დღეს, 11 ნოემბერს, ოპოზიციის ნაწილმა საერთო ფორმატზე შესათანხმებლად კონსულტაციები გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლები.
როგორც მათ შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, საერთო ფორმატზე შეთანხმება უცხოელი პარტნიორების რჩევაც იყო. ნეტგაზეთის ინფორმაციით, საუბარია გარკვეული ტიპის ერთობაზე ან საბჭოზე, რომელსაც სტრუქტურული შინაარსიც უნდა ჰქონდეს.
როგორც ენმ-ის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, საერთო ფორმატზე იმსჯელებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.
„პარტნიორებს ნამდვილად სურთ, რომ ოპოზიცია, რომელიც დღეს არის უპრეცედენტოდ ერთიანი, ერთი ხმით საუბრობდეს უცხოელ პარტნიორებთან. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლება რეალურად არის პოლიტიკურ იზოლაციაში.
გუშინდელი დელეგაცია პრეზიდენტსაც შეხვდა და სავარაუდოდ, მასთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე. ასევე იცით, რომ ჩვენ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პრეზიდენტთან და, ბუნებრივია, შემდეგ შეხვედრაზე ესეც იქნება განხილვის საგანი…
გახარიას პარტიის წარმომადგენელი გუშინ იმყოფებოდა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე, მან მოისმინა ეს მოწოდება, დანარჩენს, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას თავად აცნობებენ“, – განუცხადა „ტვ პირველს“ თინა ბოკუჩავამ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ზუსტი ფორმატი შეთანხმებული არ არის.
„ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, საერთოდ რა სახე შეიძლება ამას მიეცეს. ამიტომ ახლა კონკრეტულ დეტალებზე საუბარი, ვინ ჩაერთვება და ვინ მიიღებს მონაწილეობას, გამიჭირდება. ყველანაირი ვერსია განიხილება და საბოლოო ჯამში იმაზე შევთანხმდებით, რაც ყველაზე ოპტიმალური გამოვა…
რის გამოც ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, არის გარეთ ჩვენს მეგობრებთან კომუნიკაცია, რომ არ იყოს ოთხი სხვადასხვა [ოპოზიციური] ჯგუფი ცალ-ცალკე მათთან სასაუბროდ და არსებობდეს ერთი ხმა, რომელიც მთლიანობაში გამოხატავს ოპოზიციას. მათთვისაც, რომ მარტივი იყოს ჩვენთან კომუნიკაცია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველთან“.
„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საერთო ფორმატი ოპოზიციას გაუმარტივებს როგორც უცხოელ პარტნიორებთან, ისე მოქალაქეებთან კომუნიკაციას.
„საქართველოს პრეზიდენტის როლი ერთიან ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანია და „ძლიერ საქართველოს“ აქვს მზაობა, რომ არსებობდეს ერთიანი გზავნილები როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაციაში“, – განუცხადა „ტვ პირველს“ ირაკლი კუპრაძემ.
ოპოზიციის შეხვედრას არ ესწრებოდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“. როგორც პარტიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, ეს არ ნიშნავს, რომ საერთო ოპოზიციურ ფორმატზე კონსულტაციებში მათი მონაწილეობა გამორიცხულია.
„როგორც იცით, პროცესში ვართ. აქციებში ვმონაწილეობთ. მტკიცებულებები გავუზიარეთ და ვაგრძელებთ კომუნიკაციას საერთო მიზნისთვის – მოპარული ხმების დაბრუნება. ის, რომ დღეს არ ვართ, არ ნიშნავს, რომ პროცესში არ ვართ“, – განუცხადეს ნეტგაზეთს პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“.
ნეტგაზეთი ზემოხსენებულ პარტიებთან ცდილობს დაზუსტებას, ამ პოტენციურ ფორმატში მოიაზრებენ თუ არა იმ პარტიებსაც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს და ხომ არ აპირებენ მათთან მოლაპარაკებების დაწყებასაც.








