აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, “ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ამერიკის პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და სხვა არავინ”.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას შეეხებოდა. კერძოდ, კობახიძის განცხადებით, მას სჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებაზე გადაწყვეტილება არა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, არამედ გარკვეულმა ძალებმა მიიღეს, რომლებსაც მის ადმინისტრაციაზე არაფორმალური გავლენები აქვთ.
„მე ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენი პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და სხვა არავინ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მეთიუ მილერს ასევე ჰკითხეს ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ, რომ სანქციებზე მიღებული გადაწყვეტილებით “ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“.
„ახლოს რასთან?“ – იკითხა მილერმა და კითხვა უპასუხოდ დატოვა.
აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ამ გადაწყვეტილების ახსნა „ქართული ოცნების“ კონსპირაციული თეორიით სცადა, რომ დასავლეთში არსებულ გლობალურ ძალას ევროკავშირისა თუ ამერიკის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე აქვს გავლენა. ამ შემთხვევაშიც მან თქვა, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილება არა ოფიციალურმა პირებმა, მაგალითად, პრეზიდენტმა ბაიდენმა, არამედ „ოლიგარქიულმა ძალებმა“ მიიღეს.
„მე არ მჯერა, რომ ბაიდენმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე. ბაიდენის მიღებული არ იქნება ეს გადაწყვეტილება და მგონია, მთელი ქართული საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში. საუბარია იმ ძალებზე, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენა მის ადმინისტრაციაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე 17 სექტემბერს აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ელჩთან შეხვედრაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ „ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.
16 სექტემბერს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ფინანსური სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს (იგივე „ხარება“), ასევე, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს და პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლებს, ზურა მახარაძეს და კონსტანტინე მორგოშიას. ასევე, უნდა დაწესდეს სავიზო სანქციები 60 პირის წინააღმდეგ.