საზოგადოება

სახდეპი თბილისს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ“ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი – ალექს რაუფოღლუ

6 აგვისტო, 2024 •
სახდეპი თბილისს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ“ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი – ალექს რაუფოღლუ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ვაშინგტონი თბილისს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ“ გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი.

სახდეპის წარმომადგენლის კომენტარს ამ საკითხზე ავრცელებს ალექს რაუფოღლუ – ჟურნალისტი, რომელიც ვაშინგტონში მუშაობს და სახდეპის ბრიფინგებზე ხშირად სვამს კითხვებს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ღრმად შეშფოთებულნი ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების ცნობებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სადიგოვი“, – ციტირებს რაუფოღლუ სახდეპის პრესსპიკერს.

მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი სამ აგვისტოს თბილისში დააკავეს. იგეგმება მისი ექსტრადირება. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი