კომენტარისაზოგადოება

„სტალინის სადღეგრძელო არ დალია და გააციმბირეს“ – ჯანა ჯავახიშვილი რეპრესირებულ ბაბუაზე

2 ივლისი, 2024 •
„სტალინის სადღეგრძელო არ დალია და გააციმბირეს“ – ჯანა ჯავახიშვილი რეპრესირებულ ბაბუაზე

„ბაბუას ერქვა მიხეილ კანდელაკი, იყო გადასახლებაში 1937 წლიდან. წვეულება იყო, სულ რამდენიმე ადამიანი იყო ამ წვეულებაზე და სტალინის სადღეგრძელო დაილია. მან არ დალია სტალინის სადღეგრძელო და გააციმბირეს“, — ჰყვება ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი თავისი ბაბუის რეპრესირების ამბავს.

თავად ჯანა ჯავახიშვილი ბაბუამისს არასოდეს შეხვედრია, რადგან მის დაბადებამდე, 8-წლიანი გადასახლებიდან გულის დაავადებით დაბრუნებული გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მიხეილ კანდელაკის ისტორია და რეპრესირებული ადამიანების შთამომავლების ცხოვრება გახდა ფსიქოლოგის ერთ-ერთი მთავარი საკვლევი თემა.

„ძალიან ღირსეული ადამიანი იყო. ჰყავდა პატარა ოჯახი. ბებიაჩემი, დედის მხრიდან, თამარი, მისი ცოლი იყო და დედაჩემი გულიკო.

მიხეილი ცხინვალის რეგიონის მთავარი ვეტერინარი იყო. თავდადებულად შრომობდა იმიტომ, რომ უყვარდა თავისი საქმე. როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა მისი თანამდებობა. ახლაც მგონია, რომ იგივე განმეორდება, თუ ეს (რუსული) კანონი ძალაში შევიდა და დარჩა ის ვითარება, რაც ქვეყანაშია. მაგ დროს ყველაზე ქვენა ინსტინქტები იღვიძებს. ადამიანი მიკროსამყაროა – მასში კარგიც არის, ცუდიც. როცა სოციოპოლიტიკურად ჯანსაღი ვითარებაა, მაშინ ჯანსაღი იღვიძებს და კარგად ვცხოვრობთ, ღირსეულად. როცა არაჯანსაღი, ფაშისტური ვითარება ჩნდება, ამ დროს ყველაზე ქვენა ინსტინქტები იღვიძებს საზოგადოებაში. მაგალითად, კარგად ვიცით ბინის გამო „დანოსები“ (დასაბეზღებელი წერილი) იყო ხოლმე. ადამიანს, ოჯახს ანადგურებდნენ იმის გამო, რომ მეზობელს მისი ბინა მოუნდა. ასე იყო ბაბუაჩემიც — ვიღაცას მოუნდა მისი თანამდებობა.
წვეულება იყო, სულ რამდენიმე ადამიანი იყო ამ წვეულებაზე და სტალინის სადღეგრძელო დაილია.
მან არ დალია სტალინის სადღეგრძელო და გააციმბირეს“ ,— გვიყვება ჯანა ჯავახიშვილი.

ოფიციალური ბრალი

შვილიშვილის თქმით, პროფესიით ვეტერინარ მიხეილ კანდელაკს ცხინვალის რეგიონში დივერსია, კერძოდ, მსხვილფეხა საქონლის დაავადების, ჯილეხის გავრცელება დააბრალეს.

„ოფიციალური ბრალი იყო აბსოლუტურად აბსურდული. მას მერე, რაც წაიყვანეს, ასე ამბობდნენ ხოლმე, „წაიყვანეს“, მას შემდეგ, რაც წაიყვანეს…

რეგიონებში პერიოდულად ვრცელდებოდა ხოლმე ჯილეხი — მსხვილფეხა საქონლის დაავადება. მისი გადასახლებიდან რამდენიმე თვეში გავრცელდა ჯილეხი. დაბრალდა, რომ იყო კონტრრევოლუციური ელემენტი, ანუ აგენტი, მან მოაწყო დივერსია და ჯილეხი გაავრცელა ცხინვალის რეგიონში“ ,— ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.

„ხალხის მტრის შვილი“

„დედაჩემი მეორე დღიდან გახდა ხალხის მტრის შვილი სკოლაში. ამას ეძახდნენ 10 წლის ბავშვს – ხალხის მტრის შვილი“ ,— ჰყვება ნეტგაზეთის რესპონდენტი დედამისის შესახებ.

როგორც ჯანა ჯავახიშვილმა აღნიშნა, დედამისს, გადასახლებული მიხეილ კანდელაკის შვილს, გაუმართლა, რომ მის კლასში კიდევ სხვა „ხალხის მტრების“ შვილებიც სწავლობდნენ.

„სამ რაღაცაში გაუმართლა დედაჩემს. ერთი იმაში, რომ კლასში იყვნენ სხვა „ხალხის მტრების“ შვილები. ეს ძალიან ეხმარებოდა მორალურად. პედკოლექტივიც არ ყო ისეთი, პრორუსულ-კომუნისტური. მეორე ის, რომ ბებიაჩემი იყო საყრდენი, ოთარაანთ ქვრივის ტიპის ქალი. ბებიაჩემს და გულიკოს არასოდეს შეჰპარვიათ ეჭვი, რომ მიხეილი მართლა უდანაშაულო, პატიოსანი კაცი იყო, ამიტომ თამარი ინსტანციიდან ინსტანციაში დადიოდა და ასაჩივრებდა ყველაფერს.

მე ვფიქრობ, ბაბუაჩემი რომ გადარჩა, ბებიაჩემის დამსახურებაცაა. მესამე ის, რომ გამოჩნდნენ ოჯახის ახლობლები, ვისაც დახმარების არ ეშინოდა იმიტომ, რომ იმ პერიოდში დახმარებაც მალულად ხდებოდა ხოლმე. ამით არ აფიშირებდა, მაგრამ იყო ოჯახი, რეჟიმში მსახურობდა ის კაცი. წესიერი კაცი იყო, თუმცა მაშინდელ ხელისუფლებასთან აფილირებული, და გულიკო ყოველ კვირას მათთან სადილობდა. ეს ძალიან დიდი შეღავათია“ ,— ჰყვება ფსიქოლოგი.

ცხოვრება გადასახლებაში და მას შემდეგ

ჯანა ჯავახიშვილის თქმით, გადმოცემით იცის, რომ ვეტერინარი მიხეილ კანდელაკი ციმბირში მკურნალობდა როგორც თანაგადასახლებულებს, ისე რეჟიმის წარმომადგენლებსაც.

„ექიმი აქაც ექიმია“, — წერდა რეპრესირებული ციმბირიდან თავის შვილს, გულიკოს.

„ვიცი, რომ მიხეილი ძალიან მძიმე რევმატიზმით, გულის დაავადებით ჩამოვიდა. დედა ექიმი იყო. დედა არ აპირებდა ექიმობას, ისტორიკოსობა უნდოდა, ძალიან აინტერესებდა ისტორიკოსობა. საბედნიეროდ, ჰქონდათ კომუნიკაცია. საბედნიეროდ, არა მისი პროფესიული არჩევანისთვის, უბრალოდ, კარგია, რომ მიხეილი პერიოდულად ახერხებდა, რომ გამოეგზავნა შეტყობინება — „მე ვარ ცოცხალი“. გულიკოს რჩევებს აძლევდა იქიდან.

ის, რომ მიხეილი ვეტერინარი იყო, გადარჩენაში დაეხმარა. იქ მკურნალობდა ადამიანებს და არა მხოლოდ თავის თანაგადასახლებულებს, არამედ რეჟიმის წარმომადგენლებსაც იმიტომ, რომ იქ კარგი ექიმი არ იყო. მიხეილის სერვისს იყენებდნენ და ეს მიხეილს გადარჩენაში დაეხმარა. ბევრი დაიღუპა, ვინც იქ მის გვერდით იყო, 8 წელი ციმბირში არ არის მარტივი. ჰოდა, გულიკოს სწერდა ხოლმე წერილებს, რომ „რა ისტორია, რის ისტორია, გახდი ექიმი. ექიმი აქაც ექიმია“, — ჰყვება ჯანა ჯავახიშვილი.

მისივე თქმით, ბაბუის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ოჯახში გადასახლების პერიოდზე საერთოდ არ საუბრობდნენ.

„საერთოდ არ ლაპარაკობდნენ ამაზე. ის კი არა, მე ბებიაჩემი კარამდე მაცილებდა ხოლმე, რიტუალი ჰქონდა. მერე გადმომხედავდა და კოცნას მიგზავნიდა, სკოლაში როცა დავდიოდი. კარამდე რომ მიმაცილებდა ხოლმე, ამ რიტუალის ნაწილი იყო, რომ რამდენიმე სიტყვას მეუბნებოდა და ეს იყო „არსად არაფერი არ თქვა“, — ამბობს ის.

მანკიერი სამკუთხედი – მსხვერპლი, აგრესორი და გვერდიდან მაყურებელი

როგორც ჯანა ჯავახიშვილი აღნიშნავს, მის ოჯახს კომპენსაციის სახით არაფერი მიუღია, თუმცა ის კომპენსაცია, რასაც რეპრესირებულების ოჯახები იღებდნენ, საკმარისი არ იყო, ამიტომ მათი ტრავმა თაობიდან თაობაზე გადადის.

„ეს სიჩუმე და ტკივილი თაობიდან თაობას მოჰყვება და არ ჩერდება. ტრავმა გადადის თაობებზე. ალბათ, ყველაზე მეტად იმიტომ, რომ თავის დროზე არ მომხდარა სწორი აღქმა, შეფასება, რეაბილიტაცია, კომპენსაცია. ადამიანებს იმ ტრავმის სანაცვლოდ, რაც ჰქონდათ, არაფერი მიუღიათ. ჩემს ოჯახს საერთოდ არ ჰქონდა კომპენსაცია, არც არასოდეს გვითხოვია. ამ თემას როცა ვიკვლევდი, ერთმა ბიჭმა მომიყვა, რომ ფულადი კომპენსაცია, რომელიც რეპრესირებული ოჯახის წევრის „სანაცვლოდ“ მიიღეს, იმდენი იყო, მხოლოდ ერთი კარადის ყიდვას ჰყოფნიდა და ამის გამო ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს“, — ამბობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.

მისივე თქმით, რეპრესიების პარალელურად იქმნება მანკიერი სამკუთხედი — აგრესორი, მსხვერპლი და გვერდიდან მაყურებელი და ისინი, შესაძლოა, ერთმანეთის ადგილას აღმოჩნდნენ.

ფსიქოლოგი სტალინურ რეპრესიებს „რუსულ კანონს“ ადარებს და ამბობს, რომ შეიძლება, კანონის ავტორები  ამ კანონის მსხვერპლი თავად გახდნენ.

„როდესაც ქვეყანაში რეპრესიების სიტუაცია დგება, იქმნება მანკიერი სამკუთხედი – მსხვერპლი, აგრესორი და გვერდიდან მაყურებელი. სამკუთხედის მანკიერება ის არის, რომ წვეროები არ არის სტატიკური, სულ დინამიკურია. აგრესორმა შეიძლება, მსხვერპლის როლში გადაინაცვლოს. მაგალითად, შეიძლება, „ტროიკის“ ხელმძღვანელი სტალინური რეპრესიის მსხვერპლი გახდეს.

თუ „აგენტების კანონმა“ დაიმკვიდრა თავი, მაგალითად, პირად ინფორმაციაზე ხელისუფლების წვდომა ყველას შეეხება, ყველას დაუზიანებს ცხოვრებას, როგორც არ უნდა სჯეროდეთ. ის აგრესორები, რომლებიც ცდილობენ, რომ ახლა ეს კანონი შემოიღონ, შეიძლება ისინიც გახდნენ მსხვერპლი და ის გვერდიდან მაყურებლები, რომლებიც თვლიან, რომ ეს „ენჯეოებს ეხება მხოლოდ, მათაც, მათ პირად ცხოვრებას, მათ შვილებს ყველაფერი შეეხება იმიტომ, რომ ეს არის ცხოვრების კანონი“ ,— აღნიშნავს ჯანა ჯავახიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი