საზოგადოება

გაუჩინარებული ვერტმფრენები

11 ოქტომბერი, 2010 • 1695
გაუჩინარებული ვერტმფრენები

აჭარის რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბათუმის აეროპორტიდან 11 ვერტმფრენი გაიყვანა. შვიდი მათგანი თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. როგორც აღმოჩნდა, ვერტმფრენები შპს «ავიაკომპანია აჭარას» საკუთრებაში იყო. ოთხი მათგანის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრის მონაცემებით, ჯერ ისევ «აჭარაა».

აჭარის რევოლუციის დღეს, ჯერ კიდევ 6 მაისს, აჭარის ტელევიზიის კუთვნილი სატელიტური გადამცემის მიტაცების მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა. რევოლუციის მეორე დღეს კი ბათუმის დინამოს სტადიონთან ასლან აბაშიძის ე.წ. ქონების გამოფენა მოეწყო, რომლის პრეზენტაციაც თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწყო. იგი მოსახლეობას ქონების საქველმოქმედო მიზნით განკარგვას დაჰპირდა (რაც არ შესრულებულა). პარალელურად დაიწყო აბაშიძისა და მასთან დაახლოებული პირების დევნა, ძირითადად, კერძო საკუთრების ჩამორთმევის მიზნით, რაზეც სასამართლო პროცესები წლების განმავლობაში გაგრძელდა. ამ პროცესების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულდა.

რევოლუციის პირველ დღეს ბათუმის აეროპორტი საქართველოს შინაგანმა ჯარმა დაიკავა და ავიაკომპანია «აჭარას» საკუთრებაში არსებული 11 ვერტმფრენი მიისაკუთრა. იმავე დღეს დააპატიმრეს ავიაკომპანია «აჭარას» დირექტორი რუსლან დიასამიძე, რომელიც შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს. როგორც დიასამიძემ «ბათუმელებთან» განაცხადა, იგი დაპატიმრების შემდეგ გადადგა ა/კ «აჭარას» დირექტორის თანამდებობიდან.

კომპანიის ხელმძღვანელობა მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნინო ალფაიძემ ითავა: «რახან შექმნილი ვითარება ძალზე რთული იყო, კომპანიის გადასარჩენად გამოსავალს ვეძებდი. მინდოდა, თვითმფრინავები და რეისები შემენარჩუნებინა. ვერტმფრენები ისე წაიყვანეს, ჩვენთვის არც არაფერი უკითხავთ და არც რაიმე დოკუმენტი შეუდგენიათ».

 

ავიაკომპანიის ყოფილი თანამშრომლების თქმით (რომლებმაც ვინაობის  გამხელა არ ისურვეს), შვიდი ვერტმფრენი იმ დღესვე წაიყვანეს. ოთხი კი, რომლებიც იმ მომენტში ტექნიკურად გაუმართავი იყო, დაშალეს და ნაწილ-ნაწილ წაიღეს.

 

ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც შინაგანი ჯარების წარმომადგენლებმა ავიაკომპანიისა და აეროპორტის ხელმძღვანელობასთან ერთად შექმნეს,  დარჩენილი ქონების ინვენტარიზაციის აქტი იყო, რომელშიც  189 ერთეული ნივთი დაფიქსირდა. აქტს ხელი 2004 წლის 14 მაისს მოეწერა. შსს შინაგანი ჯარების მხრიდან ხელი მოაწერეს: პოლკოვნიკმა დოლიძემ და კაპიტნებმა, ბარამიძემ და ყაჯარიშვილმა. ალფაიძის განცხადებით, დარჩენილი ქონების ღირებულება მილიონზე მეტი დოლარი იყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის 2010 წლის 10 აგვისტოს წერილით ვიგებთ, რომ  «ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას შპს «ავიაკომპანია აჭარას» მიერ შვეულმფრენების გასხვისების საბუთები არ გააჩნია». ამ წერილის მიხედვით, ცნობილი ხდება დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის 2005 წლის 23 აგვისტოს ¹588 განკარგულების შესახებ: «ა/კ «აჭარას» მიერ ექსპლოატირებული MI-8თ ტიპის ვერტმფრენები საქარხნო ნომრებით: ¹98841432, ¹98417925, ¹98311042, ¹98311300, ¹98315032, ¹98311401 და MI-8AMთ, საქარხნო ნომრით ¹59489607174 საქართველოს სამოქალაქო საჰაერო სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ».

ვერტმფრენების რეესტრიდან ამოღების საფუძვლად საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹636 ბრძანებულება ამითითებული, რომლითაც შინაგანი ჯარებიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა ზემოხსენებული ვერტმფრენები და საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის 2005 წლის 2 აგვისტოს ¹989 წერილი.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის წერილი  საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თხოვნის პასუხია. წერილში ნათქვამია, რომ ა/კ «აჭარას» კუთვნილი ვერტმფრენები  სამხედრო-საჰაერო ძალების ბალანსზეა აყვანილი: «აგრეთვე, გაცნობებთ, რომ ქალაქ ბათუმის აეროპორტში იმყოფება ოთხი ერთეული მი-8 ტიპის შვეულმფრენი, რომლებიც არ იმყოფებიან სამხედრო-საჰაერო ძალების სახელმწიფო რეესტრში».

2007 წელს რეესტრიდან ამოღებულ იქნა ავიაკომპანია «აჭარას» კუთვნილებაში დარჩენილი ოთხი ვერტმფრენიც. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის 2007 წლის 5 სექტემბრის ¹89 ბრძანებით «მი-8 ტიპის შვეულმფრენები ამოსაცნობი ნიშნებით: 4-25400, 4-22896, 4-24675 და 4-24601, რომელთა მესაკუთრეა ა/კ «აჭარა», ამოღებულ იქნას რეესტრიდან (საფუძველი: საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის» მე-8 მუხლის პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტი)».

ნინო ალფაიძის განმარტებით, ეს მუხლი მიუთითებს იმაზე, რომ ვერტმფრენებს სავალდებულო რემონტი და ტექნიკური დათვალიერება არ ჩაუტარდათ. «2004 წლის 25 ივნისს დამაკავეს. აბსურდული ბრალდება წამიყენეს, 50 ათასი ლარის დამალვას მედავებოდნენ. ექვსი თვე ციხეში ვიყავი. მართალია, გავმართლდი, მაგრამ იძულებული ვიყავი, რამდენიმე წლით საზღვარგარეთ წავსულიყავი. როცა ჩამოვედი, აღმოჩნდა, რომ ჩვენი კომპანიისთვის წართმეული ვერტმფრენები ისევ ჩვენს ბალანსზე ირიცხებოდა. ჯერჯერობით, ვერ გავარკვიე, სად წავიდა ეს ვერტმფრენები, რატომ წაგვართვეს და საერთოდ, რატომ გაუკეთა სახელმწიფომ ბლოკირება ჩვენს ავიაკომპანიას?!»

ავიაკომპანია «აჭარას» წინააღმდეგ ბრძოლა ამით არ დასრულებულა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციამ, ბიუჯეტის სასარგებლოდ, მას 1 713 613 ლარის გადახდა დააკისრა: «როცა დამიჭირეს, 600 ათასი ლარი ერიცხებოდა კომპანიას ბიუჯეტის ვალი. სახელმწიფო ორგანოებს კი 1 300 000–ზე მეტი ვალი ემართათ ჩვენი. საგადასახადოში გვითხრეს, რომ სახელმწიფო ორგანოები ჩვენს ვალს არ გადაიხდიდნენ, «წადი და აბაშიძეს მოთხოვე ეგ ვალებიო», მითხრა საგადასახადო სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, აბაშიძისდროინდელი სახელმწიფო ვალების გადახდა კი თურმე სავალდებულოა».

ავიაკომპანიამ, ორი თვითმფრინავის უკანონოდ გასხვისების თაობაზე, სახელმწიფოსთან დავა უკვე წააგო. სასამართლო  ავიაკომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, რუსლან დიასამიძის ჩვენებას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ქონების წართმევით, შპს-ს ზარალი არ მიყენებია. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრის 2006 წლის 3 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, ა/კ «აჭარას» ერთადერთი დირექტორი, ნინო ალფაიძე ჰყავს. 2010 წლის 14 ივლისის ამონაწერის მიხედვით კი, ალფაიძესთან ერთად, ავიაკომპანიის დირექტორად რუსლან დიასამიძეცაა მითითებული.

ადვოკატი ვლადიმერ სანიკიძე აცხადებს, რომ სამართლებრივ დავას საქართველოში დღესდღეობით აზრი არ აქვს: «ავიაკომპანია ორი თვითმფრინავის უკანონოდ წართმევის თაობაზე დავობდა. უსამართლოდ წავაგეთ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა. თუ უნდათ, უდანაშაულო კაცს დაუმტკიცებენ დანაშაულს.  ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს კერძო საკუთრების, 11 ვერტმფრენის დატაცების ფაქტს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ვაპირებ, მივმართო პროკურატურას, თუმცა იმედი არ მაქვს, რომ ამ საქმიდან რამე გამოვა».

მასალების გადაბეჭდვის წესი