საზოგადოება

რა აწუხებთ ქართველ მიგრანტებს?

17 ნოემბერი, 2015 •
რა აწუხებთ ქართველ მიგრანტებს?

მიგრანტების პრობლემების იდენტიფიკაციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და  მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი მუშაობდნენ ერთობლივი პროექტის – “ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” ფარგლებში.

 

პროექტის ფარგლებში მიგრანტებთან გამართული შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულ მიგრანტებს სურთ, რომ იურიდული დახმარებით სარგებლობის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, გააჩნდეთ თანხები საკვირაო სკოლებისა და კულტურული ღონისძიებების გასამართად და დიასპორული ორგანიზაციები მეტად იყვნენ კოორდინირებულნი. 

 

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მიგრანტებს აქვთ ბიზნესიდეები და მათ განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

 

თეონა მაჭარაშვილი, საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაციის წევრი, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, ამბობს, რომ საია-მ ჩაატარა შეხვედრები საქართველოს მასშტაბით 176 სოფელში და შეხვდნენ 3000-ზე მეტ დაბრუნებულ თუ დროებით მიგრანტს, ხოლო მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიხედვით შეადგინეს სამართლებრივი გზამკვლევი.

თეონა მაჭარაშვილის თქმით, მიგრანტებს საქართველოდან ენობრივი ბარიერი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არიან სრულ იზოლაციაში. ამის საწინააღმდეგოდ კი შეიქმნა ახალი ონლაინ-პლატფორმა educaregeorgia, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს ქართველი მიგრანტების ინტეგრაციას სხვა ქვეყნებში.

 

მიგრანტებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ მიგრაციის განმაპირობებელი ფაქტორია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები: მცირე შემოსავლის მქონე ადამიანები ტოვებენ საცხოვრებელ სახლებს და მიდიან მაღალი ანაზღაურების სამუშაოს საძიებლად.  ამ მიზნისთვის ისინი იღებენ ვალებს, ან ყიდიან საკუთარ სახლებსაც, თუმცა ხშირად ვერ ახერხებენ უცხოეთში თავის დამკვიდრებას და კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე.

 

მიგრაციის განმაპირობებელი მიზეზი ლგბტ (ლესბოსელი, გეი ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანების დისკრიმინაციაცაა. ასევე, მშობლები მიდიან საზღვარგარეთ იმისათვის, რომ თავიანთი შვილების განათლება დააფინანასონ.

 

კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ მიგრაციის მსურველები წინასწარ არ იძიებენ ინფორმაციას იმ ქვეყნის შესახებ, სადაც მიდიან სამუშაოდ. მიგრანტები სასურველ ქვეყანას ძირითადად ნაცნობების სიმრავლით, ტერიტორიული სიახლოვით, ნაკლები ხარჯიანობითა და ენობრივი ფაქტორის გათვალისწინებით ირჩევენ.

 

საზღვარგარეთ მუშაობის ძირითადი სფეროებია თხილის და ჩაის კრეფა, ბავშვებისა და მოხუცების მოვლა, ქარხნებსა და მშენებლობებზე მუშაობა. მიგრანტები უმეტესად ყოველდღიური საჭიროებისთვის გამოიმუშავებენ თანხას და არა გრძელვადიანი მიზნებისთვის. ამას ემატება ისიც, რომ ვერ იმაღლებენ კვალიფიკაციას, – ამბობს თეონა მაჭარაშვილი.

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი ნინა მატიაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს მცირე ბიუჯეტი აქვს, თუმცა ცდილობს, რომ მაქსიმალურად წაახალისოს საზღვარგარეთ მცხოვრები მიგრანტები.

 

მინისტრის უფროსი მრჩეველი ამბობს, რომ ისინი ძირითადად შუამავლის როლს ასრულებენ მიგრანტებსა და სხვადასხვა უწყებასა თუ პოტენციურ დონორს შორის იმ საჭიროებების მოსაპოვებლად, რაც მიგრანტებს სჭირდებათ.

 

ნინა მატიაშვილის თქმით, USAID-თან ერთად იწყება ახალი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის კუთხით იმუშავებს, ხოლო თუ მიგრანტი ჩაერთვება პროექტში და ექნება შესაბამისი კვალიფიკაციაც, მაშინ წამოწყებას 30%-ით დაუფინანსებენ. ასევე, 2016 წლიდან მსოფლიო ბანკთან ერთად დაიწყება პროგრამა ინოვაციური ეკოსისტემის პროგრამის დაფინანსებაზე, რომელსაც აქვს დიასპორული კომპონენტიც და ამაზე მუშაობს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

 

მინისტრის უფროს მრჩეველს მიაჩნია, რომ მიგრანტებს გააჩნიათ დიდი გამოცდილება, რომლის გამოყენება საქართველოსთვის დიდი რესურსი იქნება.

მიგრანტების გამოცდილების გაზიარებასა და მისი მნიშვნელობის წარმოჩენას ისახავდა მიზნად “ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობის” პროექტის მეორე კომპონენტი, რომლის ფარგლებში წარმატებული მიგრანტები ჩამოვიდნენ საქართველოში და 10 რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ.

 

კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელი თიკო ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მათ წინასწარ შეისწავლეს შრომის ბაზარი და შეარჩიეს სპეციალობები, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საჭიროებს მეტ განვითარებას. პროექტის ავტორებმა გამოყვეს რამდენიმე მიმართულება: სოფლის მეურნეობა, გაყიდვების გაზრდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, ტურიზმი, ქალაქმშენებლობა და კომუნიკაციები. 

 

“ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობის” პროექტი 2012-2015 წლებში მიმდინარეობდა ევროკავშირის დაფინანსებით. პროექტის შედეგების პრეზენტაცია 2015 წლის 16 ნოემბერს გაიმართა.

მგზავრები ფრანკფურტის აეროპორტში. 24.07.2015 (C) EPA/CHRISTOPH SCHMIDT
მგზავრები ფრანკფურტის აეროპორტში. 24.07.2015 (C) EPA/CHRISTOPH SCHMIDT

მასალების გადაბეჭდვის წესი