საზოგადოება

ცნობილია, რა თანხას მიიღებს საქართველოს ნაკრები UEFA-სგან ფულადი ჯილდოს სახით

27 ივნისი, 2024 •
ცნობილია, რა თანხას მიიღებს საქართველოს ნაკრები UEFA-სგან ფულადი ჯილდოს სახით

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებისთვის ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო უეფასგან ფულადი ჯილდოებია გათვალისწინებული.

საქართველოს ეროვნული ნაკრები UEFA-სგან ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის იღებს 9.25 მილიონ ევროს.

ტურნირის წესდების მიხედვით, ჯგუფურ ეტაპზე გუნდი ყოველი მოგებული მატჩისთვის დამატებით 1 მილიონ ევროს იღებს, ფრეზე კი პრიზი 500 000 ევროა. ამასთან, UEFA-ს ფულადი პრემია ტურნირის შემდგომ ეტაპებზე გადასვლისთვისაც აქვს განსაზღვრული. კერძოდ, მერვედფინალში გასვლისთვის გუნდები დამატებით 1.5 მილიონ ევროს იღებენ.

შესაბამისად, ჩეხეთთან ნათამაშები ფრისთვის ეროვნულმა ნაკრებმა UEFA-საგან 500 000 ევრო უნდა მიიღოს, პორტუგალიის დამარცხებისთვის კი- 1 მილიონი ევრო, რასაც უნდა დაემატოს პლეი-ოფში გასვლისთვის განსაზღვრული ჯილდო — ეს კი, ჯამში, ამ ეტაპისთვის, 3 მილიონი ევრო გამოდის. ამას დამატებული 9.25 მილიონი ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის და ჯამური თანხა 12.25 მლნ ევრო გამოდის (დაახლოებით 37 მილიონი ლარი). 

თუ საქართველო ესპანეთს დაამარცხებს და მეოთხედფინალშიც გავა, ამ თანხას 2.5 მლნ ევრო დაემატება.

ბონუსების სისტემა ასე გამოიყურება:

  • ჰონორარი მონაწილეობისთვის — 9.25 მილიონი ევრო;
  • მატჩის ბონუსი: გამარჯვებისთვის — 1 მილიონი ევრო; ფრე — 500 000 ევრო;
  • მერვედფინალში კვალიფიცირება — 1.5 მილიონი ევრო;
  • მეოთხედფინალში კვალიფიცირება — 2.5 მილიონი ევრო;
  • ნახევარ-ფინალში კვალიფიცირება — 4 მილიონი ევრო;
  • ჩემპიონატის მეორეადგილოსანი — 5 მილიონი ევრო;
  • ჩემპიონატის გამარჯვებული — 8 მილიონი ევრო.

UEFA-ს საიტზე აღნიშნულია, რომ მაქსიმალური თანხა, რომელიც ჩემპიონმა შეიძლება მიიღოს, თუ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას მოიგებს, 28.25 მილიონი ევროა.


საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის გადამწყვეტ, მე-3 თამაშში პორტუგალია 2-0 დაამარცხა და პლეიოფში გავიდა.ქართველთაგან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ჟორჟ მიქაუტაძემ (პენ.) გაიტანეს. საქართველომ ჩეხეთთან ნათამაშები ფრესა და პორტუგალიასთან მოგების წყალობით, ჯამში, 4 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე მე-3 ადგილით გავიდა. F ჯგუფში ჩეხეთი ჩარჩა.ქართველი ქომაგები სადებიუტო ევროზე დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგს მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გერმანიასა თუ საქართველოში. მეთექვსმეტედფინალში ქართველთა მეტოქე ტურნირის გამორჩეული ფავორიტი ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, კვირას, 23 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი