საზოგადოება

ცესკო საზღვარგარეთ მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნას განიხილავს

26 სექტემბერი, 2024 •
ცესკო საზღვარგარეთ მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნას განიხილავს

პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკო საზღვარგარეთ მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნას განიხილავს.

ცესკოს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ცესკო დღეს განიხილავს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხს.

ცესკოს ცნობით, წელს საარჩევნო უბნები გაიხსნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთის რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში, იაპონიასა და ავსტრალიის თანამეგობრობაში, სადაც საარჩევნო უბნები არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე.

შედარებისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც კორონავირუსის პერიოდში ჩატარდა, საზღვარგარეთ 38 სახელმწიფოში 52 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. მაშინ უცხოეთის საარჩევნო უბნებზე საქართველოს მხოლოდ 66 217 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. მათი ნაწილი საკონსულო აღრიცხვაზე იყო, ნაწილმა კი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს წარმომადგენლობაში რეგისტრაცია გაიარა. ამის ფონზე არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს მხოლოდ 12 247-მა მოქალაქემ მიიღო.

დეტალურ ინფორმაციას, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში გაიხსნება საარჩევნო უბნები, ცესკო დღეს, 26 სექტემბერს, სხდომის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებს.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ დრომდე არაა საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა არჩევნებში  მონაწილეობა სურთ, მათ ამის გაკეთება ისევ შეუძლიათ. იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ, ისინი საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგნენ არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა.

თუმცა საკონსულო აღრიცხვის შესახებ განაცხადის განხილვის ვადა  5 სამუშაო დღეა. შესაბამისად, უმჯობესია, რომ უცხოეთში მყოფმა მოქალაქეებმა, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა სექტემბრის ბოლომდე მოითხოვონ.

გარდა ამისა, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ასევე შეუძლიათ, არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა რეგისტრაცია გაიარონ მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, რომელიც, არსებული პრაქტიკით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იხსნება.


ქართველი ემიგრანტები გასული წლიდან მოყოლებული ითხოვდნენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაეხსნათ უცხოეთის იმ ქალაქებში,  სადაც აქამდე არ ყოფილა. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებდნენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიდნენ, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობდა.

Როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნება ანუ ძირითადად ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქში.

ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დედაქალაქებისაგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი