საზოგადოება

რა გამოტოვა პაპუაშვილმა მიქანაძის ბიოგრაფიიდან

12 სექტემბერი, 2024 •
რა გამოტოვა პაპუაშვილმა მიქანაძის ბიოგრაფიიდან

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მოქმედ დეპუტატს, გივი მიქანაძეს შემხებლობა არ აქვს „ციხის ბუნტის“ საქმესთან.

პაპუაშვილის მტკიცებით, მიქანაძე, რომელიც 2006 წლის 27 მარტს, ე.წ. ციხის ბუნტის დროს მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას უწევდა კურირებას, თანამდებობიდან თავად გადადგა და საზღვარგარეთ წავიდა.

ენმ-ის ხელისუფლებაში თანამდებობაზე ყოფნა გივი მიქანაძისთვის აქამდეც შეუხსენებიათ. შარშან, როცა ეს „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა შეახსენა, საპასუხოდ მიქანაძე ამბობდა, რომ არ რცხვენია, რომ ენმ-ის ხელისუფლების დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და აღნიშნავდა, რომ პოსტი 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ დატოვა.

„გაუხსენებია ის ამბავი, რომ წინა ხელისუფლებაში რაღაც პერიოდი ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, არც მრცხვენია და ვამბობ, რომ ვიყავი და ვასრულებდი ჩემს საქმეს. თუმცა ის არ ახსოვს, რომ სწორედ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ წამოვედი იმ სამინისტროდან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ გასული წლის ოქტომბერში.

გივი მიქანაძის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2005 წლის 25 ოქტომბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე იკავებდა. შესაბამისად, 7 ნოემბრის შემდეგ 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კიდევ მუშაობდა სამინისტროში. მას პროტესტი 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივი დარბევის გამო ღიად არ დაუფიქსირებია. ხაზგასასმელია, რომ მიქანაძის წასვლის პერიოდში საქართველოში იუსტიციის მინისტრი შეიცვალა. ეკა ტყეშელაშვილმა თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად ნიკა გვარამია დაინიშნა 2008 წლის 31 იანვარს, ანუ მიქანაძის სამინისტროდან წასვლიდან 11 დღის შემდეგ.

ის, რომ მიქანაძე იუსტიციის სამინისტროდან მართლაც წავიდა უცხოეთში, რასაც პაპუაშვილი ამბობს, დასტურდება ოფიციალური ბიოგრაფიითაც.  მიქანაძე 2008 წლის 10 იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე ესექსის უნივერსიტეტში (ევროკავშირის სამართალი, სამართლის მაგისტრი) სწავლობდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში.

თუმცა ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ გივი მიქანაძემ, რომელიც პაპუაშვილის სიტყვებით, წინა ხელისუფლების კურსს არ ეთანხმებოდა, მუშაობა თბილისის მერიის ქვეუწყებაში დაიწყო. 2009 წლის პირველი აპრილიდან 2009 წლის 30 სექტემბრამდე თბილისის მერიის „თბილისის აგლომერაციის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე იყო. ამ დროს თბილისის მერი გიგი უგულავა იყო, რომელსაც “ქართული ოცნება” ხშირად აკრიტიკებს და დააპატიმრეს კიდეც. გივი მიქანაძის ბიოგრაფიის ეს ნაწილი შალვა პაპუაშვილმა თავის კომენტარში გამოტოვა.

ამასთან, მიქანაძის ბიოგრაფიის მიხედვით, ის 2006 წლიდან – 2015 წლამდე  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიწვეული ტრენერი იყო.

ენმ-ის ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნა გივი მიქანაძეს ამჯერად პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ შეახსენა. პარტია ითხოვს, რომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გივი მიქანაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. პარტიის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გივი მიქანაძე იმ დროს ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა.

პაპუაშვილის თქმით კი, მიქანაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნა გიორგი გახარიას „მეწვრილმანეობაზე“ მიუთითებს.

„გახარიას გუნდზე რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვეულებრივ კარიკატურას დაემსგავსა ეს გაერთიანება – საკუთარი უფროსის კარიკატურები არიან შეკრებილები. ბოლო პერიოდში მათგან მხოლოდ „დაგიჭერ, დაგაპატიმრებ“ განცხადებები გვესმის, კაი, დაგვიჭერენ, დაგვაპატიმრებენ, გავიგეთ…

რაც შეეხება გივი მიქანაძეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია იმ ფასეულობებს, რომლებსაც თავის დროზე ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ის გადადგა თანამდებობიდან, საზღვარგარეთ იყო წასული და საზღვარგარეთ მუშაობდა. არანაირი კავშირი ამ საკითხთან [„ციხის ბუნტთან“] არ აქვს.

უბრალოდ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თავად გიორგი გახარიას მეწვრილმანეობას, როდესაც ცდილობენ არარსებული თემიდან მას პრეტენზიები წაუყენონ, უბრალოდ იმიტომ, რომ გივი მიქანაძე აქტიურად ამხელს, მათ შორის, მათ გუნდს საარჩევნო დარღვევებში. აბსოლუტური სისულელეა. გახარიას გუნდი რომ არის სისულელის გამავრცელებელი, მე მგონი, ბოლო პერიოდში ყველა ხედავს. აბსოლუტური სპეკულაცია, სერიოზული კომენტარის ღირსიც არ არის ეს საკითხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

განახლება:

გივი მიქანაძე გახარიას გუნდის ბრალდებებს 13 სექტემბერს Facebook-ზე პოსტით გამოეხმაურა. მიქანაძე თქმით, მის მიმართ ბრალდებები დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს.

როგორც მიქანაძე აცხადებს, ის 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ყოფილა. მისი თქმით, ის „ციხის ბუნტის“ დროს მივლინებაში იმყოფებოდა.

თუმცა, დღეს გავრცელებულ პოსტში მიქანაძეს თანამდებობის დატოვების მიზეზი აღარ უხსენებია.

„როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას – ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო.

რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება

ამიტომ, ამ ჭორიკანა პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, აუცილებლად შეიტანონ რაც მოფიქრებული აქვთ, უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული დოკუმენტი პროკურატურაში. თვითონვე იციან, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მათი ერთადერთი მიზანია, რომ მმართველ გუნდს როგორღაც ტალახი ესროლონ“, – აცხადებს გივი მიქანაძე.


გივი მიქანაძის ბიოგრაფია ასევე მდიდარია იმგვარ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილებითაც, რომელსაც „ქართული ოცნება“ რუსული კანონით უცხოურ ძალად აცხადებს.

კერძოდ, მიქანაძე იყო:

  • 2000 – 2001: გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“, იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი;
  • 2004 – 2005: ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“, ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში;
  • 2005 – 2005 ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“, პროექტის დირექტორი;
  • 2010 – 2013: ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის ოფიცერი;
  • 2009 – 2010: გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“;
  • 2015 – 2016: ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი;
  • 2013 – 2015: ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის უფროსი ოფიცერი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი