საზოგადოება

უკრაინამ და მოლდოვამ ყველა რეკომენდაცია შეასრულეს — ევროკომისია

7 ივნისი, 2024 •
უკრაინამ და მოლდოვამ ყველა რეკომენდაცია შეასრულეს — ევროკომისია

ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) დღევანდელ სხდომაზე პოზიტიური ზეპირი შეფასება მისცა უკრაინისა და მოლდოვას ევროინტეგრაციის რეფორმების პროგრესს.

როგორც ევროკომისიის პრესმდივანმა ანა პისონერომ განაცხადა, კიევმა შეასრულა აუცილებელი კრიტერიუმები ანტიკორუფციის, პოლიტიკურ ლობირებაზე კონტროლის, თანამდებობის პირების გამჭვირვალობის და ეროვნული უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფის სფეროში, რაც რეკომენდებული იყო ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების ანგარიშით.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ორივე ქვეყანამ ყველა ნაბიჯი შეასრულა. ახლა გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებზეა — მათ ევალებათ მიიღონ გაწევრიანების ჩარჩო და საბჭოს თავმჯდომარეობის გადასაწყვეტია, მოიწვიოს სამთავრობოთაშორისი კონფერენცია, მოლაპარაკებების ფორმალურად დასაწყებად“, — განაცხადა ანა პისონერომ.

მას არ დაუკონკრეტებია, გაიზიარა თუ არა კორეპერმა ევროკომისიის შეფასება.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას გასული წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი. მიმდინარე წლის მარტში ევროკომისიამ (EC) უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო-პროექტები მოამზადა.

ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ტექსტების შიდა განხილვების შემდეგ, საბჭომ უნდა დაამტკიცოს მოლაპარაკებების ჩარჩოები. ამის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ქვეყანა წარადგენს შეთანხმებულ საერთო პოზიციას პირველ მთავრობათაშორის კონფერენციაზე თითოეულ ქვეყანასთან, რითაც გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება.

როგორც ცნობილია, ევროკავშირი და უკრაინა იმედოვნებენ, რომ ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ივნისის ბოლომდე, რადგან ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთ ხდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 მაისს ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე უნგრეთმა დაბლოკა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროექტის დამტკიცება ეროვნული უმცირესობების უფლებების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი