ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელით არის ცნობილი, დღეს, 20 ივნისს, გაიმართება ბრიფინგი „უცხოური აგენტის“ კანონმდებლობის შესახებ, საქართველოზე, ყირგიზეთზე, სლოვაკეთსა და უნგრეთზე განსაკუთრებული აქცენტით.
ჰელსინკის კომისია აწყობს როგორც საჯარო, ისე თანამშრომლების ბრიფინგებს ექსპერტ-მომხსენებლებთან ერთად ეუთო-სთან დაკავშირებულ საკითხებზე. დღევანდელი ბრიფინგის მომხსენებლები იქნებიან ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის უფროსი იურიდიული მრჩეველი იასმინ კამერონი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი და „სლოვაკეთის მეგობრების“ თავმჯდომარე მარტინა ჰრვოლოვა.
„2012 წელს რუსეთმა მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც არაერთგზის გამოიყენება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დარბევის, ორგანიზაციების დახურვისა და დისიდენტების დასაპატიმრებლად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა ქვეყნებში გავრცელდა რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონები, რომლებიც გამართლებულია უცხოური დაფინანსებისა და გავლენის გამჭვირვალობის სახელით, მაგრამ სინამდვილეში გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების კონტროლისა და შეზღუდვისთვის“, — ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ ანონსში.
ჰელსინკის კომისია ხაზს უსვამს, რომ ამ კანონმდებლობის მიღება ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, დამოუკიდებელი მედიისა და არჩევნების დამკვირვებლების მზარდი რეპრესიების გარემოში და ხშირად არის მიმართული აშშ-ისა და ევროპის მხარდაჭერილ სამოქალაქო საზოგადოებისადმი.
„მთავრობები ტყუილად აცხადებენ, რომ მათი კანონები ჰგავს გამჭვირვალობის ან ლობირების კანონებს შეერთებულ შტატებსა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში“, — აცხადებს ჰელსინკის კომისია.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო ვილსონი, ამავდროულად, არის MEGOBARI აქტის ინიციატორი. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – „ოცნების“ წარმომადგენელთა სანქცირებას.
ვის სანქცირებას ითვალისწინებს კონგრესში ინიცირებული „მეგობარი“ აქტი