ნეტგაზეთი | წითელი საქართველო წითელი საქართველო – Netgazeti
RU | GE  

წითელი საქართველო

რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, მედიის თავისუფლების ხარისხის მსოფლიო რუკაზე საქართველო წითელ ფერადაა შეღებილი. წითელ ფერს კი ამავე რუკაზე ასეთი განმარტება აქვს: მედიის თავისუფლების ხარისხის მხრივ, სიტუაცია ძალიან რთულია (very difficult).

რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, მედიის თავისუფლების ხარისხის მსოფლიო რუკაზე საქართველო წითელ ფერადაა შეღებილი.

წითელ ფერს კი ამავე რუკაზე ასეთი განმარტება აქვს: მედიის თავისუფლების ხარისხის მხრივ, სიტუაცია ძალიან რთულია (very difficult).

ერთ წელიწადში საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი 81–დან მეასე ადგილზე ჩამოვიდა– იმ კვლევის შედეგებით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე–მ  ჩაატარა.

კვლევა 2009 წლის პირველი სექტემბრიდან მიმდინარე წლის პირველი სექტემბრის პერიოდს მოიცავს. ინდექსი იზომება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც საერთოა ყველა ქვეყნისთვის. 43–პუნქტიანი კითხვარი ყველა ტიპის დარღვევას გულისხმობს: მკვლელობა, დაპატიმრება, ფიზიკური შეურაცხყოფა, ცენზურა, თვითცენზურა და სხვა.

კითხვარები რეპორტიორები საზღვრებს გარეშე –ს პარტნიორ ორგანიზაციებთან გაიგზავნა –ჟურნალისტებთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან , მკვლევარებთან.

მედიის ექსპერტი, ზვიად ქორიძე ნეტგაზეთთან  საუბრისას ამბობს, რომ ბევრი კომპონენტია იმის მიზეზი, თუ რატომ დაიწია საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხმა. იგი ამბობს, რომ გასათვალისწინებელია ცვლილებები სხვა ქვეყნებში( მაგალითად, რამდენიმე აფრიკულმა ქვეყანამ რეიტინგში აიწია).

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მედიის თავისუფლების ხარისხის კუთხით, მედია ექსპერტი რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

ერთ–ერთი მიზეზი, ქორიძის თქმით, არის საჯარო ინფორმაციის მიუწვდომლობა.

„პრაქტიკულად შეუღწევადი გახდა საჯარო ინფორმაციის სივრცე, ვერ იღებენ ჟურნალისტები საჯარო ინფორმაციას, მათი განცხადებები უპასუხოდ რჩება. ასევე, სასამართლო არის ძალიან სუსტი. ის ასეთ საქმეებს, ფაქტობრივად, არ განიხილავს. თუ არის მცდელობა, რომ სასამართლოს გზით მოიპოვონ ჟურნალისტებმა საჯარო ინფორმაცია, ყველა პროცესი მთავრდება ჟურნალისტების მარცხით“.

კიდევ ერთი მიზეზი ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობასა და მის საზოგადოებაში შეღწევადობის კუთხით არსებულ სირთულეებს უკავშირდება. ქორიძე ამბობს, რომ ცალკეული სტუდიები, მართალია, აკეთებენ ჟურნალისტურ გამოძიებებს, მაგრამ ფართო საზოგადოება ვერ იღებს ამ პროდუქტს.

„ზოგადი სურათი არის კლებაზე ორიენტირებული, ნეგატიური“, – ამბობს ქორიძე.

ია მამალაძე, საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ისეთი მძიმე სიტუაცია საქართველოს რეგიონალურ მედიაში, როგორიც ახლაა, არასოდეს ყოფილა.

„პატარ–პატარა თავისუფალი მედიის კუნძულები ძალიან ცოტა შემორჩა.  რეგიონებში უსახსრობის გამო, რამდენიმე გაზეთი დაიხურა. რაც დარჩენილია, არის  ძალიან სუსტი, რომელსაც გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მფლობელები უშუალოდ არიან დამოკიდებულები ხელისუფლების მაღალ წრეებთან. ერთი ხელის თითები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ დამოუკიდებელი გაზეთები ჩამოვთვალოთ“.

მამალაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ნეგატიურად შეცვალა ვითარება რეგიონულ მედიაში–ესენია დისტრიბუციის პრობლემა და გარე გამავრცელებლების შეზღუდვა.

„ასეთი მძიმე მდგომარეობა მე არასოდეს მახსოვს მედიაში, უმძიმესი სიტუაციაა. შეიძლება შეუქცევად პროცესთან გვქონდეს საქმე და ეს ვერც გამოსწორდეს“.

კვლევის პირველ ხუთეულში მედიის თავისუფლების ხარისხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ: ფინეთს, ისლანდიას, ჰოლანდიას, ნორვეგიას და შვედეთს.

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, საქართველოს გარდა, ცვლილება სხვა მეზობელ ქვეყნებშიც არის. მაგალითად, აზერბაიჯანმა რეიტინგში ქვემოთ ჩამოიწია და 152–ე ადგილზეა. სომხეთში ვითარება, კვლევის მიხედვით, გაუმჯობესდა, ერთით ჩამორჩება საქართველოს. რუსეთი 140–ე ადგილზე, უკრაინა 131-ე ადგილზე.

ყველა ეს ქვეყანა, საქართველოს ჩათვლით, რუკაზე წითელ ფრადაა შეღებილი.

 

Image 2465
Image 2465

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე