საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ნაწილი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკონსულო აღრიცხვაზეც დგანან და პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტიც აქვთ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
აფხაზეთიდან დევნილმა ლადო სამუშიამ, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და არჩევნებზე წასვლასაც გეგმავდა, აღმოაჩინა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში არაა.
„დიდი ხანია ვმუშაობ ამერიკაში ლეგალურად. მაქვს ქართული პირადი ნომერი, პასპორტი, პირადობა, რეგისტრირებული ვარ საქართველოს საკონსულოში (ნიუ იორკი). წალენჯიხაში მაქვს სახლი, რომელიც რეესტრში ჩემს სახელზეა გატარებული. მოკლედ, ტყეში გავარდნილი აბრაგი არ ვარ. ვარ პატიოსანი მოქალაქე და სახელმწიფომ იცის, რომ ნამდვილად ვარსებობ.
მინდოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ვიყიდე კანზას-ნიუ-იორკის ავიაბილეთი, დავჯავშნე სასტუმრო. ვიფიქრე, მივალ უბანზე, ვაჩვენებ პასპორტს და მივცემ ხმას. თითქოს მარტივია, მაგრამ ნურას უკაცრავად. როგორც აღმოჩნდა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ იმიტომ, რომ ცესკოს სიაში არა ვარ და ამასთან, არ არსებობს არანაირი გზა ცესკოს სიაში მოხვედრის“, – წერს სოციალურ ქსელში ლადო სამუშია.
ლადო სამუშიას თქმით, მიზეზი, რის გამოც ამომრჩეველთა სიაში ვერ მოხვდა, ისაა, რომ ოფიციალურად რეგისტრირებულია სოხუმის მისამართზე.
„ამ მისამართით ხმას ვერ მისცემ იმიტომ, რომ სოხუმი ოკუპირებულიაო. თუ გინდა სხვა მისამართზე დარეგისტრირდე (მაგალითად, აშშ – ში ან წალენჯიხაში), უნდა მიმართო იუსტიციის სამინისტროს, რომელიც დაგარეგისტრირებს, მაგრამ სოხუმის მისამართს ამოშლისო. სოხუმის მისამართის დატოვება და დროებით/ფაქტობრივ სხვა მისამართზე რეგისტრაციის უფლება შენით არ გაქვსო. ეს უნდა გააკეთოს დევნილთა სამინისტრომო.
დევნილთა სამინისტრომ ამას ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ დევნილის სტატუსი შეჩერებული გაქვსო. დევნილის სტატუსი შეჩერებული იმიტომ გაქვს, რომ უცხოეთში ცხოვრობ და მუშაობ დიდი ხანიაო. მაგრამ უცხოეთში ვერ დარეგისტრირდები იმიტომ, რომ სოხუმში ხარ რეგისტრირებულიო.
ანუ, თელაველი რომ ვიყო, შევძლებდი ნიუ იორკიდან ხმის მიცემას, მაგრამ რადგან სოხუმელი ვარ, არ შემიძლია.
დევნილთა სამინისტრო ჩემს ფაქტობრივ მისამართს ვერ ამატებს სიაში იმიტომ, რომ მაგათ თვალში ოფიციალურად დევნილი არ ვარ, მაგრამ ამავე დროს ნიუ-იორკის საკონსულო ვერ მამატებს სიაში იმიტომ, რომ სოხუმიდან ვარ.
თქვენ გაიგეთ რამე? ვერც მე. ჰოდა, მე არაფერი არ მიჭირს. ჩავალ ნიუ-იორკში და ერთი დღე ბროდვეიზე გავისეირნებ, მაგრამ თქვენ ასე აპირებთ ღირსებით ევროპაში შესვლას?“ – წერს ლადო სამუშია სოციალურ ქსელში.
რას ამბობს ცესკო
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის თქმით, საარჩევნო უფლება უნივერსალური არაა და იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, კანონით გათვალისწინებულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.
მისი თქმით, დევნილი მოქალაქე, რომელსაც არ აქვს ფაქტობრივი მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე და მასზე ინფორმაციას ცესკოს არ აწვდის დევნილთა სამინისტრო, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდება.
„ამომრჩეველი თუ არ არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ის სპეციალურ სიაში ვერ შედის და სპეციალურ სიაში შედის საზღვარგარეთ მყოფი ყველა ამომრჩეველი“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
კითხვაზე, ახლა რატომ გაიგეს დევნილებმა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე პასუხობს: „როგორიც არის განაწესი, ის არის ახსნილი“.
მისი თქმით, როცა დევნილები დაინტერესდნენ და ცესკოს დაუკავშირდნენ, ცესკომ ინფორმაცია მაშინ მიაწოდა.
„ჩვენ ვთქვით, ეტაპების და ნაბიჯების მიხედვით რა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. აუცილებელი პირობა არის ის, რაც არის კანონის განაწესი…
ძალიან უხერხულია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი კამპანია. როცა დაინტერესდნენ [დევნილები], გაიგეს [შეძლებდნენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას]. ვინც დაგვიკავშირდა, მათ მიიღეს კანონისმიერი განმარტება“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
ნეტგაზეთი ცდილობს კომენტარის მიღებას ჯანდაცვის სამინისტროდან, რომელსაც დევნილების საკითხები ეხება.
გარდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოქალაქეებისა, ამომრჩეველთა სიაში თავს ვერ პოულობს საკონსულოებში რეგისტრირებული სხვა ქართველი ემიგრანტების ნაწილიც და ხმის უფლებისთვის იბრძვის.
“ნეტგაზეთი” საზღვარგარეთ მცხოვრებ არაერთ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომლებმაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვეს. ისინი კანონის თანახმად რეგისტრირებული არიან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში, თუმცა, იმის გამო, რომ ამომრჩეველთა სიაში არ არიან, შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ. პრეზიდენტის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან მისი შვილი და ძმისშვილებიც.
მათ ნაწილს ცესკოში უპასუხეს, რომ ისინი თავიანთი უბნების სპეცსიაში იქნებიან, თუმცა ემიგრანტები მხოლოდ განმარტებას არ ენდობიან და იმაში დასარწმუნებლად, რომ ხმის მიცემას ნამდვილად შეძლებენ, საარჩევნო ადმინისტრაციისგან ოფიციალურ დადასტურებას ითხოვენ.