გაეროში სომხეთის წარმომადგენელმა მერ მარგარიანმა განმარტა სომხეთის ისტორიული პოზიცია, მხარი დაეჭირა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ინიციირებული რეზოლუციისთვის, რომელიც ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დევნილების დაბრუნების აუცილებლობას ეხება.
მერ მარგარიანმა 4 ივნისს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე განაცხადა, რომ სომხეთი მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიანად, საერთაშორისო წესებისა და კანონების ფარგლებში მოგვარებას და ეს ერევნის დიდი ხნის პოზიციაა.
მან ასევე დაადასტურა მხარდაჭერა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისადმი, მათ შორის მათი, ვისაც კონფლიქტი შეეხო და იძულებით მოუწია საცხოვრებლის დატოვება.
მისი თქმით, სომხეთი ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას იმ სულისკვეთებით, რაც ასახულია სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით, რომელიც დამყარდა თბილისსა და ერევანს შორის 2024 წლის იანვარში.
“ამ კუთხით სომხეთი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის შესაბამისად”, – განაცხადა გაეროში სომხეთი წარმომადგენელმა.
სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმდა თბილისში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ დროს ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
საქართველოს მეორე ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩინეთმა თავი შეიკავა გაეროში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან და, შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა.
რეზოლუცია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 64 ქვეყნის მიერაა ინიციირებული. წელს რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი (შარშან მხარს 100 სახელმწიფო უჭერდა), რაც აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა და მისმა მოკავშირე რვა სახელმწიფომ, მათ შორის, ბელარუსმა, სირიამ და ჩრდილოკორეამ, ხოლო 52-მა ქვეყანამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, მათ შორის იყო ირანი, სადაც ცოტა ხნის წინ ვიზიტით იმყოფებოდა პრემიერი ირაკლი კობახიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ტვიტერზე მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი.
„78-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”, მხარდაჭერის აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლით – 103 ხმით. რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით.
დიდი მადლობა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის”, – წერს ილია დარჩიაშვილი X- ის პირად გვერდზე. თუმცა მინისტრის პოსტში საერთოდ არ არის ნახსენები ჩინეთი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ახალ სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა და მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას.