საზოგადოება

რა გახდა სოციალურად დაუცველი 9 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

5 ნოემბერი, 2015 •
რა გახდა სოციალურად დაუცველი 9 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

 ლუკას ოჯახი სოციალურად დაუცველია და ხელვაჩაურში, „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. ოჯახის წევრების თქმით, ღებინებითა და მაღალი სიცხით ბავშვი პირველად 30 ოქტომბერს მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას გადასხმა გაუკეთეს. მშობლების თქმით, ბავშვს სათანადო კვლევები არ ჩაუტარეს.  „თქვეს, არაფერი არა აქვს სისხლშიო, ვირუსი აქვს შენს შვილსო. თავის დროზე რომ ბავშვისთვის სერიოზულად გადაეხედა [ექიმს] და მე რამდენიც ვთხოვე შემოსულიყო, ხომ დააკვირდებოდა ბავშვის რეაქციას“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.  რა გახდა 9 წლის ლუკას გარდაცვალების მიზეზი? – „ბათუმელები“ დედათა და ბავშვთა ცენტრის ექიმს, ვახტანგ აფხაზავას ესაუბრა.  

 

„30 ოქტომბერს შემოიყვანეს ბავშვი ემენჯენსში, ჩაუტარდა დახმარება და შეთავაზებულ იქნა მკურნალობა, რაზედაც ოჯახმა უარი განაცხადა [ეს უარი დაფიქსირებული და ხელმოწერილია] და წაიყვანეს სახლში. 2 ნოემბერს უკვე შემოვიდა შოკში, უმძიმეს მდგომარეობაში, პირდაპირ მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, დაიწყო ანტიშოკური თერაპია, როგორც არის გაიდლანით, ყველა კვლევა ჩატარდა აბსოლუტურად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ექიმი რეანიმატოლოგი ვახტანგ აფხაზავა.

 

კითხვაზე, რა გახდა პაცენტის შოკური მდომარეობის მიზეზი, ვახტანგ აფხაზავა პასუხობს:


„მიზეზი გახდა ინფექცია. ბავშვს ჰქონდა პნევმონია, თირკმელში ანთება, გასტროენტერიტი… პნევმონია 30-ში არ ჰქონია, მაშინ რომ ყოფილიყო სიცოცხლისთვის რაიმე საშიში, პაციენტს სახლში მშობლის მოთხოვნითაც არ გავუშვებდით. თანდაყოლილი ფსიქო-მოტორული განვითარების ჩამორჩენით იყო ბავშვი, წონის დეფიციტი ჰქონდა, მისი მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა მისმა კლინიკამ დაავადების. რამდენჯერმე ნაწოლია ეს ბავშვი კლინიკაში, სხვადასხვა დიაგნოზით.“  

 

ექიმის თქმით, ოჯახს ბავშვის გადაყვანა უნდოდა თბილისში, „მაგრამ ასეთ სიტუაციაში პაციენტის გადაყვანა შეუძლებელი იყო რეანომობილით“.  

 

შმობლებმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს. 9 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის. 


დედათა და ბავშვთა ცენტრი
დედათა და ბავშვთა ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი