავდი. ამასთან მქონდა უშუალოდ შეხება მე, ამ შიოშვილთან. იმიტომ, რომ ეგ იყო მერის მოადგილე და ეგ წყვეტდა ბევრ რამეს. მეტყოდა ხოლმე, იქ გაგაგზავნი [სამკურნალოდ], ესე იქნება, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებია. დაპირება, დაპირება, დაპირება და ბოლო-ბოლო, მეც მივხვდი, რომ ამ ტყუილში რამდენი ხანი უნდა ვიცხოვრო?! თვითონ არაფერს იკლებენ და კანონიერად მეკუთვნოდა მე ყველაფერი, მაგრამ არაფერი არ გააკეთე.”, – უამბობს გელა ჩალაური “მთავარ არხს”.
ინტერვიუს სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
