საზოგადოება

ირანელ ბლოგერს 12 წელი მიუსაჯეს სოცქსელში დაწერილი წერტილის შემდეგ

2 სექტემბერი, 2024 •
ირანელ ბლოგერს 12 წელი მიუსაჯეს სოცქსელში დაწერილი წერტილის შემდეგ

ირანელ ბლოგერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სოციალურ ქსელზე X-ზე (ყოფილი ტვიტერი) პოსტის გაზიარების შემდეგ, რომელშიც მხოლოდ წერტილი ეწერა.

ბლოგერმა ჰოსეინ შანბეჰზადემ საკუთარ გვერდზე გადააზიარა ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის პოსტი, სადაც ეს უკანასკნელი ფრენბურთის ეროვნულ გუნდთან ერთად დგას.

მისმა გადაზიარებამ უფრო მეტი მოწონება დააგროვა, ვიდრე ხამენეის ორიგინალმა პოსტმა, რამაც პროტესტი გამოიწვია. ამის შემდეგ ბლოგერი დააპატიმრეს.

მას ხუთი წელი „ისრაელის სასარგებლოდ პროპაგანდისთვის“ მიესაჯა, ოთხი წელი – „ისლამური სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის“, ორი წელი – „ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“ და ერთი წელი – „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისთვის“.

შანბეჰზადემ, რომელიც ცნობილია ხელისუფლების მიმართ მძაფრი კრიტიკით, თქვა, რომ არ იყო ინფორმირებული მისი დაკავების მიზეზის შესახებ, მაგრამ ეჭვი ჰქონდა, რადგან ის უშუალოდ მის პოსტზე დიდი გამოხმაურების შემდეგ დააკავეს.

ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს, ბლოგერის სოციალური ანგარიშები კი გაუქმებულია.

RadioFreeEurope-ის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შანბეჰზადეს პრობლემები შეექმნა მისი ონლაინ საქმიანობის გამო.

2019 წელს მას პატიმრობა მიუსაჯეს „ისლამური რესპუბლიკის სიწმინდეების და ლიდერის შეურაცხყოფის“ ბრალდებით, ირანის მთავრობის მიმართ კრიტიკული კომენტარების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი