საზოგადოება

აქტივისტის თქმით, ბექა ოდიშარიას მარკეტში მონა უწოდა, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ

14 ივნისი, 2024 •
აქტივისტის თქმით, ბექა ოდიშარიას მარკეტში მონა უწოდა, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოპოზიციონერი აქტივისტი ბექა პაპაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში “მონა” უწოდა, რის შემდეგაც, გარეთ გამოსულს, თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, მისი გარემოცვის წევრები.

გორგასლის გამზირზე, სუპერმარკეტ “ფრესკოში ” მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა აქტივისტმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

“ყოველთვის მოგკითხავთ პასუხს ქვეყნის გაყიდვისათვის…”, – წერს ბექა პაპაშვილი.

მან ტელეკომპანია “მთავართან” აღნიშნა, რომ ბექა ოდიშარია 23:00 საათზე დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა და სუპერმარკეტის გარეთ მას კიდევ “სხვები ელოდებოდნენ”.

“ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა ღამის 11 საათზე და გარეთ კიდევ სხვები ელოდებოდნენ. მე, ბექა პაპაშვილი, მაღაზიაში მარტო ვიყავი შესული, ხოლო ის, პარლამენტის დეპუტატი, დაჯგუფებასთან ერთად დადის საღამოს 11 საათზე”, – ამბობს ბექა პაპაშვილი.


ბექა პაპაშვილის გარდა, რუსული კანონის მოწინააღმდეგე არაერთ აქტივისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. რამდენიმე დღის წინ, სამოქალაქო აქტივისტს, “სირცხვილიას” ერთ-ერთ დამფუძნებელ ზუკა ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სალომე ნიკოლეიშვილმა (ბარკერი) გაავრცელა.

მან აღნიშნა, რომ თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ერთ საათში მოხდა. პაპუაშვილი პოსტში სალომე ნიკოლეიშვილს (ბარკერი) და ზუკა ბერძენიშვილსაც ახსენებს.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ არაერთი აქტივისტი, პოლიტიკოსი თუ სტუდენტი სცემეს ჩასაფრებების შედეგად, რასაც წინ უძღოდა სატელეფონო ზარები და მუქარის შემცველი გზავნილები, ოფისებთან კი- შეურაცხმყოფელი წარწერები და პლაკატები. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუსჯია.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიტო სამხარაძემ აღიარა, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი