საზოგადოება

ჩინეთის საელჩო გმობს აშშ-ის ელჩის განცხადებას ანაკლიის პორტის ინვესტორზე

21 ივნისი, 2024 •
ჩინეთის საელჩო გმობს აშშ-ის ელჩის განცხადებას ანაკლიის პორტის ინვესტორზე

საქართველოში ჩინეთის საელჩო „მკაცრად გმობს“ ანაკლიის პორტის ინვესტორ კომპანიასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებას და ამბობს, რომ „ამერიკელმა დიპლომატმა არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“.

საუბარია რობინ დანიგანის მიერ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე. ელჩმა თქვა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანია CCCC-ის უმეტესი ნაწილის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის არმიას აფინანსებს.

„ჩინეთის კომუნისტური პარტია არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?“ — იკითხა რობინ დანიგანმა.

საქართველოში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერის შეფასებით, აშშ-ის ელჩის განცხადება აბსურდული და ფაქტებთან მნიშვნელოვნად შეუსაბამოა.

„ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას. ჩინურმა მხარემ უნდა ხაზი გაუსვას, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე ასევე ნანობს იმ ფაქტს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, — ნათქვამია საქართველოში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

„სან-ფრანცისკოს ხედვა“ მოიაზრებს აშშ-ის და ჩინეთის ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას. სახელწოდება მომდინარეობს ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის 2023 წლის 15 ნოემბრის შეხვედრიდან, რომელიც სან-ფრანცისკოში გაიმართა.

ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორად შერჩეულია ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური).

China Communications Construction Company (CCCC) არის მეტწილად ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინჟინრო და სამშენებლო კომპანია, რომელიც ძირითადად ეწევა ინფრასტრუქტურის აქტივების დიზაინს, მშენებლობას და ექსპლუატაციას მაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, რკინიგზების, აეროპორტების, საზღვაო პორტების ჩათვლით. CCCC იყო „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის“ ფარგლებში არაერთი პროექტის კონტრაქტორი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის შერჩეული ჩინური კონსორციუმის წამყვანი კომპანია CCCC და მისი შვილობილები აშშ-ში შეყვანილი არიან სანქციების კონსოლიდირებულ (არა-SDN) სიაში და ეზღუდებათ გარკვეული ტიპის პროდუქციით ვაჭრობა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.

ამ თემაზე:

ანაკლიის პორტის ჩინური კომპანია სანქცირებულია აშშ-ში, სამინისტრო მანიპულირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი