საზოგადოება

„ჩივილი ბო*ობა არისო“ — მოქალაქე პოლიციის უფროსს ძალადობაში ადანაშაულებს

7 ივნისი, 2024 •
„ჩივილი ბო*ობა არისო“ — მოქალაქე პოლიციის უფროსს ძალადობაში ადანაშაულებს

მოქალაქე თ.ჯ. ამბობს, რომ პოლიციის უფროსმა პოლიციისვე განყოფილებაში მასზე ფიზიკურად იძალადა, აგინა და დაუმორჩილებლობის საბაბით ადმინისტრაციული წესითაც დააკავა.

ყველაფერი 9 მაისს დაიწყო, როცა თ.ჯ-მ თბილისიდან გადაუდებელი დახმარების მისაღებად 112-ში დარეკა. მან გულზე ნაოპერაციევი მამისთვის, რომელიც თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, სასწრაფო გამოიძახა.

სასწრაფოს ეკიპაჟის მომსახურება თ.ჯ.-ს მამას აღარ დასჭირდა, მათ მისვლამდე მდგომარეობა დასტაბილურდა და კაცი მომჯობინდა. თ.ჯ.-ს კი 112-ში განხორციელებული ზარი პოლიციის განყოფილებში დაბარებად და იზოლატორში ორი დღის გატარებად დაუჯდა. შსს თ.ჯ.-ს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

რა მოხდა თ.ჯ.-ს მონათხრობის მიხედვით

„მამაჩემს წელიწად-ნახევრის წინ გულზე ოპერაცია, შუნტირება აქვს გაკეთებული. 9 მაისს ინერვიულა და ძალიან ცუდად გახდა. 112-ში სასწრაფოს გამოსაძახებლად დავრეკე. სახლშიც პანიკა იყო. მეც შიშის და ნერვიულობის ფონზე, ოპერატორმა მისამართი მეშვიდედ რომ მკითხა, უხეშად მივმართე, თქვენ შ** ხომ არა გაქვთ, კაცი კვდება, მოხედეთ დროზე-მეთქი.

თურმე მიჩივლეს. აქციების გამო, ალბათ, მანამდე არ ეცალათ და 23 მაისს, შუადღით დამირეკეს. გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მეათე სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერი თამარ ჯინიყაშვილი მესაუბრა და განყოფილებაში დამიბარა. მითხრა, რომ შეურაცხმყოფელი ზარი განხორციელდა ჩემი მხრიდან 112-ში. თავიდან გამეცინა. ისე ჩანდა, თითქოს იმ მოტივით დავრეკე, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. თავიდან არც გამახსენდა, რომ განერვიულებულმა ოპერატორს უხეშად მივმართე“ ,— გვიყვება თ.ჯ. მას თავისი ვინაობის საჯაროდ დასახელება არ სურს. 

ზარიდან დაახლოებით 40 წუთში თ.ჯ განყოფილებაში მივიდა. მეორე სართულზე თავად თამარ ჯინიყაშვილმა მიიღო და, როგორც იხსენებს, მის სამუშაო მაგიდასთან ფეხი ფეხზე გადადებულ პოზაში იჯდა.

„ჩვეულებრივ, არა განსაკუთრებულ პოზაში, რომელიც არასდროს, არსად, არავისთვის შეურაცხმყოფელი არაა და ხერხემლის გამრუდების გამო ჩემთვის ჯდომის ერთადერთი კომფორტული მდგომარეობაა“ ,— ამბობს თ.ჯ.

თამარ ჯინიყაშვილმა გამაფრთხილებელი ოქმის შედგენა დაიწყო. მომხდარი თ.ჯ-ს მოაყოლა, რომელმაც აუხსნა, რომ 112-ში ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით არ დაურეკავს, მხოლოდ ის უნდოდა, სასწრაფოს ეკიპაჟი დროულად მოსულიყო.

„სასწრაფოს ძალიან არ დაუგვიანია, მაგრამ სანამ ისინი მოვიდნენ, მეზობლებიც დაგვეხმარნენ, წამლებიც მივეცით და მამა დასტაბილურდა, მომჯობინდა იმდენად, რომ სასწრაფოს მიღებაზე უარი თქვა და თვითონვე მოუწერა ხელი ექიმებს, რომ პასუხისმგებლობას იღებდა და მათ მომსახურებაზე უარს ამბობდა. 

ეს ყველაფერი მაინც შეურაცხყოფად ითვლება და გაფრთხილებას გიწერთო. შევეკითხე, იმ ოპერატორის გამოუცდელობის, დაუდევრობის ან რამე მიზეზით მამაჩემს რომ რამე მოსვლოდა, ვინმე პასუხს აგებდა მაგ შემთხვევაში-მეთქი? არაო“ ,— იხსენებს ნეტგაზეთის რესპონდენტი.

მოსმენილი პასუხით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ გამაფრთხილებელი ოქმის ხელმოწერაზე უარი თქვა. აუხსნეს, რომ გამაფრთხილებელ ოქმს აზრი იმ შემთხვევაში ჰქონდა, თუ ადამიანი თავის დანაშაულს იზიარებდა და რაკი ხელს არ მოაწერდა, 300-ლარიან ჯარიმას დაუწერდნენ.

„ჯარიმას თუ არ მოვაწერ ხელს, მაშინ რა ხდება-მეთქი. მაშინ საურავი დაგეკისრებათო. თუ საურავსაც არ გადაიხდით, დაგიყადაღდებათ ანგარიშები და ქონებაო. კარგი-მეთქი. პრინციპის და ღირსების საკითხი იყო ეს ჩემთვის. ჯარიმას რომ მიწერდა, განყოფილების უფროსი გამოვიდა, როგორც მერე გავიგე, კახა ლამაზოშვილი.

ძალიან უხეში ტონით, ხელში კრიალოსნით და ძველბიჭურად, რამდენს ელაპარაკებით, არ აწერს და ნუ აწერს, თავი ვინ ჰგონიაო, რანაირად ზიხარ საერთოდო, თავი სად გგონიაო. მერე თანამშრომლებს დაუძახა, ხელზე ბორკილები დაადეთ და ადმინისტრაციულით გაუშვითო. წამომყევი, ბიჭო, კაბინეტში, რამდენს ლაპარაკობო, მე მითხრა.

კაბინეტში უკვე სპეციალურად გადავიდე ფეხი ფეხზე, მაგრამ ხელი მკრა და ჩამომაღებინა. აქაც შემოიყვანა თანამშრომლები, ბორკილები დამადეს, ლამაზოშვილი მაყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებდა მკვდარსა და ცოცხალს. ნეკნებში ორჯერ დამარტყა, ფეხში ფეხი ჩამარტყა ორჯერ და მერე ისევ ნეკნებში. სუნთქვა რამდენჯერმე შემეკრა. სიტყვიერადაც აღარ ვეწინააღმდეგებოდი. თმაში ხელი ჩამავლო, ამ განყოფილებაში ისე დაჯდები, როგორც მე გეტყვიო.

საერთო სივრცეში გამიყვანეს მერე და იქაც დამამცირებლად მომმართავდა. მხოლოდ ირონიული სახით ვუყურებდი და იქვე ვიცოდი, რომ ამას ასე არ დავტოვებდი. სხვა პოლიციელმა მითხრა, ვეცდები, დაველაპარაკები უფროსს, ბოდიში მოუხადე და იქნებ 300-ლარიანი ჯარიმით გაგიშვან მარტოო. მეგონა, დამცინოდა. ამ ყველაფრის მოწმე გახდი და მე როგორ მეუბნები, რომ ბოდიში მოვუხადო-მეთქი?“, — უყვება თ.ჯ. ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, ადვოკატი სამჯერ მოითხოვა, მესამე ჯერზე კი უთხრეს, რომ ადვოკატსაც გვერდით მიუსვამდნენ.

კაცი იხსენებს, რომ გაჩხრიკეს, ფოტოები გადაუღეს და შეადგინეს ოქმი, რომელიც მისთვის არ გაუცნიათ. ამის შემდეგ ჩასვეს პოლიციის მანქანაში და გადაიყვანეს დიღომში, დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც ორი დღე დაჰყო.

თ.ჯ. ამბობს, რომ იზოლატორში ყველა მეგობრულად ეპყრობოდა, მაგრამ არსად დარეკვის უფლება არ მიუციათ. იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ კი მანქანაშივე დააწერინეს ხელწერილი, რომ პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდებოდა განყოფილებაში. 

თ.ჯ. იზოლატორიდან 25 მაისს გამოვიდა. 26 მაისს შეამჩნია, რომ ზურგზე სისხლჩაქცევა ეტყობოდა. ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ, ორშაბათს, 27 მაისს მიმართა განცხადებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სადაც მომხდარზე და პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობაზე მიუთითა. იმავე დღეს მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც თ.ჯ. ნეტგაზეთს უზიარებს, ვკითხულობთ:

„27.05.24 წ. მოქალაქე თ.ჯ.-ს პირადი შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს“.

დასკვნა შემსრულებელ ექსპერტს, გულნაზი ტატანაშვილს ეკუთვნის.

თ.ჯ. მეორე დღეს საგამოძიებო სამსახურშიც დაიბარეს და 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ. ამას პოლიციის განყოფილებაში უკვე ადვოკატებთან ერთად დაბარება და იმავე დღეს სასამართლო პროცესი მოჰყვა. განყოფილებაში მისულ თ.ჯ.-ს და მისი ინტერესების დამცველებს განყოფილების უფროსი კახა ლამაზოშვილი იქ არ დახვედრიათ.

„მომცეს ჩემი დაკავების ოქმი ხელმოსაწერად, სადაც წერია, რომ თურმე ვიგინებოდი და აშკარა აგრესიას გამოვხატავდი პოლიციის მიმართ. ერთი პოლიციელი მიყურებს და მეუბნება, გეყოფა, რაც გვაგინე და გვლანძღეო“, — ჰყვება თ.ჯ.

ოქმის მიხედვით, რომელსაც თ.ჯ. გვიზიარებს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-I და 173-I მუხლების საფუძველზე დააკავეს —  წვრილმანი ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა. დაკავების ოქმში წერია, რომ დაზიანებები არ აღენიშნება.

სასამართლოში პროცესი ამავე დღეს დაიწყო. თუმცა სხდომა 18 ივნისამდე გადაიდო. თ.ჯ.-ს საქმეს თბილისის საქალაქოს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.

„მოწმეებად მოიყვანეს ის პოლიციელები, რომლებიც განყოფილებაში იმყოფებოდნენ. მოსამართლემ და ჩემმა ადვოკატებმა კამერების ჩანაწერი მოითხოვეს. თუ აქვთ რამე, 18 ივნისს, მომდევნო სხდომაზე უნდა წარმოადგინონ, მაგრამ ფიზიკურად ვერ იარსებებს ვერანაირი კადრი, რაც დაადასტურებს, რომ მე ვიგინებოდი და წინააღმდეგობას ვუწევდი“, — გვიყვება თ.ჯ.

თ.ჯ. ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ შიშობს, არათუ შსს, არამედ სასამართლოც, სისტემას ხელს დააფარებს. იხსენებს კახა ლამაზოშვილის სიტყვებს, როდესაც ურტყამდა:

„2-3 დღეში წელი რომ აგტკივდება, მერე მოხვალ აზრზეო. სადაც გინდა, მიჩივლე, თუ გინდა, სახალხო დამცველსაც მიმართეო. რამდენი ეყოლებათ გამწარებული და მომავალში რამდენს გაამწარებენ, წარმომიდგენია. იზოლატორთან რომ ვიყავით, სანამ შემიყვანდნენ, იქაც კი მითხრეს, რას იჩივლებო. ტეხავსო. რატომ, ბო*ობაა-მეთქი? აბა, რა არისო, მიპასუხეს.“


თ.ჯ.-ს საქმეზე მორიგი პროცესი 18 ივნისს შედგება.

ადვოკატი ანი მეზურნიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ადასტურებს თ.ჯ.-ს მონაყოლს, რომ სასამართლოზე იმ ბრალდებების გაბათილება, თითქოს, თ.ჯ. პოლიციელებს აგინებდა და არ ემორჩილებოდა, არ გაუჭირდებათ, რადგან საამისო მტკიცებულებები ვერ იარსებებს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მიმართულებაა თ.ჯ.-ს საქმეში არსებულ განსახილველ საკითხებში. გარდა ამისა, თ.ჯ.-ს გასაჩივრებული აქვს მის მიმართ გამოწერილი ჯარიმა 112-ის ოპერატორისადმი უხეში მიმართვის გამო, გასაჩივრებულია მისი დაკავების ოქმიც, რის საფუძველზეც ის იზოლატორში გადაიყვანეს, თითქოს იგინებოდა და პოლიციელებს არ ემორჩილებოდა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლისსამართლებრივი წესით მიმდინარეობს კიდევ მეოთხე საქმე, სადაც თ.ჯ.-მ პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ ძალადობრივი მოპყრობა გაასაჩივრა.

ადვოკატი ანი მეზურნიშვილი ამბობს, რომ ამ საქმეებს სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს და შედეგიც დიდწილად იქნება იმაზე დამოკიდებული, თითოეული მოსამართლე როგორ მიუდგება საკითხს. მტკიცებულებები სჭირდება თ.ჯ.-ს მიმართ ძალადობრივი მოპყრობის დადასტურებას, რაც პირველ რიგში პოლიციის განყოფილებაში არსებული კამერების ჩანაწერები უნდა იყოს. ადვოკატი ამბობს, რომ ეს ჩანაწერები სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ჯერ მიწოდებული არ არის და ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა განადგურებულიც იყოს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ნეტგაზეთს უდასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით. უწყებებში არ ამბობენ და, შესაბამისად, ამ დროისთვის უცნობია, შეუჩერდა თუ არა კახა ლამაზოშვილს უფლებამოსილება ძიების დასრულებამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი