სანდრო კირვალიძე, რუსული კანონის აღსრულებისთვის შექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 6 დღის წინ – 14 აგვისტოს ამოეწერა არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის წევრთა სიიდან.
საუბარია ორგანიზაციაზე “ასოციაცია საქართველოს აზერბაიჯანთა კავშირი რეფორმების და განვითარების ხელშეწყობისათვის”, რომელიც 2015 წლის 24 თებერვალს დაფუძნდა. საჯარო რეესტრში ორგანიზაციის გამგეობის ერთ-ერთ წევრად მითითებული იყო სანდრო კირვალიძე. ასევე, არის ორგანიზაციის დამფუძნებელი კრების წევრი.
კირვალიძის გარდა, აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან: ფახრად მუსაევი (თავმჯდომარე), ლეილა ჩავგალოვა, ჯამილა გაჯიევი, ომარი ბროლაძე, რაუფ გუსეინოვი და ისკანდარ მამედოვი.
2024 წლის 14 აგვისტოს, ანუ 6 დღის წინ, სანდრო კირვალიძემ მიმართა საჯარო რეესტრს, ორგანიზაციის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. შესაბამის განცხადებაში ის მიუთითებს, რომ ორგანიზაცია “აღარ ფუნქციონიებს და მე არ ვიღებ მონაწილეობას ორგანიზაცის მართვასა და საქმიანობაში”.
მოთხოვნის იმავე დღეს დასაკმაყოფილებლად კირვალიძემ 207 ლარიც გადაიხადა. განცხადების მიღებიდან ორ საათში რეესტრმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ორგანიზაციის საქმიანობისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ იძებნება. მისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ ორგანიზაციის წესდებიდან ვიგებთ, რომელიც საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული. წესდებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია:
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ზრუნვა;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგება;
- საზოგადოების აქტიური ჩაბმა სახელმწიფო მშენებლობაში;
- საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;
- მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცება საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის და ა.შ.
ორგანიზაციის წესდებაში აღნიშულია, რომ “ასოციაციის შემოსავლები იქმნება საწევრო შენატანიდან, შემოწირულობებისგან, ასევე საერთაშორისო ფონდებიდან მიღებული გრანტებიდან და დახმარებებიდან, ასოციაციის მიზნებისთვის წესდებით გათვალისწნებული, კანონით ნებადართული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებიდან”.
აქვეა აღნიშნული, რომ ასოციაცია საკუთარი მიზნების მისაღწევად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რა ტიპის სამეწარმეო საქმიანობაზეა საუბარი. მაგრამ ხაზგასმულია, რომ “ასოციაციის პრინციპულ (მთავარი) პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობა, კერძოდ კი, უსასყიდლო გრანტებზე მუშაობა.
დღეს, 20 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს. 32 წლის კირვალიძე პროფესიით იურისტია. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრი და მაგისტრია. მისი სამსახურებრივი გამოცდილება იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობას მოიცავს. საქართველოში რუსული კანონის აღმასრულებლობამდე იყო საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
იუსტიციის სამინისტროს კანონის ძალაში შესვლიდან 60 დღის, ანუ 2 თვის ვადაში, რუსული კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი „მატერიალურ – ტექნიკური“ ღონისძიებები (მათ შორის იგულისხმება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციათა რეესტრის და შესაბამისი ვებგვერდის შექმნა, სადაც რეგისტრაციის შევსების განაცხადი იქნება) უნდა განეხორციელებინა.
ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კი, ის სუბიექტები, რომლებიც 2023 წლის მონაცემებით, რუსული კანონის მიხედვით აკმაყოფილებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ კრიტერიუმებს, ვალდებული არიან, მიმართონ საჯარო რეესტრს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე.
შესაბამისად, გრანტის მიმღებ სუბიექტებს რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება კანონის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 3 თვეში ( 3 სექტემბრიდან) წარმოეშვებათ.
იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უარს იტყვის ამ რეესტრში რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების მიუხედავად, მაინც დაარეგისტრირებენ.
რუსული კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.