საზოგადოება

კობახიძე: ვაფუძნებთ საგრანტო პროგრამას არასამთავრობოებისთვის, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება

9 სექტემბერი, 2024 •
კობახიძე: ვაფუძნებთ საგრანტო პროგრამას არასამთავრობოებისთვის, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დააფუძნებენ საგრანტო პროგრამას, რომელიც გადასახადების გადამხდელების ფულით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით, თუ ისინი იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ. თუმცა ირაკლი კობახიძეს ამის დამადასტურებელი არც მტკიცებულება წარმოუდგენია და არც კონკრეტული დონორები დაუსახელებია, ვის გულისხმობს.

მან მადლობა გადაუხადა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რუსული კანონის ბაზაზე შექმნილ რეესტრში დარეგისტრირდნენ.

“საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია”, – განაცხადა კობახიძემ.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ.

ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.

კობახიძეს არ დაუსახელებია კონკრეტული ბიუჯეტი, თუ რა თანხით დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი ზემოხსენებულ პროგრამას, თუმცა კითხვა-პასუხისას აღნიშნა, რომ საუბარია მრავალმილიონიან ბიუჯეტზე.

„საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთიორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისვე თქმით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის.

„საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის თქმით, ამ სამთავრობო ფონდით არ უნდა დაინტერესდნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს ბაზაში (რომელიც რუსული კანონის ბაზაზე შეიქმნა. ნეტ.)

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

ორგანიზაციებს, რომელთაც რუსული კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ აცხადებს, შეუძლიათ, რომ რეესტრში ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაარეგისტრირებენ და  25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.

კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი