პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2005-2007 წლებში, გივი მიქანაძე მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას უწევდა კურირებას.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ვინაიდან 2006 წლის 27 მარტს ე.წ. ციხის ბუნტის დროს გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, ლეგიტიმურია ვარაუდი, რომ იმ დროს ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა.
„2024 წელს ივანიშვილის „ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ისევ „ნაცების“ გასამართლებაა, ისიც მხოლოდ არჩევნების შემდეგ.
2006 წლის 27 მარტს, საქართველოს მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული ქაოსური გასროლის შედეგად, დაიღუპა 7 და დაშავდა 22 პატიმარი. პატიმრების მიმართ სიცოცხლის ხელმყოფი და არაადამიანური მოპყრობის ქცევები სპეცრაზმელთა მიერ გაგრძელდა ბუნტის ჩახშობის შემდეგაც.
ბაჩო ახალაია, რომელიც მეთაურობდა ე.წ. „ამბოხის“ სისხლიან ჩახშობას, იყო იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი. მითითებული გარემოებები დადასტურებულია როგორც სტრასბურგის სასამართლოს 2020 წლის 02 აპრილის, ასევე საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილის განცხადებით, მიქანაძის შესახებ ინფორმაცია აქამდეც იყო საჯარო და ხელმისაწვდომი როგორც საზოგადოების, ასევე საგამოძიებო ორგანოებისათვის და აშკარად შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რაც ავალდებულებს საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.
„შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის, გივი მიქანაძის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ ოცნების იმ წევრების შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას, რომლებიც თავის დროზე ემსახურებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს და დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ გასამართლების კამპანიაში იღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გახარიას პარტიის მოთხოვნის შემდეგ, ნეტგაზეთი გივი მიქანაძესთან დაკავშირებას ცდილობს და მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მოქმედ დეპუტატს, გივი მიქანაძეს შემხებლობა არ აქვს „ციხის ბუნტის“ საქმესთან.
პაპუაშვილის თქმით კი, მიქანაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნა გიორგი გახარიას „მეწვრილმანეობაზე“ მიუთითებს.
„რაც შეეხება გივი მიქანაძეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია იმ ფასეულობებს, რომლებსაც თავის დროზე ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ის გადადგა თანამდებობიდან, საზღვარგარეთ იყო წასული იყო საზღვარგარეთ და მუშაობდა. არანაირი კავშირი ამ საკითხთან [„ციხის ბუნტთან“] არ აქვს.
უბრალოდ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თავად გიორგი გახარიას მეწვრილმანეობას, როდესაც ცდილობენ არარსებული თემიდან მას პრეტენზიები წაუყენონ, უბრალოდ იმიტომ, რომ გივი მიქანაძე აქტიურად ამხელს, მათ შორის, მათ გუნდს საარჩევნო დარღვევებში. აბსოლუტური სისულელეა. გახარიას გუნდი რომ არის სისულელის გამავრცელებელი, მე მგონი, ბოლო პერიოდში ყველა ხედავს. აბსოლუტური სპეკულაცია, სერიოზული კომენტარის ღირსიც არ არის ეს საკითხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
განახლება:
გივი მიქანაძე გახარიას გუნდის ბრალდებებს 13 სექტემბერს Facebook-ზე პოსტით გამოეხმაურა. მიქანაძის თქმით, მის მიმართ ბრალდებები დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს.
როგორც მიქანაძე აცხადებს, ის 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ყოფილა. მისი თქმით, ის „ციხის ბუნტის“ დროს მივლინებაში იმყოფებოდა.
თუმცა, დღეს გავრცელებულ პოსტში მიქანაძეს თანამდებობის დატოვების მიზეზი აღარ უხსენებია.
„როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას – ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო.
რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება
ამიტომ, ამ ჭორიკანა პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, აუცილებლად შეიტანონ რაც მოფიქრებული აქვთ, უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული დოკუმენტი პროკურატურაში. თვითონვე იციან, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მათი ერთადერთი მიზანია, რომ მმართველ გუნდს როგორღაც ტალახი ესროლონ“, – აცხადებს გივი მიქანაძე.