თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ოპოზიციური პარტიები კარვებს შლიან და 24 საათიან უწყვეტ პროტესტს აანონსებენ.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრები ვაკის პარკთან შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს ჭავჭავაძის გამზირზე.
თავდაპირველი ინფორმაციით, ისინი გეგმავდნენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთაან შეერთებას, თუმცა მოულოდნელად თსუ-ს პირველ კორპუსთან კარვის გაშლა დაიწყეს და განაცხადეს, რომ იქ აპირებენ ღამის გათენებას და უწყვეტ პროტესტს.
პარალელურად აქცია მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის შენობასთან – იქ იმყოფებიან მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები და ოპოზიციური პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრები და მხარდამჭერები.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ინფორმირებული არ იყვნენ 24 საათიან პროტესტთან დაკავშირებით – “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუმცა “იქნება სხვადასხვა ფორმის პროტესტი”.
საბოლოოდ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე და შეუერთდნენ უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს.
პროტესტის შედეგედად გადაკეტილია ვარაზისხევი, ჭავჭავაძის გამზირი.