საზოგადოება

ქართული ოცნება, გლობალური ომის პარტია და მასონები – ინტერვიუ მმართველი პარტიის დეპუტატთან

19 მაისი, 2024 •
ქართული ოცნება, გლობალური ომის პარტია და მასონები – ინტერვიუ მმართველი პარტიის დეპუტატთან

ბრიტანული პოდკასტის The News Agents მორიგი, თითქმის ერთსაათიანი ეპიზოდი საქართველოში ანტირუსულ პროტესტს დაეთმო. პოდკასტის წამყვანი სამი ჟურნალისტიდან ერთ-ერთი, ლუის გუდალი, თბილისში იმყოფება.

“ჩვენ ახლა თბილისში ვიმყოფებით, საქართველოს დედაქალაქში, სადაც ერთმანეთს ევროპა და აზია ხვდებიან. უკვე კვირებია, ასობით ათასი ახალგაზრდა ქუჩებშია გამოსული და ანტისამთავრობო დემონსტრაციებს მართავს. იყო შეტაკებები პარლამენტში შესასვლელებთან, მათ წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს ცრემლსადენი აირი, არაერთხელ სცემეს და პარლამენტარებს შორის მუშტი-კრივიც ვიხილეთ. დაპირისპირების მიზეზი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” კანონია “უცხოური აგენტების” შესახებ”, – ნათქვამია ეპიზოდის ანოტაციაში.

ჟურნალისტი პოდკასტის თითქმის დასასრულს ამბობს, რომ პარლამენტარებმა მასთან საუბარი არ ისურვეს, გარდა ერთისა. ლუის გუდალი მარიამ ლაშხს შეხვდა.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ჟურნალისტთან საუბარში გამოტყდა, რომ “გლობალური ომის პარტია”, რასაც ასე ხშირად ახსენებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ არაფრით ამხელენ, ვის და რას გულისხმობენ, მასონებს აგონებს, რომლებიც სამყაროს ჩრდილიდან მართავენ.

ლუის გუდალი: ჩვენ ვესაუბრეთ ახალგაზრდებს, რომლებიც პროტესტში მონაწილეობენ, თქვენი მთავრობის წინააღმდეგ. მათ აქვთ განცდა, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. რატომ გგონიათ, რომ ცდებიან?

მარიამ ლაშხი: უნდა გითხრათ, რომ ქუჩებში ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომელთა ნაწილს მართლა სჯერა, რომ რაღაც საფრთხე არსებობს. მაგრამ მე მიყვარს მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები “ქართული ოცნების” 12-წლიანი მუშაობის შედეგია. როცა უყურებ მტკიცებულებებს, ხედავ, რომ არასდროს ყოფილა საქართველო ისეთი დემოკრატიული, როგორიც ახლაა. არასდროს ყოფილა საქართველო ისე ახლოს ევროპასთან, როგორც ახლაა.

ლ.დ.: ამ კანონის გამოყენება თქვენს მთავრობას შეუძლია იმისთვის, რომ მაგალითად დახუროს ორგანიზაციები, რომლებიც მას არ მოსწონს. თუ ისეთი დემოკრატია გაქვთ, როგორც ამბობთ, რაში გჭირდებათ ეს?

მ.ლ.: ეს ყველაფერი აღქმის საკითხია. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ბევრი რამ აღქმებით იმართება. თუ აღქმებიდან ფაქტებზე გადავალთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი კანონი, რაც კი მინახავს ოთხი წლის მანძილზე.

ლ.დ.: თქვენი პრემიერმინისტრი გლობალური ომის პარტიაზე ლაპარაკობს. რა არის ეს, რა პარტიაა?

მ.ლ.: ეს არის რაღაც ისეთი… გჯერათ მასონების? ფრიმასონების, მაგალითად. ვისზეც სულ გვესმის ათწლეულებია და ვიცით, რომ მათ აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე. დღეს, მე თვითონ როცა ჩართული ვარ საგარეო ურთიერთობებში, და ზოგჯერ, როცა პარტნიორებთან შეხვედრები მაქვს, ვისმენ ხოლმე, რომ კარგები ხართ, ყველაფერი კარგად გამოგდით, მაგრამ მერე ისმის რაღაც სხვა ხმა.

ლ.დ.: ერთი წუთით, რას ამბობთ, რომ მასონები ახდენენ გლობალური ომით მანიპულირებას?

მ.ლ.: უბრალოდ ვადარებ, ჩემი პირადი შეხედულებით. ფრიმასონები ხომ არიან განცალკევებით მდგომი ძალა, რომელთაც პირადად არ ვიცნობთ, ხომ ასეა?

ლ.დ.: კარგი, ფრიმასონები გასაგებია, კიდევ ვინ არიან ამ პარტიაში?

მ.ლ.: მასონებს აქვთ გავლენა, ხომ? ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მათ აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე. ამათ შორის არის რაღაც მსგავსება.

ლ.დ.: და ვინ, ვინ არიან კიდევ მასონების გარდა “გლობალური ომის პარტიაში”?

მ.ლ.: არ ვიცი.

ლ.დ.: მაგრამ თქვენი პრემიერი ამაზე ლაპარაკობს. თქვენი პრემიერმინისტრი ბრალს სდებს “გლობალური ომის პარტიას”, რომ ისინი მანიპულირებენ ევროკავშირითა და შეერთებული შტატებით. ესე იგი ისინი ძალიან ძლევამოსილები უნდა იყვნენ.

მ.ლ.: რა თქმა უნდა. მათ აქვთ დიდი გავლენა.

ლ.დ.: ვინ არიან?

მ.ლ.: არ ვიცნობ.

ლ.დ.: უკაცრავად, დიდი პატივისცემის მიუხედავად: პრემიერმინისტრი მათ ადანაშაულებს, ამბობს რომ ეს არის ჩრდილოვანი ორგანიზაცია, რომელიც აწყობს ომს გლობალური მასშტაბით, ახდენს გავლენას ევროკავშირზე, ერთობაზე, სადაც თქვენ გსურთ გაწევრება, არ უნდა იცოდეთ, ვის გულისხმობს?

მ.ლ.: დიახ, რა თქმა უნდა. ეს არის ერთგვარად შეტყობინების გაგზავნაც მათთვის.

ლ.დ.: ვისთვის?

მ.ლ.: ვინც არ უნდა იყვნენ.

ლ.დ.: მაინც? ეს ყველაფერი ისე ჟღერს, როგორც შეთქმულების თეორია.

მ.ლ.: იცით რა, დიახ, შეგვიძლია ამას ვუწოდოთ კონსპირაცია.

ლ.დ.: ესე იგი კონსპირაციაა, რომ “გლობალური ომის პარტია” დასავლეთს აიძულებს ომში ჩაერთოს.

მ.ლ.: ამას ვხედავთ, როგორც მტკიცებულებას.

ლ.დ.: რუსეთი არ ქმნის გლობალურ ომს?

მ.ლ.: რა თქმა უნდა, მათაც აქვთ ეს გავლენა.

ლ.დ.: რუსეთიც მათი გავლენის ქვეშაა?

მ.ლ.: არ ვიცი ზუსტად. არ ვიცი, პიროვნულად ვინ დგას ამის უკან, მაგრამ მათ კონსპირაციად კი არ განვიხილავ, არამედ ძალად, რომელიც დღის ბოლოს არიან ყველაზე გავლენიანები. იმიტომ, რომ სხვანაირად, თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და შენ ხარ მოწინავე ამ დამსახურებებში…

ლ.დ.: თქვენ ხომ მსოფლიო ბანკში მუშაობდით, ამ ყველაფრის მართლა გჯერათ?

მ.ლ.: დიახ, მე ვმუშაობდი მსოფლიო ბანკში და ნამდვილად მჯერა… ისე არ არის, რომ… მე განვუდგები ყველა საერთაშორისო პარტნიორს. მე მადლიერებას გამოვხატავ და პატივისცემას. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა იმედი მაქვს, რომ უკავშირდება ფინანსების მოძიებას და ასეც იყო, რომ ფინანსებს ვიძიებდი ჩვენი პარტნიორებისგან. ასეც გავაგრძელებ. ჩვენ ვხვდებით ჩვენს პარტნიორებს.

ჩვენ იმასაც ვხედავთ, რატომ წამოიჭრა ეს პრობლემა და რა იყო მთავარი გამოწვევა, რამაც ამ კანონის წამოყენება განაპირობა. იმიტომ, რომ იყო გამჭვირვალობის პრობლემა.

ლ.დ.: ხომ მართალია, გულახდილები ვიყოთ, რომ თქვენი პარტია, თქვენი პრემიერი მინისტრი და მილიარდერი, რომელიც ზურგს უკან გიდგათ, ამ კონსპირაციულ თეორიებს იმიტომ თხზავენ, რომ საყრდენი შეუქმნან თქვენს ძალაუფლებას. რომ უთხრათ ხალხს, აი, ეს ხალხი მოდის თქვენ წინააღმდეგ და ჩვენ დაგიცავთ მათგან. ეს ამბავი ხომ ისეთივე ძველია, როგორც ეს მთები გარშემო?

მაგრამ თქვენ ვერ ასახელებთ ამ ადამიანებს, ვინ არიან ამ გლობალური ომის პარტიაში. ისე ჟღერს, როგორც ფანტაზიის ნაყოფი.

მ.ლ.: არა, ეს ფანტაზია არ არის. ეს ფაქტებია და მტკიცებულებები.

ლ.დ.: მაშ სად არის ეს მტკიცებულებები? ხომ გკითხეთ, ვინ არის ეს ხალხი-მეთქი და ვერავინ დამისახელეთ, ფრიმასონების გარდა.

მ.ლ.: მტკიცებულებები გამომდინარეობს გადაწყვეტილებებიდან.

ლაშხთან ინტერვიუს ამ მონაკვეთის დასასრულს ჟურნალისტი გვეუბნება, რომ შეეძლო კიდევ მეტი მოესმენინებინა და რომ ის შოკირებულია მოსმენილით, იმის მიუხედავად, მართლა სჯერა “ქართული ოცნების” დეპუტატს იმის, რასაც ამბობს, თუ არა.

მარიამ ლაშხი გამონაკლისი არ არის. “ქართული ოცნებისა” და მისი განაყოფი “ხალხის ძალის” წარმომადგენელთაგან “გლობალური ომის პარტია”, რომლისგანაც თითქოს ისინი ქვეყანას იცავენ, ხშირად გვესმის.

„ქართული ოცნების“ კონსპირაციის თანახმად, არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოს ჩათრევა სურს. მათი თეორიის მიხედვით, ოპოზიცია საქართველოში სწორედ “გლობალური ომის პარტიის” მიერ იმართება. მაგრამ ყველა ჯერზე იდუმალებით მოცული რჩება, ვის და რას მოიაზრებს ხელისუფლება ამ თეორიის უკან.

როგორც პრემიერმინისტრი კობახიძე აღნიშნავს, “გლობალური ომის პარტიაზე” საუბარი არაა მიზანშეწონილი, რადგან ისინი “სახიფათო ხალხია”, მათმა დაკონკრეტებამ შეიძლება “უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე” და საერთოდაც, მათი მთავარი მსხვერპლი თავად ევროკავშირია.

“გლობალური ომის პარტია”, ისევ ირაკლი კობახიძეს თუ დავეყრდნობით, პერსონალურად ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და მისი 2 მილიარდი აქვს ხელში ჩაგდებული.

ყველა ეს გზავნილი, რასაც მანამდე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ, თავად ივანიშვილმაც წამოაყენა 29 აპრილის ანტიდასავლურ სახელისუფლებო კონტრაქციაზე.

“ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების შემთხვევაში ადვილად მიაღწევდა. […] გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ზოგადად, მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით“, – თქვა ივანიშვილმა.

უცნობი რჩება, მმართველი პარტიის თეორიების მიხედვით, “გლობალური ომის პარტია” ემორჩილება მასონებს, მასონები – “გლობალური ომის პარტიას”, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი ურთიერთმიმართება. სამაგიეროდ, ვიცით, რომ “გლობალურ ომის პარტიას” ექვემდებარებიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ყველა, ვისაც სხვადასხვა დროს “ქართული ოცნება” გაუკრიტიკებია. ქვეყნის მმართველი პარტიის თეორიით, მათ ყველას ერთი მიზანი აქვთ – საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ომის მეორე ფრონტი გაიხსნას.

ადამიანები, როგორც წესი, კონსპირაციის თეორიებში, პიროვნული თავისებურებებისა და მოტივაციების რთული კომბინაციების გამო ეშვებიან.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რომელიც კვლევას ეფუძნება, ამის უკან შეიძლება იდგეს გადაჭარბებული ნდობა ინტუიციისადმი, სხვებთან ანტაგონისტური წინააღმდეგობა, სხვებზე უპირატესობის განცდა, განცდა, რომ გარემო სავსეა საფრთხით.

მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან შეთქმულების თეორიებისკენ, აქვთ მოთხოვნილება, რომ თავი უსაფრთხოდ და სხვებზე უპირატესად იგრძნონ საკუთარ გარემოცვაში. ასევე ის ადამიანები, რომლებიც ანტაგონისტურად არიან განწყობილნი და პარანოიის შედარებით მაღალი მაჩვენებელი აქვთ, აკლიათ საკუთარი თავის რწმენა, ემოციურად გაუწონასწორებლები არიან, ეჭვიანები, იმპულსურები, ეგოცენტრულები და მანიპულაციურები, მეტად არიან მიდრეკილნი, რომ შეთქმულების თეორიებს შეთხზავენ ან ირწმუნებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი