აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ბიძინა ივანიშვილს “რუსეთის მარიონეტს” უწოდებს და მის დასანქცირებას ითხოვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
“რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს. შეერთებულმა შტატებმა ის უნდა დაასანქციროს ბოლოს და ბოლოს, როგორც ეს მე და სპიკერმა ჯონსონმა მოვითხოვეთ 2020 წელს”, – დაწერა უილსონმა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და დონალდ ტრამპის მხარდამჭერია. ჯო უილსონის მიერაა მომზადებული ე.წ. მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება – ის ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას, თუ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, საპირისპირო შემთხვევაში კი- სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.
რაც შეეხება მაიკ ჯონსონს, ვისაც ის პოსტში ახსენებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ერთ-ერთია იმ 13 რესპუბლიკელ კონგრესმენს შორის, რომლებიც 2020-ში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების ინიციატივით გამოდიოდნენ. ჯონსონიც დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეა.