კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ბარიერგადალახული ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა შექმნან ერთობა, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს და პირობითად „სახალხო პარლამენტად“ მოიხსენიება. სალომე ზურაბიშვილი კი ამ ალტერნატიული პარლამენტის საპატიო თავმჯდომარედ მოიაზრება.
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლესთან, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.
„არჩეულია ოპოზიციური პარტიებიდან დეპუტაცია, რომელმაც მოიგო არჩევნები. შესაბამისად, გარდა გარეთ ქუჩაში ან შენობებში პროტესტისა, ჩვენ უნდა შევქმნათ სივრცე, სადაც დავანახებთ ამომრჩეველს და საზოგადოებას, რომ შეგვიძლია უამრავი საკითხის ერთობლივი გადაწყვეტა და, რაც ყველაზე მთავარია, ლეგალურად, მშვიდობიანად ახალი არჩევნების მიღწევა. ამისთვის საჭიროა არჩეული ოპოზიციური დეპუტატების ერთად შეკრება. სწორედ აქ ვიწვევთ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან გაუწიოს ამ გაერთიანებას, რომლის სახელი პირობითია, „სახალხო პარლამენტი“ იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ამას ერთობლივად გადავწყვეტთ, საპატიო თავმჯდომარეობა.
პირველი, რაც უნდა გააკეთოს ამ თავყრილობამ, სახალხო საბჭომ თუ ალტერნატიულმა პარლამენტმა, არის ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს დააკომპლექტებინოს სპეციალური ჯგუფი, დელეგაცია, რომელიც გაემგზავრება და ჩვენს პარტნიორებს წარუდგენს ოპოზიციური პარტიების და ჩვენი ამომრჩევლის ხმას მიტაცებული, გაყალბებული არჩევნების შესახებ“, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პრეზიდენტ ზურაბიშვილთან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება.
მამუკა ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პროტესტი სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას უნდა გაგრძელდეს, სანამ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა არ იქნება მიღწეული.