საზოგადოება

ვლადიმერ პუტინი ვარჰეის წინააღმდეგ კობახიძეს გამოექომაგა

24 მაისი, 2024 •
ვლადიმერ პუტინი ვარჰეის წინააღმდეგ კობახიძეს გამოექომაგა

“ძალიან ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდმივად იცვლებიან და სისულელეებს ლაპარაკობენ”, – ეს განაცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა ბელარუსში ვიზიტისას ირაკლი კობახიძისა და ოლივერ ვარჰეის სკანდალთან დაკავშირებით.

“ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე რა თქვა ზოგიერთმა ევროკომისარმა. თუ ეს სიმართლეა [კობახიძის განცხადება], [ვარჰეის საქციელს] პოლიტიკური უმსგავსობის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ. სულ ეს არის”, – განაცხადა პუტინმა.


23 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა.სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მათი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილის კონტექსტიდან ამოგლეჯა მოხდა.

უნგრელი ევროკომისრის განცხადებით, მასსა და კობახიძეს შორის საუბარი 23 მაისს შედგა:

„როგორც ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში რეგულარულ კავშირზე ვარ მთავრობების წარმომადგენლებთან, რამდენადაც საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პოლიტიკური აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის. საქართველოში ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში დიდ ძალისხმევას ვწევ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადასარწმუნებლად მიიღონ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ გზას.

ვიცი რა თუ რა ძლიერია ქართული საზოგადოების პრო-ევროპული მისწრაფება, სატელეფონო საუბრისას ჩავთვალე საჭიროდ პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმეპყრო იმის საჭიროებაზე, რომ არ მომხდარიყო ისედაც მყიფე სიტუაციის გაღვივება იმგვარი კანონის მიღებით, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მეტი პოლიტიზება და შესაძლო უკონტროლო სიტუაცია თბილისის ქუჩებში.

სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე სლოვაკეთში მომხარი ტრაგიკული შემთხვევა, როგორც მაგალითი თუ საით მიჰყავს საზოგადოება ამგვარ პოლარიზაციას ევროპაშიც კი,“ — აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

უნგრელი ევროკომისრის განცხადებით, ის წუხს რომ სატელეფონო საუბრის ეს ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი და იმგვარად მიეწოდა საზოგადოებას, რამაც შესაძლოა სრულად არასწორად ინტერპრეტირება გამოიწვიოს სატელეფონო საუბრის თავდაპირველ მიზანთან დაკავშირებით.

ოლივერ ვარჰეი ევროკომისიას ვიქტორ ორბანმა 2019 წელს უნგრეთის კვოტით წარუდგინა. როგორც უცხოურ მედიაში იწერება, ის უნგრეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია და ევროკომისიაში მის ინტერესებს ატარებს. „ორბანის კაცი ბრიუსელში“ — ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია გერმანული გამოცემა „დოიჩე ველემ“ 2022 წელს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვარჰეი ევროკავშირში ორბანის დღის წესრიგს ატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი