საზოგადოება

კობახიძესთან ერთად ჰამასის ლიდერი ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას

30 ივლისი, 2024 •
კობახიძესთან ერთად ჰამასის ლიდერი ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას

ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიაც ესწრებოდა.

პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის კადრები, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისში გაიმართა, საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გვერდზეც გავრცელდა. თავდაპირველად გავრცელებულ კადრებში ირაკლი კობახიძესთან ერთად ისმაილ ჰანიაც ჩანდა, თუმცა პრემიერ-მინისტრის გვერდზე ჰამასის პოლიტიკურ ლიდერთან ერთად ფოტო აღარ იძებნება.

ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციიდან კადრები გაავრცელა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა, რომელიც ინაუგურაციას ესწრებოდა. პაშინიანის გავრცელებულ კადრებშიც ჩანს, რომ მათთან ერთად ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიაც იმყოფება.

ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციიდან კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელებშიც. ირანის მეჯლისიდან X-ზე გავრცელებულ ერთ-ერთი ვიდეოში ისმის შეძახილებიც, სადაც თან დართული სუბტიტრების თანახმად, „სიკვდილი ამერიკას!“ და „სიკვდილი ისრაელს!“ იძახიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი