საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 27 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც ოფიციალურად დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს. ეს ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად გაიხსნა.
“მოგვიახლოვდა დღე არჩევანის, დღე გადარჩენის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ და დაამატა, რომ ეს არის არა რიგითი არჩევნები, სადაც მოქალაქეები კონკრეტულ პარტიებს შორის აკეთებენ არჩევანს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იხსნება. ეს არის საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნებში გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. მისი ერთ-ერთი სახეა აგიტაცია, ანუ მოწოდება ამომრჩევლისთვის, რომ კონკრეტული სუბიექტის მხარდასაჭერად, ან საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა. ასევე, ამ მიზნით განხორციელებული ნებისმიერი საჯარო აქტივობა.
რა უფლებები, ვალდებულებები და შეზღუდვები აქვთ პროცესში ჩართულ სუბიექტებს?
პოლიტიკური პარტიები
არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვთ მოამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. ამ ყველაფრის გავრცელებაში ხელის შეშლა აკრძალულია.
გარდა ამისა, უფლება აქვთ წარადგინონ და გაავრცელონ წინასაარჩევნო პროგრამა. თუმცა, მისი შინაარსი არ უნდა შეიცავდეს ძალადობის, ან ომის პროპაგანდას; არსებული სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი წყობის ძალადობრივად შეცვლის, ან დამხობის მოწოდებას; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, რელიგიური თუ ეთნიკური შუღლის გაღვივების მოწოდებას.
საარჩევნო სუბიექტობის მსურველებმა ცესკოში უნდა წარადგინონ პარტიული სია, ასევე წარმომადგენლები ცესკოს კომისიებში. პარტიებს ვალდებულება აქვთ ანტიკორუფციულ ბიუროსთანაც – მათ უწყებას უნდა მიაწოდონ წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პერიოდულად წარუდგინონ ფინანსური ანგარიში.
ადგილობრივი თვითმმართველობა
მუნიციპალური ორგანოები ვალდებულები არიან ხელი შეუწყონ პარტიების/საარჩევნო სუბიექტებისა და ამომრჩევლის შეხვედრებს, საჯარო დებატებს, დისკუსიებს, უზრუნველყონ ამ და სხვა, მსგავსი ტიპის შეკრებების უსაფრთხოება.
მათ აკრძალული აქვთ საკუთარ ბიუჯეტით დააფინანსოს წინასაარჩევნო აგიტაცია. ეს ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად. ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებად ჩაითვლება მუნიციპალური ორგანოების ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის აგიტაციის მიზნებისთვის.
მედია
მაუწყებლები ვალდებული არიან, გამოყონ დრო უფასო წინასაარჩევნო რეკლამისთვის. კენჭისყრამდე 2 დღით ადრე და კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნების დახურვამდე, აკრძალულია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
საარჩევნო აგიტაციის ჩატარების, ან მასში მონაწილეობის უფლება არ აქვს:
- საარჩევნო კომისიის წევრს;
- მოსამართლეს;
- პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური ინსპექციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეს;
- გენერალურ აუდიტორს;
- სახალხო დამცველის;
- უცხო ქვეყნის მოქალაქის და ორგანიზაციას;
- საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს;
- საჯარო მოსამსახურეს მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში და სხვა დროსაც, თუ ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და ა.შ.
საარჩევნო აგიტაციის ჩატარება არ შეიძლება სასამართლოში, სამხედრო ნაწილებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში.
სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებზე მისი მფლობელის ნებართვით; მათი გაკვრა არ შეიძლება საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე შენობებზე, სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის, სამხედრო შენაერთებისა და სხვა მსგავსი სტრუქტურების როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პირველად ისტორიაში – ამომრჩეველთა 90% ხმას ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს.