პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეული არ არიან.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ერთი მხრივ, არჩევნები და პარლამენტის პირველი სხდომა შიდასახელმწიფოებრივი საკითხია, მეორე მხრივ კი, საჭიროა „უცხოელების არასწორი გავლენის“ მინიმუმამდე დაყვანა.
„არა, არ მომიწვევია [ელჩები]. მოწვევები უკვე დავაგზავნე გუშინწინ. სხდომაზე მოწვეული არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. ელჩები პირველ სხდომაზე მოწვეულნი არ არიან, ვინაიდან ეს გახლავთ ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი საკითხი, რაც შეეხება არჩევნებს და პარლამენტის პირველ სხდომას… და მათ შორის, უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტი“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რეპლიკაზე, ელჩები არ დაპატიჟა იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო, ისედაც არ მოვიდოდნენ, პაპუაშვილმა უპასუხა: „არა, ეს არის ზოგადი მიდგომა, რომელიც მნიშვნელოვანია, პარლამენტს ჰქონდეს, რადგან ასეთი პროცესების ინსტრუმენტალიზება ხდება“.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დიპლომატიურ კორპუსს ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე არ იწვევენ. 2020 წელს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც საპროტესტო აქციის პარალელურად გაიმართა, 26 ქვეყნის და 5 საერთაშორისო ორგანიზაციის დიპლომატიური წარმომადგენლობები ესწრებოდნენ, მათ შორის, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.
გუშინ, 21 ნოემბერს, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართა, არ დაესწრონ ახალი პარლამენტის პირველ სხდომას და არ მისცენ ლეგიტიმაცია ახალ პარლამენტს იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა.