დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება.
სასამართლომ დაადგინ,ა რომ „არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარეების შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
ამავე გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ოთხივე კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც სასამართლოში იყო შესული.
რუსულ კანონზე საკონსტიტუციოში დავობს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, 8 მოსამართლიდან ორს ჰქონდა განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ.
„საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
კიდევ ერთ მოსამართლეს კი განსხვავებული აზრი აქვს დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით.
„საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით“ ,– ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
მოსამართლეთა მიერ დაწერილი განსხვავებული მოსაზრებები ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე სამი დღის განმავლობაში, 29-31 აგვისტოს, უსმენდა მოსარჩელეებს, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგენ და სცადეს სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან და ანადგურებს საქართველოს ევროპულ მომავალს.
ოთხივე მოსარჩელე ითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა რუსული კანონი. მოსარჩელეთა თქმით, ამ შემთხვევაში, გადარჩებოდა სამოქალაქო და მედიასექტორში მომუშავე ასობით ორგანიზაცია.
დღეს, 9 ოქტომბერს, გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით გაირკვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა ოთხოვნა სადავო ნორმების ნაწილში შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე, არსებითად განსახილველად მიიღო ოთხივე სარჩელი.
