“არა მგონია რომელიმე თავმოყვარე ლინგვისტმა გაიმეოროს ის, რაც ენათმეცნიერების დირექტორმა თქვა. მით უმეტეს, როცა კვლევაც კი არ ჰქონდა ნანახი”, – ასე გამოეხმაურა ენობრივი პოლიტიკის მკვლევარი, შალვა ტაბატაძე ნანა მაჭავარიანის განცხადებას.
ტაბატაძე ფილოლოგიის დოქტორ, პროფესორ მარინა ბერიძესთან ერთად ერთ-ერთია იმ 4 მეცნიერს შორის, რომელმაც რუსული კანონის ლინგვისტური ანალიზი ჩაატარა. შესაბამისი კვლევა უახლოეს მომავალში დაიბეჭდება და გამოქვეყნდება, მათ შორის, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, ნანა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ინსტიტუტის პოზიცია არ ემთხვევა კვლევის ინიციატორის, მარინა ბერიძის პოზიციას, რომელმაც დოკუმენტის მთავარი მიგნებები საკონსტიტუციო სასამართლოში, რუსული კანონის გამწესრიგებელ სხდომაზე წარადგინა.
უფრო მეტიც, მაჭავარიანის თქმით, “რაღაც გარკვეული შესიტყვება როგორ აღიქვას ადამიანმა, არის მისი განწყობის საქმე” და რომ ეს “არის უფრო ფსიქოლოგიური საკითხები და არა ენათმეცნიერული”. სწორედ ამ ფრაზას გამოეხმაურა შალვა ტაბაბატაძე.
რა ხდება?
სამმა ენათმეცნიერმა – მარინა ბერიძემ, კახაბერ გაბუნიამ და ზაქარია ფურცხვანიძემ, ასევე ენობრივი პოლიტიკისა და სოციო-ლინგვისტიკის მკვლევარმა, შალვა ტაბატაძემ ჩაატარეს საქართველოში მიღებული რუსული კანონის ლინგვისტური ანალიზი. სამუშაო, რომელიც ავტორების ინფორმაციით, თითქმის 2 თვე გაგრძელდა, მოხალისეობრივად შეასრულეს ანაზღარების გარეშე. კვლევის ინიციატორი მარინა ბერიძეა – ენათმეცნიერი, რომელსაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ექსპერტის სტატუსით გამოსვლა სთხოვეს.
“მე მკითხეს, შემიძლია თუ არა გავუწიო კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რამდენიმეგვერდიანი მოხსენება მომემზადებინა. მე არ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება და ჩავატარეთ კვლევა. ვთხოვე ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც სხვადასხვა მეთოდოლოგიებს ფლობენ. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთ საპასუხისმგებლო საკითხზე კვლევის გარეშე ვერ გავცემდი პასუხს და არც სხვამ არ უნდა ისაუბროს. მე ასე მიმაჩია პატიოსანი მეცნიერული დამოკიდებულება. ეს კვლევა ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო სამეცნიერო სამუშაო”, – უთხრა მარინა ბერიძემ “ნეტგაზეთს”.
31 აგვისტოს, გამწესრიგებელი სხდომის მე-3 დღეს, მარინა ბერიძეს რამდენიმე საათის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარის წარმომადგენლები. ასევე, მოსამართლეები. მან განაცხადა, რომ რუსულ კანონში გამოყენებული ტერმინი – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი” მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის შესიტყვებაა და ასე აღიქვამს მას რიგითი მომხმარებელი.
“ნეტგაზეთი” ესაუბრა კვლევის ერთ-ერთ თანაავტორს, პროფესორ შალვა ტაბატაძეს. მისი თქმით, კვლევა სამი სხვადასხვა, თუმცა ურთიერთდაკავშირებული მეთოდით ჩაატარეს. ამ მიდგომის მიზანი იყო არა მხოლოდ ცალკეული სიტყვების, ან მათი შესიტყვებების განმარტება, არამედ მათი მნიშვნელობის განსაზღვრა ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანისთვის როგორც ზოგადად, ისე უშუალოდ ამ კანონთან დაკავშირებულ დისკურსში.
“თუ ენათმეცნიერების ინსტიტუტი მსგავსი ტიპის თანამედროვე კვლევებს არ ატარებს, განვითარების დაბალ დონეზეა, ეს არ ნიშნავს, რომ ენათმეცნიერება და ლინგვისტიკა არ ვითარდება და არ არის მრავლისმომცველი მიმართულება.
ის, რაც ქალბატონმა ნანამ [მაჭავარიანი] თქვა არის სრული აბსურდი. ენათმეცნიერებაში ვერ უნდა ერკვეოდე, ეს რომ თქვა. ენათმეცნიერება იმდენად ფართო სფეროა, წარმოუდგენელია ასეთი რამე თქვა. მით უმეტეს, რა კონტექსტშიც თქვა, რომ სიტყვების შეთანხმება არ ყოფილა ენათმეცნიერების საკითხი. რა თქმა უნდა ენათმეცნიერების საკითხია”, – ამბობს შალვა ტაბატაძე და განგვიმარტავს იმ მეთოდებს, რა მიმართულებიც იმუშავეს:
- ტერმინთა განმარტება და ლექსიკოგრაფიული კუთხით მუშაობა;
როგორ განიმარტება საკვლევ ფრაზაში – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი” – არსებული თითოეული სიტყვა ცალ-ცალკე, ასევე, მათი შესიტყვებები. - კორპუსის ანალიზი
“არსებობს ქართული ენის კორპუსი, რაც არის ერთგვარი საცავი, ქართულენოვანი ტექსტების მარაგი. ეს უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი თავის დროზე სწორედ დონორების დაფინანსებით შეიქმნა. თუმცა, სამწუხაროდ, 2017 წლის შემდეგ აღარ განახლებულა. სწორედ ეს კორპუსი დავამუშავეთ”, – გვიხსნის ტაბატაძე. - დისკურსული ანალიზი – ამ მეთოდით დაადგინეს კონკრეტული ტექსტის მიმართება იმ კონტექსტთან, რა კონტექსტშიც განიხილებოდა საკვლევი სიტყვები თუ შესიტყვებები.
“დისკურსულ ანალიზში შევისწავლეთ, კანონის განხილვისას რა ტიპის დისკურსები იქმნებოდა ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ჯგუფების, ამ შემთხვევაში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიმართ”,- ამბობს ტაბატაძე.
ენობრივი პოლიტიკის მკვლევარი, ხაზგასმით ამბობს, რომ ცალკე აღებულ სიტყვებს შესაძლოა ნეიტრალური, ან სულაც დადებითი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ერთობლიობაში რა შინაარსს გამოხატავენ ისინი.
გარდა ამისა, შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ საკვლევ ფრაზას – “უცხოური ინტერესების გავლენის გამტარს” ნეგატიური კონტექსტში იყენებენ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ამან, თავისთავად, შეუწყო ხელი ამ ტერმინის უარყოფითი მნიშვნელობით დამკვიდრებას ქართულენოვან საზოგადოებაში.
“ცალკე აღებული “უცხოს” და “უცხოურს” ისეთი ნეგატიური კონოტაცია არ აქვს, როგორც მთლიან სიტყვათშეთანხმებას – “უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელი”. რა თქმა უნდა, ეს მკვეთრად უარყოფითი კონოტაციისაა. თუმცა, ფრაზაში არსებული სხვა სიტყვები – “ინტერესი” და “გამტარებელიც” თავისთავად არ არის პოზიტიური კონოტაციის. ეს არამხოლოდ ვიღაცის კონოტაციაა, თავად სახელისუფლებო ძალები ქმნიდნენ მტრულ დისკურსს ამ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიმართ, ახდენდნენ მათ მარგინალიზებას, მათი სანდოობის ეჭვის ქვეშ დაყენებას, სახელმწიფო მტრად და ქართული ეკლესიის მტრად გამოცხადებას. ეს დისკურსები ცალსახად გამოჩნდა კვლევაში. პრინციპში, ამას არც მალავენ, ღია ტექსტებით საუბრობენ ამაზე სახელისუფლებო სტრუქტურები, რომ ეს არის მტრული ძალების მიმართ მიმართული და რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს კანონი, არის აგენტურა”, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
მისივე თქმით, მართალია რუსული კანონის იმ ვერსიაში, რომელიც საბოლოოდ მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, სიტყვა “აგენტი” გამოყენებული არ არის, მაგრამ გასულ წელს დაწყებული დისკურსი და მისი შინაარსი დღემდე აქტუალურია.
“ის, რა შინაარსიც დევს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელში”, შინაარსობრივად არ განსხვავდება “აგენტისგან”. მეორე მხრივ ეს არის მემკვიდრე ფრაზა სიტყვა აგენტისა, რომელსაც ვერ ამოვაგდებთ ამ მსჯელობიდან. ანუ, არგუმენტი შეიცვალა ამ სიტყვებით, ვითომ შერბილდა, მაგრამ შინაარსი არ შეცვლილა. სიტყვა “აგენტისა” და მისი შინაარსის ასოცირება ამ კანონთან დარჩა”, – განმარტავს შალვა ტაბატაძე.
მკვლევარი გვიზიარებს ერთ მიგნებასაც – კანონში, რომელიც მმართველმა პარტიამ გამჭვირვალობის მიღწევის საბაბით მიიღო, სიტყვა “გამჭვირვალობა” სულ ორჯერ არის ნახსენები. ეს მაშინ, როცა “უცხოური ძალა” მისი გავლენა და მისი სანქცირების და დასჯის მნიშვნელობის გამომხატველი სიტყვები ბევრად მეტჯერ გვხვდება.
“გამჭვირვალობა აღარავის აღარ ახსოვს, თუნდაც ლინგვისტური თვალსაზრისით”, – ამბობს ტაბატაძე.
არის კიდევ ერთი მიგნება, რაც მკვლევრებმა დისკურსული ანალიზისას გამოკვეთეს და რაც ამ უარყოფითი სიტყვათა შეთანხმებების შერბილების მცდელობა. ტაბატაძის თქმით, კანონის მესვეურები ამის მიღწევას შეეცადნენ “კარგი და ცუდი ინტერესების” კლასიფიკაციით – ერთი ორგანიზაცია კარგია და კარგ საქმეებს აკეთებს, მეორე ცუდია და ცუდი ინტერესი აქვს. თუმცა, როგორც მკვლევარი ამბობს, აქ ჩნდება კითხვა, ვის ხელეწიფება ორგანიზაციების ამგვარად კლასიფიკაცია და რას მოგვცემს ეს? თუმცა, რადგან კვლევის საგანი ეს არ ყოფილა, ამ მიმართულებით ავტორები ანალიზს არ გვთავაზობენ.
შალვა ტაბატაძეს, ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა ამ პროცესში მოხალისეობრივად ჩართვა. მკვლევარი გვპასუხობს, რომ ეს საკითხი მისთვის პროფესიულადაც საინტერესოა, თუმცა გადამწყვეტი იყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თემის კვლევაში მონაწილეობაზე უარი არ ეთქვა.
“ნეტგაზეთი” ესაუბრა მარინა ბერიძესაც, ენათმეცნიერსა და კვლევის თანაავტორს. მან თქვა, რომ ყველაფერი, რაც სათქმელი ჰქონდა სასამართლოს წინაშე თქვა უშუალოდ დოკუმენტი კი უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. რაც შეეხება ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ნანა მაჭავარიანის განცხადებას, მარინა ბერიძე ამბობს, რომ ის მისი მეგობარი და დირექტორია, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით მისი ნათქვამი წარმოუდგენლად მიაჩნია.
დირექტორის განცხადებას გაემიჯნა ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანიც. თუმცა, საკითხზე შინაარსობრივი განმარტება მას არ გაუკეთებია.
“ნეტგაზეთი” შეეცადა თავად ნანა მაჭავარიანთან დაკავშირებასაც, მაგრამ ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჯერჯერობით ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
ამავე თემაზე: