9-11 ივლისს ვაშინგტონში იმართება ნატოს სამიტი, რომელიც ალიანსის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს.

სამიტი გაიხსნება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისალმებით Mellon Auditorium-ში, სადაც 1949 წლის 4 აპრილს ხელი მოეწერა ალიანსის დამფუძნებელ ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულებას.

„ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ნატოს ერთიანობას და ძლიერებას უკრაინის მხარდასაჭერად და ჩვენი ხალხისა და ღირებულებების დასაცავად“, — განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგისთვის, რომელიც 2014 წლიდან არის ნატოს გენერალური მდივანი და უკვე ოთხჯერ გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა, ეს ბოლო სამიტია, ვიდრე პირველ ოქტომბერს უფლებამოსილებას ნიდერლანდების აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს გადააბარებს. ვაშინგტონის სამიტზე პირველად გამოვა დიდ სცენაზე გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტი“ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

ნატოს სამიტის დღის წესრიგში შეტანილია საკითხები:

  • შეკავება და თავდაცვა,
  • უკრაინის დახმარება,
  • პარტნიორობის გაღრმავება ევროპასთან, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით კი, ევროკავშირთან.

უკრაინა

ვაშინგტონის სამიტზე უკრაინის მიწვევა ბლოკში მოსალოდნელი არ არის — ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში ჯულიანა სმიტმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა. 2023 წლის ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებით, უკრაინისთვის მოიხსნა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროება. ახლა მთავარი ინტერესის საგანია ვაშინგტონის სამიტის კომუნიკეს ჩანაწერი — საუბარია ორ ფორმულირებაზე: „ხიდი წევრობისკენ“ ტერმინი, რომელსაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ჩათვლით, ბოლო პერიოდია იყენებენ, და უკრაინის გაწევრიანების „შეუქცევადი“ გზა.

„ალიანსში ინტეგრაციისთვის უკრაინის მზადყოფნის დასადასტურებლად და სიტყვა „მოწვევის“ (რაც პირადად ბაიდენის წითელი ხაზია) ხსენების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფო დეპარტამენტმა შესთავაზა ფორმულირება „ხიდი ნატოში“, რასაც თეთრმა სახლმა მხარი დაუჭირა. ასე რომ, ევროატლანტიკური საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებაში იქნება პუნქტი, რომ ალიანსის პოლიტიკა უკრაინის მიმართ ქმნის „ხიდს წევრობისკენ“, რამაც ბოლოს და ბოლოს უნდა მიიყვანოს უკრაინა ალიანსში გაწევრიანებამდე. ეს არის ზუსტად ის, რაც სამიტზე „გაიყიდება“ როგორც უკრაინის მიღწევა. გადაწყვეტილების საბოლოო ტექსტი ჯერ საჯარო არ არის, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ გაწევრიანების კუთხით გარღვევა არ იქნება“, — წერს უკრაინული „ევროპეისკა პრავდა“.

თუმცა CNN სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ალიანსის ერთობლივი კომუნიკეს ტექსტში უკრაინის გზა ნატოში გაწევრიანებისკენ აღწერილი იქნება, როგორც „შეუქცევადი“.

„პროექტი შეიძლება შეიცვალოს საბოლოო ვერსიამდე, მაგრამ ფორმულირება „შეუქცევადი“ მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება კიევისა და მოსკოვისთვის“, — წერს CNN.

CNN-ის ერთ-ერთმა წყარომ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, თქვა, რომ თეთრი სახლი მხარს უჭერს ამ სიტყვის გამოყენებას საბოლოო კომუნიკეში, სანამ დოკუმენტი დაადასტურებს, რომ კიევმა დემოკრატიულ რეფორმებზე მუშაობა უნდა გააგრძელოს.

CNN-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ევროპელმა ხაზი გაუსვა უკრაინის მომავლის შესახებ ძლიერი ჩანაწერის აუცილებლობას, აშშ-ის და გერმანიის ოფიციალურმა პირებმა შესთავაზეს სიტყვათშეთანხმება „წევრობის ხიდი“ .

„ხიდი წევრობისკენ“ იყო ის ფორმულირება, რომელიც ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკ კარპენტერმა ნატოს სამიტის წინასწარი მიმოხილვის პრესკონფერენციაზე ახსენა.

კარპენტერმა ასევე დააანონსა უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომები. მოკავშირეები გამოაცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას, რომელიც მოიცავს 40 მილიარდ ევროს მომავალი წლის განმავლობაში. ნატო დანიშნავს სამოქალაქო პირს ალიანსის უმაღლეს წარმომადგენლად კიევში. მოკავშირეები განათავსებენ ახალ სამხედრო სარდლობას გერმანიაში, რომელიც გამოიყენებს ბლოკის ინსტიტუციურ სიმძლავრეებს წვრთნებისა და აღჭურვის კოორდინირებისთვის და დაეხმარება უკრაინის ძალებს განვითარებაში. ნიშნავს თუ არა ეს, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ასევე ცნობილია რამშტაინის ფორმატის სახელით, შეწყვეტს ფუნქციონირებას და დახმარების კოორდინაცია ვაშინგტონიდან ალიანსში გადავა? კარპენტერის თანახმად, მეტ-ნაკლებად — რამშტაინის ფორმატი რჩება, თუმცა ზოგიერთი ფუნქცია დროთა განმავლობაში შესაძლოა, ნატოში გადავიდეს, რადგან ბლოკი უფრო მეტად ჩაერთვება წვრთნების კოორდინაციაში, ლოჯისტიკაში და სხვა.

მოკავშირეები ასევე გამოაცხადებენ ახალ ნაბიჯებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე.

სამიტის ფარგლებში, 11 ივლისს გაიმართება ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე.

საქართველო

ნატოს სამიტს დაესწრება ალიანსის ყველა, 40-ზე მეტი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი. საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ის მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს, პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

„საქართველო არის ნატოს ყველაზე სანდო, ერთგული და ახლო პარტნიორი. ჩვენ ეს წლების განმავლობაში არაერთხელ დავამტკიცეთ. ამავე დროს, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ და ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ“, – განაცხადა ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ და დასძინა, რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის დგას ყველა უმაღლესი დონის, მათ შორის, სამიტის შეხვედრების დღის წესრიგში.

თუმცა არაფერი მიუთითებს, რომ საქართველოს საკითხი უმაღლეს დონეზეა ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგში.

მაიკ კარპენტერმა სამიტის წინა პრესკონფერენციაზე მიუთითა საქართველოს მთავრობის ქმედებების შეუთავსებლობაზე ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან და თქვა, რომ „საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის ნატოს საჯარო ფორუმის სპიკერებს შორის. საჯარო ფორუმი არის ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია ნატოსა და მასპინძელი ქვეყნის მთავრობის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, და ტრადიციულად ტარდება ნატოს სამიტის პარალელურად. ფორუმში მონაწილეობენ ალიანსის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტები, აკადემიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები.