საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამაზე რეაგირებისთვის.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რაც ამ კანონის გაუქმების მკაფიო რეკომენდაციას იძლეოდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული კანონის ამოქმედება ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამთან დაკავშირებით უკან დახევას იწვევს (ეს ნაბიჯები ეხება დეზინფორმაციას, პოლარიზაციას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას) და უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღმა, აქამდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებული ცხრა ნაბიჯის არსებითად შესრულების კუთხით.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს ეს ტენდენცია და ევროკავშირის გზაზე მტკიცედ დაბრუნდეს. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად – მაგრამ მმართველი ხელისუფლების ძლიერი ერთგულებაა საჭირო.
ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ.
ვაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და ვაღიარებთ მისი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დღეს, 28 მაისს, განიხილეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა.
ამის შემდეგ კენჭი ეყარა მანამდე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს, რომელსაც 84-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა და, შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტოც დაიძლია.
პროცედურის მიხედვით, ახლა რუსული კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს, რომელმაც 5 დღის ვადაში მას ხელი უნდა მოაწეროს და გამოაქვეყნოს.
თუმცა, ვინაიდან რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია, მასზე ხელს არ მოაწერს. პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში რუსულ კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.