საზოგადოება

შუქრუთელები კომპენსაციებზე კობახიძის განცხადებას პასუხობენ

14 სექტემბერი, 2024 •
შუქრუთელები კომპენსაციებზე კობახიძის განცხადებას პასუხობენ

შუქრუთის პროტესტის მონაწილეები ეხმაურებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს მათ აქციებთან დაკავშირებით. შუქრუთელების თქმით, ცნობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ჯორჯიან მანაგანეზზე დაყრდნობით გაავრცელა კომპენსაციებთან დაკავშირებით, სიცრუეა და ისინი მზად ეს ფაქტი დოკუმენტებითაც დაასაბუთონ.

“გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ჩვენს პროტესტთან დაკავშირებით. ჭიათურიდან აქ სწორედ იმიტომ ჩამოვედით და რამდენიმე მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ზომას იმიტომ მიმართა, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ გვისმენენ და ჩვენს თხოვნას ყურად არ იღებს. როგორც იცით, 14 მარტიდან უწყვეტი საპროტესტო აქციას ვმართავთ ჭიათურაში, კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან. მთელი ამ 6 თვის განმავლობაში არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჩვენთან არავინ მოსულა. ახლაც, როცა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ვართ, პარლამენტის თავჯდომარე და მთავრობის მეთაური განცხადებებს ისე აკეთებენ, რომ წარმომადგენელიც კი არ გამოუგზავნიათ ამბის გასაგებად”, – ნათქვამია შუქრუთელების განცხადებაში, რომელიც მათ ფეისბუკზე გაავრცელეს.

სამაგიეროდ, წერენ პროტესტი მონაწილეები, “ხელისუფლების წარმომადგენლები იმეორებენ ,,ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კომპენსაცია სრულად გვაქვს მიღებული, რაც სიცრუეა და მზად ვართ, ეს დოკუმენტურად დავამტკიცოთ”.

“ამიტომ, ვითხოვთ, ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას საკითხის გადაწყვეტის პროცესში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა – ,,ჯორჯიან მანგანეზმა” მიყენებული ზიანი შეაფასებინოს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და დაზარალებულ ოჯახებს სამართლიანი კომპენსაცია გადაგვიხადოს. ეს ვალდებულება კომპანიამ იკისრა 2021 წელს, ჩვენთან გაფორმებული მემორანდუმით, რომელიც შემდეგ დაარღვია, არ შეასრულა და იმ თანხებს, რაც მხოლოდ რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს ავანსის სახით ჩაურიცხა, სრულად გაცემულ კომპენსაციას ეძახის. სამწუხაროდ, მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ისინი არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას სამართლიანი მოთხოვნის. დაკმაყოფილებამდე. მივმართავთ პარლამენტს, მთავრობას, სახალხო დამცველს, მოგვისმინონ და ყველაფერი გააკეთონ ჩვენი უფლებების დასაცავად, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მართლები ვართ, ,,ჯორჯიან მანგანეზი” იმდენად გავლენიანია, უფლებების დაცვას ვერ ვახერხებთ სასამართლოშიც კი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ისინი “ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს, რომ ამ ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და არ ვიჩაგრებოდეთ”,  16 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან ეპატიჟებიან სოლიდარობის აქციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი