საზოგადოება

პაპუაშვილმა დაასახელა თარიღი, როდის გაიმართება პარლამენტის I სხდომა

22 ნოემბერი, 2024 •
პაპუაშვილმა დაასახელა თარიღი, როდის გაიმართება პარლამენტის I სხდომა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

„სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, დაიწყება 12:00 საათზე“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ისაუბრა პირველი სხდომის დეტალებზე. თქვა, რომ სხდომას წარუძღვება უხუცესი დეპუტატი ლადო კახაძე.

„პირველ სხდომაზე გვექნება სამი ძირითადი საკითხი: პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა, თავმჯდომარის და მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პირველივე სასესიო კვირის დღის წესრიგში იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის დანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.

ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ შესძენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი