5 ნოემბერს აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო და საფოსტო ყუთებთან ამერიკელები გადაწყვეტენ, თუ ვინ ჩაიბარებს ოვალურ კაბინეტს და შეეცდება, დაძლიოს მთელი რიგი შიდა თუ საგარეო პრობლემები.
მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატი მრავლადაა, გამარჯვების რეალური შანსი, ორპარტიული პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე, მხოლოდ ორ ადამიანს აქვს— რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს და დემოკრატიული პარტიის რჩეულ კამალა ჰარისს.
ტრამპმა, პროგნოზების საწინააღმდეგოდ, 2016 წელს ჯერ რესპუბლიკელთა პრაიმერში [შიდაპარტიული არჩევნები] გაიმარჯვა, შემდეგ კი „გენერალურ ბრძოლაში“ ჰილარი კლინტონს სძლია. 2020 წელს ჯო ბაიდენთან მარცხი მან არ აღიარა და ახლა ცდილობს, მეორე ვადით დაიკავოს თეთრი სახლი.
თავის მხრივ, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ალბათ, არ ელოდა, რომ წელს იყრიდა კენჭს, თუმცა ივნისის დებატებში ჯო ბაიდენის ცუდი გამოსვლის შემდეგ სწორედ ის დასახელდა დემოკრატთა კანდიდატად.
გამოკითხვების და ანალიტიკოსების პროგნოზების თანახმად, შანსები თითქმის თანაბარია – ტრამპს ოდნავი უპირატესობა აქვს.
კანდიდატების გზა არჩევნებამდე
დონალდ ტრამპი 1946 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. მამამისი, ბიზნესმენი ფრედ ტრამპი ძირითადად უძრავი ქონებით იყო დაინტერესებული. 1971 წელს დონალდ ტრამპი მამამისის ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. საკუთარი ბიზნესი, როგორც ტრამპი ამბობს, „პატარა სესხით, 1 მილიონი დოლარით დაიწყო“, ხოლო კრედიტორი იყო მამამისი, ფრედ ტრამპი.
ტრამპის ყოფილი პრეს-სპიკერის, სარა ჰაკაბი სანდერსის თქმით, თანხა პრეზიდენტმა მამას დაუბრუნა [თუმცა, თუ სანდო და გავლენიან გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსს“ დავუჯერებთ, ტრამპმა მამისგან 60 მილიონი დოლარი მიიღო, რაც დღეს 140 მილიონის ეკვივალენტი იქნებოდა, ხოლო ფულის დიდი ნაწილი ფრედ ტრამპს უკან აღარ მიუღია].
1971 წელს ტრამპი მამამისის უძრავი ქონების კომპანია Trump Management-ის პრეზიდენტი გახდა.
მაშინ, როცა ტრამპი ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდა, კამალა ჰარისი სკოლაში სწავლობდა. იგი 1964 წელს ემიგრანტების ოჯახში დაიბადა – დედამისი, პროფესიით ბიოლოგი, ინდოეთიდან ჩავიდა აშშ-ში, ეკონომისტი მამა კი – იამაიკიდან.
იურიდიული განათლების მიღების შემდეგ ჰარისმა სამართალდამცავ სისტემაში დაიწყო მუშაობა. 2002 წელს სან-ფრანცისკოს საოლქო პროკურორად აირჩიეს, 2010 წელს კი, შტატ კალიფორნიას გენერალურ პროკურორად.
ფედერალური დონის პოლიტიკაში ჰარისი 2017 წლიდან ჩნდება – მას შემდეგ, რაც 2016 წელს კალიფორნიის სენატორის არჩევნებში გაიმარჯვა. სენატში ჰარისმა ოთხ წელიწადს დაჰყო.
2020 წელს მას დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობაც სურდა, მაგრამ შიდაპარტიულ არჩევნებში ჯო ბაიდენი გამოდგა გამარჯვებული. ჰარისი ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა თავის ვიცე-პრეზიდენტად დაასახელა.
პოლიტიკური განსხვავებები
არჩევნების ძირითადი თემა შიდაპოლიტიკური საკითხებია – უმთავრესი მათგანი კი მიგრაციაა. ტრამპი, რომელიც წინა ორ კამპანიაშიც საკმაოდ აქტიურობდა მიგრაციის თემაზე და მის არალეგალურ ფორმებთან ბრძოლის პირობას დებდა, ამჟამად ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციას აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე კატასტროფის დაშვებაში და ქვეყანაში „კრიმინალების“ შეშვებაში ადანაშაულებს. ტრამპი კვლავაც ამბობს, რომ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში ეს ეფექტიანი იქნება, ხოლო ვინც აშშ-ში არალეგალურად არის, დეპორტირებული იქნება [მსგავსი დაპირება მან 2016 წელსაც გასცა, თუმცა მასობრივი დეპორტაციები არ შედგა].
ჰარისიც საუბრობს რთულ საიმიგრაციო სიტუაციაზე და აცხადებს, რომ ამ საკითხში ტრამპზე კიდევ უფრო მკაცრია. ჰარისი აცხადებს, რომ უზრუნველყოფს საზღვრის უფრო მეტ დაცვას, ხოლო არალეგალურად მიგრირებულ ადამიანებს მოქალაქეობის მიღების საშუალებას გაუჩენს.
ეკონომიკურ საკითხებში ტრამპსა და ჰარისს რესპუბლიკელებისთვისა და დემოკრატებისთვის ჩვეული პოზიციები და ბრალდებები აქვთ – ტრამპი ამბობს, რომ ეკონომიკა საშინელ ვითარებაშია და ამომრჩეველს ამის გამოსწორებას ჰპირდება, ჰარისი კი აცხადებს, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ბევრი სასიკეთო რამ მოხდა და მისი არჩევის შემთხვევაში ასეც გაგრძელდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა აბორტის უფლება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს გააუქმა, რის შედეგადაც შტატებმა საკითხის რეგულირების საშუალება თავად მიიღეს. ჰარისი ემხრობა აბორტის უფლების ხელახალ ფედერალიზაციას. ტრამპის პოზიცია ამ საკითხზე ხშირად იცვლებოდა – უკანასკნელი ცნობებით, ის ამბობს, რომ არ დაუჭერს მხარს აბორტის ფედერალურ დონეზე აკრძალვას, თუმცა ემხრობა, რომ საკითხი კვლავაც შტატების კომპეტენციაში დარჩეს.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის თემებს, პირველ პლანზე ისრაელია, მეორეზე კი, უკრაინა. ორივე კანდიდატი ამბობს, რომ მხარს უჭერს ისრაელს, თუმცა ტრამპი ჰარისსა და ბაიდენს ისრაელის არასაკმარისი მხარდაჭერაში ადანაშაულებს. კრიტიკულადაა განწყობილი ჰარისის მიმართ დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა გარკვეული ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება ისრაელის დახმარებას.
რაც შეეხება უკრაინას, ჰარისი, დიდი ალბათობით, ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელ კურსს გააგრძელებს. უცნობია, კონკრეტულად რას იზამს ტრამპი – მისი განცხადებები უკრაინაზე ხშირად ურთიერთგამომრიცხავი იყო, თუმცა მიმდინარე წლის ზაფხულში უკრაინისთვის თითქმის 60-მილიარდინი დახმარების პაკეტის გამოყოფას ტრამპმა მხარი დაუჭირა.
ვიცე-პრეზიდენტები — ვინ შეცვლის ტრამპს ან ბაიდენს საჭიროების შემთხვევაში?
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დიდწილად ცერემონიული თანამდებობაა, მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გარკვეული გარემოებების შემთხვევაში, სწორედ ის გახდეს ამერიკის პრეზიდენტი. მაგალითად, პრეზიდენტის გადადგომის/გარდაცვალების ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში.
ამ ყველაფერთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი არაა და აშშ-ის კონგრესის სენატის პრეზიდენტის პოსტსაც იკავებს. მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს იმ შემთხვევაში, თუ სენატში ხმები თანაბრად გაიყოფა — ამ დროს გადამწყვეტ ხმას სწორედ ვიცე-პრეზიდენტი აძლევს.
ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას მნიშვნელობა აქვს არჩევნებზეც. ხშირ შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტმა პარტიის კანდიდატების დაბალანსების ფუნქცია უნდა შეასრულოს: მაგალითად, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი ახალგაზრდაა, ვიცე-პრეზიდენტად შეიძლება შეარჩიონ შედარებით ხანდაზმული და გამოცდილი პოლიტიკოსი, ან პირიქით.
დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტად სენატორი ჯეი დი ვენსი აირჩია – 40 წლის რესპუბლიკელი, რომელიც ცნობილი გახდა თავისი წიგნით – „სოფლელის ელეგია“. პოლიტიკურ პოზიციებში მათ შორის დიდი განსხვავება არაა, თუმცა 2016-ში ვენსი ტრამპის მოწინააღმდეგე იყო და მას ჰიტლერსაც კი ადარებდა.
კამალა ჰარისმა მინესოტის გუბერნატორზე, ტიმ უოლცზე შეარჩია არჩევანი. შტატის დონეზე უოლცმა დემოკრატებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროგრამა მიიღო, მიუხედავად ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ მცირე უმრავლესობისა.
პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ კოლეგია ირჩევს? – რა არის საარჩევნო კოლეგია
შეერთებულ შტატებში პრეზიდნეტის არჩევის სისტემა განსხვავდება მსოფლიო ანალოგებისგან. კერძოდ, მოქალაქეები ირჩევენ საარჩევნო კოლეგიის წევრებს თავიანთი შტატიდან, ხოლო კოლეგია — პრეზიდენტს.
მთლიანობაში, კოლეგია შედგება 538 წევრისგან. თითოეული შტატის კოლეგია წარმოდგენილია იმდენივე ამომრჩევლით, რამდენითაც კონგრესში [ვაშინგტონის ფედერალური ოლქის გარდა — მას ჰყავს სამი წარმომადგენელი ოლქში, თუმცა არ ჰყავს ხმის უფლების მქონე წარმომადგენელი კონგრესში].
საარჩევნო კოლეგიის კიდევ ერთი სპეციფიკური მახასიათებელი ისაა, რომ კანდიდატმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება გამარჯვებულზე მეტი ხმა მოიპოვოს, მაგრამ მაინც წააგოს. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა 2016, 2000, 1888 და 1876 წელს.
გამარჯვებისთვის კანდიდატს სჭირდება მინიმუმ 270 ხმა. შესაძლებელია, რომ საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვოს [იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ შემთხვევაში, ქვევით მოგიყვებით].
სუბიექტების უმრავლესობაში მუშაობს სისტემა, რომელსაც უწოდებენ „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“ [Winner takes all]. ეს ნიშნავს, რომ თუ, პირობითად, ფლორიდას შტატში ჰარისი 5 მილიონ ხმას მიიღებს, ხოლო ტრამპი 5 მილიონსა და ერთს, კოლეგიის ყველა ამომრჩევლის ხმას ასევე ტრამპი მიიღებს. ეს სისტემა არ მოქმედებს მხოლოდ ორ შტატში — მენსა და ნებრასკაში.
ყველა შტატი მნიშვნელოვანი არაა – ანუ, რას წარმოადგენენ მერყევი შტატები
როგორც წესი, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ცნობილია, თუ რომელი კანდიდატი რომელ შტატს მოიგებს. მაგალითად, ორეგონის შტატი, ფაქტობრივად გარანტირებულად, ჰარისს აირჩევს, კენტუკიში კი ტრამპი იმარჯვებს.
არჩევნების ბედს წყვეტენ ე.წ. მერყევი შტატები [swing states], რომლებშიც გამარჯვების შანსი ორივე კანდიდატს აქვს. ამ არჩევნებში მერყევი შტატები შემდეგია:
- არიზონა — 11 წარმომადგენელი კოლეგიაში;
- ჩრდილოეთ კაროლინა — 16 წარმომადგენელი კოლეგიაში;
- ჯორჯია — 16 წარმომადგენელი კოლეგიაში;
- ნევადა — 6 წარმომადგენელი კოლეგიაში;
- მიჩიგანი — 15 წარმომადგენელი კოლეგიაში;
- უისკონსინი — 10 წარმომადგენელი კოლეგიაში;
- პენსილვანია — 19 წარმომადგენელი კოლეგიაში;
შეიძლება, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვოს 270 ხმა – რა ხდება მაშინ?
თეორიულად, ასეთი რამეცაა შესაძლებელი. თუმცა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ასეთი რამის ალბათობა ძალიან დაბალია.
ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტს აირჩევს წარმომადგენელთა პალატა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტს — სენატი. თუმცა, თუ ვიცე-პრეზიდენტის არჩევაში სენატის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას, პალატა განსხვავებული წესით ირჩევს პრეზიდენტს.
თითოეული შტატის დელეგაციიდან ხმას 1 ადამიანი მისცემს. ანუ, კალიფორნიის 53 წარმომადგენლის და პირობითად, უაიომინგის ერთი კონგრესმენის ხმა თანაბარი იქნება. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ის, თუ რომელი პარტიის წევრები იქნებიან უმრავლესობაში შტატების დელეგაციაში.
გარეკანის ფოტო: EPA







