საზოგადოება

ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიაში თავს ვერ პოულობს – რა ხდება?

27 სექტემბერი, 2024 •
ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიაში თავს ვერ პოულობს – რა ხდება?

საკონსულოებში რეგისტრირებული ქართველი ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა  სიაში თავს ვერ პოულობს და ხმის უფლებისთვის იბრძვის – შეძლებენ თუ არა ისინი არჩევნებში მონაწილეობას და თუ ვერ, ვისი პასუხისმგებლობაა?


“ნეტგაზეთი” საზღვარგარეთ მცხოვრებ არაერთ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომლებმაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვეს.  ისინი კანონის თანახმად რეგისტრირებული არიან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში, თუმცა იმის გამო, რომ ამომრჩეველთა სიაში არ არიან, შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ.

მათ ნაწილს ცესკოში უპასუხეს, რომ ისინი  თავიანთი უბნების სპეცსიაში იქნებიან, თუმცა ემიგრანტები მხოლოდ განმარტებას არ ენდობიან და იმაში დასარწმუნებლად, რომ  ხმის მიცემას ნამდვილად შეძლებენ,  საარჩევნო ადმინისტრაციისგან ოფიციალურ დადასტურებას ითხოვენ.

რა არის ამომრჩეველთა ერთიანი სია

ამომრჩეველთა ერთიანი სია არის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება საქართველოს მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; იძულებით გადაადგილებული პირისთვის აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება: „საკონსულო აღრიცხვაზეა“ , ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იძულებით გადაადგილებული პირები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ერთ-ერთი მონაცემი, რის მიხედვითაც ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება, არის საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან.

რაც შეეხება ამომრჩეველთა სპეციალურ სიას, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აქ ხვდებიან ისეთი ამომრჩევლებიც, რომლებიც კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში იმყოფებიან; რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან. აგრეთვე, ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა ( ამ შემთხვევაში 7 ოქტომბრის ჩათვლით) რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

რა ხდება საზღვარგარეთის სიებში

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, რომელმაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავი ვერ იპოვა, არის თამარა დემურია.  ის აფხაზეთიდან დევნილია და  ორმაგი მოქალაქეობა აქვს – საქართველოსა და საფრანგეთის. როგორც  ნეტგაზეთს უყვება, საქართველოს რამდენიმე არჩევნებში მიუღია მონაწილეობა მას შემდეგ,  რაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

დემურიას თქმით, საკონსულო აღრიცხვაზეც დგას, რაც უცხოეთში ხმის მიცემისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა, თუმცა ამის მიუხედავად ამომრჩეველთა ერთიან სიაში არაა.

თამარა დემურიას მოქმედი პირადობის მოწმობა არ აქვს, მაგრამ აქვს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, რომელიც სექტემბრის დასაწყისში აიღო და რითიც, კანონის თანახმად,  არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია.

„მე 24 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ, წლების წლის წინ გავხდი საფრანგეთის მოქალაქე. ამ დროს დავკარგე საქართველოს მოქალაქეობა და შემდეგ თავიდან მოვითხოვე. დღეს მაქვს ორმაგი მოქალაქეობა. აგრეთვე ვარ აფხაზეთიდან დევნილი. თუმცა აფხაზეთიდან დევნილები როცა გავდივართ 6 თვეზე მეტს საზღვარგარეთ, გვიჩერდება ჩვენი სტატუსი.  ჩემი პირადი ნომერი, მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ, 01-ით იწყება, რაც ნიშნავს, რომ საერთოდ დევნილი აღარ ვარ.

საკონსულო აღრიცხვაზე ვდგავარ და რომ გადავამოწმე ცესკოზე ჩემი თავი, აღმოჩნდა, რომ არ ვიძებნები. მეგონა, რომ დევნილობის პრობლემა იყო. დავუკავშირდით შესაბამის უწყებებს: დევნილთა სამინისტროს, ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს“, – აცხადებს თამარა დემურია.

მისი თქმით, ყველა უწყებისგან ერთმანეთისგან გამომრიცხავი პასუხი მიიღო.

„თავიდან აღმოჩნდა, რომ იმის გამო, რომ მხოლოდ აფხაზეთის მისამართი მაქვს პირადობაში, რომელსაც ვადა აქვს გასული და თბილისში აღარ გვაქვს ჩაწერა. აქამდე მთელი ცხოვრება თბილისში ვიყავი მისამართზე მიწერილი, სანამ  4 დღის წინ არ გავიგე, რომ თურმე აღარ მქონია და აფხაზეთის მისამართი მეწერა. ამის გამო, რომ რადგან ფაქტობრივი მისამართი არ მაქვს საქართველოში, ვერ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან არ ვჩანვარ ამ საერთო სიაში.

არ მქონდა ეს პირადობა, მაგრამ მაქვს პასპორტი და რომ ვამოწმებდი ჩემი პირადი ნომრით ამ ცესკოს სიას, 2 თვის წინ ვიყავი აქტიური და მშობლების მისამართზე ვიყავი მიწერილი. ახლა როგორ მოხდა, რომ აღარ ვარ? როდესაც მაქვს საქართველოს მოქალაქეობა და პასპორტი, აფხაზეთში მიწერის გამო როგორ ვერ უნდა მივცეთ ხმა? იმას გვეუბნებიან, რომ აფხაზეთში არჩევნები ხომ არ ტარდებაო  და ამის გამო ვერ მისცემთ ხმასო. ეს პასუხები, რაც მივიღე, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მე ფარ-ხმალი დავყარო და არ გავაგრძელო ძიება, თუ რა მოხდა და რატომ არ შემატყობინეს, თუ ასეთ რამეს აპირებდნენ“, – აცხადებს თამარ დემურია.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვეს საფრანგეთში მცხოვრებმა მაკა კანდელაკმა და მისმა მეუღლემაც. მაკა კანდელაკსაც საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს. ის საკონსულო აღრიცხვაზეც დგას და საქართველოს მოქალაქის  მოქმედი  ელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს, რომლითაც არჩევნებზე ხმის მიცემაა შესაძლებელი.

„ორივეს აქტიური სტატუსი გვაქვს საკონსულო აღრიცხვაზე უკვე რამდენიმე თვეა, რადგან 3-4 თვის წინ თავიდან გავაკეთეთ განაცხადი. იმის შემდეგ სულ ვამოწმებ, ბოლოს ერთი კვირის წინ შევამოწმე და საკონსულო აღრიცხვაზე სტატუსი აქტიური გვაქვს. გუშინწინ შევამოწმე და ცესკოს სიაში არც მე და არც ჩემი ქმარი არ ვართ“, – ამბობს მაკა კანდელაკი.

მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში არაა, მაკა კანდელაკი ცესკოს დაუკავშირდა.  ცესკოს გვერდზე ერთ-ერთი პოსტის ქვეშ მაკა კანდელაკს ჯერ უპასუხეს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველთა ერთიან სიაში უნდა იმყოფებოდეს, შემდეგ კი პირადი კომუნიკაციისას ცესკოში განუცხადეს, რომ მისი მონაცემები საფრანგეთში გახსნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდება.

თუმცა, მაკა კანდელაკის თქმით, მისთვის ცესკოსგან მხოლოდ ჩატში მიღებული პასუხი საკმარისი არაა და საჭიროა, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ის ნამდვილად შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.

 

 

კიდევ ერთი ემიგრანტი, რომელმაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავი ვერ იპოვა, საფრანგეთში მცხოვრები თამარ გამყრელიძეა. სხვების მსგავსად, ისიც საკონსულო აღრიცხვაზე დგას და საქართველოს მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი აქვს. ამბობს, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებზე საკონსულოში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

თამარ გამყრელიძის თქმით, ცესკოში უთხრეს, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ ჩანს, რადგან მას მხოლოდ საფრანგეთის მისამართი უფიქსირდება. ამიტომ, მისი თქმით, ცესკოში უთხრეს, რომ ის სპეცსიაში იქნება და ხმას უპრობლემოდ მისცემს.

„პარიზის უბანს ვეკუთვნი, საკონსულოში დღეს რომ დავრეკე, თვითონაც არ იციან [რატომ არ ვარ ერთიან სიაში]. რადგან ბევრია ასე, ცესკოსთან გადამამისამართეს. ცესკო მიდასტურებს, რომ საერთო სიაში არ ვჩანვარ, რადგან საფრანგეთის მისამართით ვარ რეგისტრირებული და მეუბნება, რომ ვიქნები [სპეც]სიაში ხმის მისაცემად“, – ამბობს ნეტგაზეთთან თამარ გამყრელიძე.

იმაში დასარწმუნებლად, რომ არჩევნების დღეს ხმის მიცემისთვის რაიმე შეფერხება არ ექნება, თამარ გამყრელიძემ ცესკოსგან წერილობითი დასტური ითხოვა.

 

 

 

როგორ უნდა მოიქცნენ ემიგრანტები

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) იურისტი, გიორგი მონიავა ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ემიგრანტები, რომელთაც ცესკო ეუბნება, რომ სპეცსიაში  იქნებიან, პროცედურულად ამომრჩეველთა ერთიან სიაშიც უნდა იყვნენ.

იმის გამო, რომ სპეცსიები ინტერნეტში არ ქვეყნდება, იურისტი ემიგრანტებს ურჩევს,  უცხოეთის იმ საარჩევნო უბანს დაუკავშირდნენ, სადაც ხმა უნდა მისცენ და გადაამოწმონ, ნამდვილად არიან თუ არა ამ უბნის ამომრჩეველთა სიაში.

„რეალურად, ისინი, ვინც დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, საზღვარგარეთ არსებულ სიებში უნდა მოხვდნენ, მაგრამ, ამასთან ერთად, აუცილებელია, რომ ერთიან სიაშიც ფიქსირდებოდნენ.  მაგრამ არ ფიქსირდებიან. ჯერჯერობით ცესკოს ამის გამოსწორებისთვის ვადები აქვს.

მათ[ვინც თავს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ პოულობს] აუცილებლად უნდა მიმართონ ცესკოს აღნიშნული პრობლემის შესახებ და დაწერონ განცხადება, რომ სიებში ცვლილება შევიდეს და ეს მონაცემები აისახოს. მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცესკოს ცხელ ხაზზე ან ელექტრონულად გაუგზავნონ განცხადება მეილზე. თუ რაიმე პრობლემა აქვთ ცესკოსთან დაკავშირებისას, შეუძლიათ ISFED-ს დაგვიკავშირდნენ და როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია შევისწავლით მათ საკითხებს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მივცემთ“, – აცხადებს გიორგი მონიავა.

ამასთან, გიორგი მონიავა ხაზს უსვამს, რომ მიზეზის დასადგენად, რის გამოც ემიგრანტები ერთიან სიაში არ არიან, მნიშვნელოვანია, ყოველი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული.

თუმცა, იურისტის თქმით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ის არგუმენტი, რომ მოქალაქემ არჩევნებში ხმა მხოლოდ იმის გამო ვერ მისცეა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა რეგისტრირებული.

„ქვეყნის შიგნით ამომრჩეველს, რომელსაც რეგისტრაციის მისამართი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე აქვს მითითებული ფაქტობრივი მისამართი და ხმას აძლევს ფაქტობრივი მისამართის მიხედვით. თუ ასეთი ამომრჩეველი არის რეგისტრირებული საზღვარგარეთ და საკონსულო აღრიცხვა აქვს გავლილი, ამ შემთხვევაში მისთვის საკონსულოს მისამართი ითვლება იურიდიულ მისამართად ანუ რეგისტრაციის მისამართად. შესაბამისად, რეგისტრაციის მისამართის მიხედვით იღებს მონაწილეობას არჩევნებში. თუ ფაქტობრივი მისამართი არ უფიქსირდებათ და იმყოფებიან საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაშიც, სადაც არიან საკონსულო აღრიცხვაზე, იმ საკონსულოში უნდა მისცენ ხმა“, – აცხადებს გიორგი მონიავა.

ამასთან, გიორგი მონიავა აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსის შეწყვეტა საარჩევნო უფლებასთან არაფერ კავშირშია. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია ოკუპირებულ  ტერიტორიებზე თუ  საქართველოს მთავრობის კონტროლირებადზე,  საზღვარგარეთ თუ ქვეყნის შიგნით,  ხმის მიცემის უფლება აქვს.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გიორგი სანტურიანი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სპეციალურ სიაში მოხვედრამდე ამომრჩევლები ჯერ ერთიან სიაში უნდა მოხვდნენ.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ამომრჩევლები ერთიან სიაში იყვნენ, ცესკო ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან იღებს, რომელიც ინფორმაციას მოქალაქის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აწვდის, თუ მას მოქმედი დ პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი აქვს. როგორც გიორგი სანტურიანი ამბობს, თუ მოქალაქეს ამ ორიდან არცერთი აქვს, ის ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ იქნება.

ჩვენ მიერ დასახელებული კონრეტული შემთხვევების განხილვისგან  გიორგი სანტურიანმა თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ თუ ამომრჩევლები ერთიან სიაში თავს ვერ პოულობენ, შეუძლიათ ამის შესახებ ცესკოს მიმართონ.

კითხვაზე, რა მოხდება მაშინ, თუ  მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზეც დგას და პირადობის დამადასტურებელი მოქმედი მოწმობაც აქვს, მაგრამ ამომრჩეველთა სიაში თავს ვერ იპოვის და ამის შესახებ ცესკოსაც არ აცნობებს, სანტურიანი ამბობს, რომ ცესკო პროცედურების დაცვით იმოქმედებს.

ამასთან, გიორგი სანტურიანი აღნიშნავს, რომ ცესკო ამომრჩეველთა შესახებ განახლებულ მონაცემებს 7 ოქტომბრის ჩათვლით მიიღებს.

როდემდე შეუძლიათ ემიგრანტებს რეგისტრაცია

საზღვარგარეთ მყოფ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ დრომდე არაა საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა არჩევნებში  მონაწილეობა სურთ, მათ ამის გაკეთება ისევ შეუძლიათ. იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ, ისინი საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგნენ არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა.

თუმცა საკონსულო აღრიცხვის შესახებ განაცხადის განხილვის ვადა  5 სამუშაო დღეა. შესაბამისად, უმჯობესია, რომ უცხოეთში მყოფმა მოქალაქეებმა, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა სექტემბრის ბოლომდე მოითხოვონ.

გარდა ამისა, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ასევე შეუძლიათ, არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა რეგისტრაცია გაიარონ მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, რომელიც, არსებული პრაქტიკით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი