საზოგადოება

გამოცხადებული „ნებართვის“ ქრონიკა

19 ოქტომბერი, 2010 • 1965
გამოცხადებული „ნებართვის“ ქრონიკა

ბოლნისის რაიონის სოფელი ტალავერის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ მეჩეთის მშენებლობის პროცესი მას შემდეგ განაახლა, რაც, მათი თქმით, საქართველოს საპატრიარქოსგან #183 წერილი მიიღეს. თუმცა საქართველოს საპატრიარქოში მსგავსი წერილის გაგზავნის ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ წერილი ყალბია.

სოფელ ტალავერში მეჩეთის რესტავრაცია 2009 წლის 15 სექტემბერს შეჩერდა, როდესაც ადგილზე სასულიერო პირები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები ჩავიდნენ.

„დილის 11 საათზე დამიძახეს.  სახლში ვიყავი, საჭმელი უნდა მიმეტანა მუშებისთვის. მივედი, 3-4 მანქანით იყვნენ, რელიგიური ტანსაცმელი ეცვათ, მოითხოვეს, რომ შეგვეჩერებინა რესტავრირება” –იხსენებს მეჩეთის რესტავრაციის ერთ–ერთი ინიციატორი ვალიდა ხალილოვა, რომელიც მეჩეთის განახლების  მომხრე იყო.

”მამა დავითი (ისაკაძე) და კიდევ რამდენიმე მღვდელი იყო. თვითონ სამი დღე დადიოდა, მერე უკვე ახალგაზრდები. 4 თვის განმავლობაში დარაჯობდნენ, 24 საათი, იცვლებოდნენ ხოლმე, რომ მუშაობა არ გაგვეგრძელებინა“ – ამბობს მოლა ადილ ნაბიევი. მისივე თქმით,   ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სთხოვა, ორი დღე მიეცათ, რომ სიტუაციაში გარკვეულიყვნენ – „გვთხოვა, რომ დრო მიგვეცა და გარკვეულიყვნენ, ვინ იყვნენ ის ადამიანები და რა უნდოდათ“.

კარა გულმამედოვა, ბოლნისის საკრებულოს წევრი, რომელიც ადგილზე ჩავიდა და სასულიერო პირებს შეხვდა, გვიყვება:

”ისინი  მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან იყვნენ. ამბობდნენ, რომ არ შეიძლება აღდგენაო, მათ გვითხრეს, რომ პატრიარქის ნებართვის გარეშე არ უნდა გაგრძელდეს რესტავრაცია. ჩვენ არ გვინდოდა ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ წავსულიყავით, აქ იყო ყველა– გუბერნატორის თანაშემწე, პოლიციის უფროსი.”

ჰუსეინ იუსიპოვი, ქვემო ქართლის გუბერნატორის თანაშემწე ამბობს, რომ როდესაც იგი ადგილზე ჩავიდა და სიტუაციაში გაერკვია, ხალხს ურჩია, საპატრიარქოდან ნებართვა აეღოთ.

”ხალხი  უკმაყოფილო იყო, რესტავრაციაში რომ ხელს უშლიდნენ.  ღვთის სახლის რესტავრაცია წმინდა საქმეა და რელიგიურ ორგანიზაციაში უნდა იქნას განხილული ეს საკითხი. მე ვუთხარი ამ ხალხს, რომ  არ მაქვს უფლება, რამეს დავპირდე, რადგან მე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას. ეს საქმე საქართველოს საპატრიარქომ უნდა განიხლიოს. ეს საკითხი მე არ მეხება, იქ მორწმუნე ხალხია და ამ ხალხმა წერილობით  უკვე მიმართა  საპატრიარქოს” – ამბობს ჰუსეინ იუსიპოვი.

 „ 2010 წლის 4 თებერვალს ჩვენ მივწერეთ წერილი პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, პატრიარქს,“  – იხსენებს ადილ ნაბიევი და იქვე გვაჩვენებს წერილს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, პასუხად მიიღო საპატრიაქროდან:

”თქვენს მიერ 2010 წლის 4 თებერვალს გამოგზავნილი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს ერევა მსგავს ქმედებებში და არ გააჩნია არანაირი პრეტენზია თქვენს სოფელში თქვენი სარწმუნოების სალოცავი აღადგინოთ. ნებისმიერი ქმედება სალოცავის აღდგენის წინააღმდეგობისა, არ იქნება მოწონებული საპატრიარქოს მხრიდან, იგი ჩაითვლება პიროვნების თვითნებობად“ – ეს წერილი 2010 წლის 12 ოქტომბრითაა დათარიღებული და მას ხელს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.

მიქაელ ბოტკოველი ნეტგაზეთთან  საუბარში ამბობს, რომ ასეთი შინაარსის წერილი მას არ გაუგზავნია.

”ეგ წერილი არის ვიღაც არანორმალურის შედგენილი, მაგ ნომრის (N 183) წერილით მე ვთხოვე აზოტს  ეკლესიის შესალესად. ეს წერილი ყალბია, მსგავსი ნებართვები საქართველოს საპატრიარქოს არასოდეს გაუცია  და არც გასცემს. ვინ რა უნდა ააშენოს, ამას არეგულირებს სახელმწიფო კანონი რელიგიის შესახებ, რომელიც მოქმედია დღეს. ან მე  რა უფლება მაქვს – დავრთო ან არ დავრთო ნება? ეს წერილი ვიღაცამ გააკეთა. 12 ოქტომბერს # 183  წერილს ვერ გავცემდით, რადგან ნუმერაციაში ათასს გადავცდით. N183  წერილი მქონდა დეკემბრის თვეში” – ამბობს მიქაელ ბოტკოველი.

ადილ ნაბიევი ირწმუნება, რომ  ეს წერილი მას და ვალიდა ხალილოვას 12 ოქტომბერს სამების ეკლესიის მოძღვარმა მამა ელიზბარმა გადასცა.

ამ ფაქტს ვალიდა ხალილოვაც ადასტურებს: ”წერილი მამა ელიზბარმა მოგვცა” – ამბობს იგი.

მამა ელიზბარი ნეტგაზეთთან  საუბარში არ მალავს, რომ 12 ოქტომბერს მართლაც შეხვდა ნაბიევსა და ხალილოვას, თუმცა, მისი თქმით, მათ ეს წერილი უკვე თან ჰქონდათ. ”ქალბატონმა მითხრა, რომ ქართულად ვერ კითხულობდა, მე წავუკითხე ეს წერილი და გადავუთარგმნე. იქ ჩასულან თითქოს სასულიერო პირები, რომლებმაც მათ საპატრიარქოს სახელით მოუწოდეს. ეს არ ყოფილა საპატრიარქოდან წარგზავნილი უფლებამოსილება, ეს იყო იქ დაწერილი” – ამბობს მამა ელიზბარი.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძე ამბობს, რომ სოფელ ტალავერში სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, მისი ორგანიზაცია კვლავ აპირებს ჩასვლას.

”არავითარი მეჩეთი იქ არ არსებობდა არასდროს, იქ იყო რაღაც კანტორა და მეჩეთის მშენებლობა ყოვლად უნებართვოდ დაიწყეს. თუ აპირებენ განახლებას, ეს იქნება დარღვევა, რა თქმა უნდა. ჩვენ ისევ ჩავალთ და ისევ მოვითხოვთ საბუთებს, იქ ვნახავთ, რა საბუთები შეთითხნეს. აქ ისეთი მიდგომაა, რომ ააშენებ, მერე ჩვენი კანონმდებლობით, ვერაფერს  უშვრები, საკმაოდ საინტერესო მომენტია, ალბათ, ამიტომ აპირებენ რომ დაამთავრონ,“ – ამბობს ავთანდილ უნგიაძე.

ვალიდა ხალილოვა გვიყვება, რომ ტალავერის მეჩეთი საუკენეზე მეტი ხნისაა, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს მას საწყობად იყენებდნენ.

ადილ ნაბიევი ამბობს, რომ მეჩეთის მშენებლობასთან ან მის აღდგენასთან დაკავშირებით, ოფიციალურად დოკუმენტი არა აქვთ: ” ჩვენ არქივში ვიყავით და იქ არ აღმოჩნდა დოკუმენტი, მაგრამ ჩვენთვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იქნება თუ არა დარეგისტრირებული, ჩვენ მეჩეთი იმისთვის გვინდა, რომ ვილოცოთ.”

მეჩეთის აღდგენა სოფელ ტალავერში უკვე გაგრძელდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ თუკი ვინმე  მათთან ისევ
პრეტენზიით მივა,  უკვე აქვთ საპატრიარქოს წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს არ აქვს პრეტენზია,  სოფელში  მათი სარწმუნოების სალოცავი აღადგინონ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია ამბობს, რომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებას საქართველოში, არაფერი აქვს საერთო საპატრიარქოსთან: ” თუ მიწა არ არის რეგისტრირებული, ითვლება, რომ სახელმწიფოს საკუთრებაშია. ან უნდა მოიძიონ ეს დოკუმენტები, ან აღდგენაზე უნდა იზრუნონ; ან უნდა აღრიცხონ, გააკეთონ ნახაზები და დაირეგისტრირონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მშენებლობა ამოვარდნილია სამართლებრივი სივრციდან,” – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი