საზოგადოება

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული სტიგმის წინააღმდეგ

13 ოქტომბერი, 2015 •
ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული სტიგმის წინააღმდეგ

გიორგი გაგოშიძის ნახატზე გამოსახული მზესუმზირები და ფუფალა თბილისის ქუჩებში მნიშვნელოვანი მისიით იმოგზაურებენ: მათ სფიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არსებულის სტიგმის წინაადღმდეგ უნდა იბრძოლონ.

 

გიორგი გაგოშიძის ნახატი ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, ასათიანის ქუჩა. 10.10.15
გიორგი გაგოშიძის ნახატი ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, ასათიანის ქუჩა. 10.10.15

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ”მოძრაობა ცვლილებებისათვის” ინიციატივით თბილისში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული მოეწყო, რომელიც შაბათს მსვლელობით დასრულდა. მსველობა სამედიცინო უნივერსიტეტიდან ასათიანის ქუჩამდე გაგრძელდა. ასათიანის ქუჩასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს:

 

”სკოლაშიც კი, როდესაც მასწავლებელს ვაბრაზებდით, მუქარასავით ამბობდა ხოლმე, ყველანი ასათიანზე წასაყვანები ხართო. ასე ჩამრჩა გონებაში ბავშვობიდან ეს ქუჩა,” – ამბობს გოჩა გაბოძე. გოჩა კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად კვირეულის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 10 ოქტომბერს აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ფსიქიკური დარღვევები 4-დან 1 ადამიანს ემართება.

 

”წელიწადში ერთი დღე გვაქვს, როდესაც შეგვიძლია მოვიდეთ და ვთქვათ, რა გასაჭირო გვაქვს. მთელი წლის განმავლობაში მდუმარებაში ვცხოვრობთ, არავის აინტერესებს სად ვართ, როგორ ვართ და რა გვჭირდება, მხოლოდ საავადმყოფოების იმედად ვართ დარჩენილი, სადაც დაყოვნების დრო უკვე საგრძნობლად შეამცირეს. არაფერი იცვლება, შეგვყავს პაციენტი ჰოსპიტალში მწვავე მდგომარეობაში და ისევ ისე გამოგყავს,” – ამბობს ნათელა ბახტაძე.

 

ნათელა ბახტაძეს ამჟამად 35 წლის ვაჟი ჰყავს, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა 16 წლის ასაკში დაწყო და მას შემდეგ ჰალუცინატორული პარანოია მისი და მისი ოჯახის ქრონიკულ დაბრკოლებად იქცა.

 

ნათელა ბახტაძე ქვეყანაში შესაბამისი სერვისების არარსებობასა ან შეზღუდულ რაოდენობაზე ჩივის. როგორც ის ამბობს, ამ ეტაპზე თითქმის არ არსებობს ხელშეწყობის ისეთი მეთოდები, რომლებიც დაეხმარება ოჯახს, რომ დამოუკიდებლად მართონ თავიანთი პაციენტის მდგომარეობა. მშობლები მხარს უჭერენ საცხოვრისის იდეას და ამბობენ, რომ მსგავსი პროგრამის ამოქმედება მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

 

”ახლა ეს სერვისი საპილოტე მდგომარეობაშია და გვინდა, რომ ხელი შეეწყოს. ამ დონეზე პროგრამა საკმაოდ დეფიციტურია, არ არის საკმარისი ყველასათვის. საოჯახო ტიპის საცხოვრებელი იმიტომ იქნება კარგი, რომ საავადმყოფოებისა და თავშესაფრებისაგან განსხვავებით იქ იქნება უფრო მეგობრული გარემო. პარალელურად გასწავლიან, სხვადასხვა უნარს გივითარებენ.”

 

როგორც ნათელა ბახტაძე აცხადებს, მსგავს სტრესს ბევრი მშობელი ვერ უძლებს და ზოგიერთი მათგანი სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც ასრულებს.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე და მსვლელობა ასათიანის ქუჩამდე. 10.10.15
ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე და მსვლელობა ასათიანის ქუჩამდე. 10.10.15

 

”ეს ისეთი დაავადებაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოაჩნდეს თქვენ გარშემო მყოფს ან თავად თქვენ. მეც ვხედავ სხვის შვილებს, მეც მყავდა ჯანმრთელი შვილი და გულგრილი ვიყავი ამ მდგომარეობის მიმართ, მაგრამ ახლა პირადი განსაცდელი მომევლინა. აუცილებელი არაა, რომ თქვენც გადაგხდეს ეს თავს, რომ გაიგოთ მისი მნიშვნელობა,” – ამბობს ნათელა ბახტაძე.

 

ღონისძიების ორგანიზატორი გოჩა გაბოძე აღნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და ისინი პირველ დაბრკოლებად სტიგმას ასახელებენ.

 

“საწყის ეტაპზე არის თანაგანცდის მომენტი, მაგრამ შემდეგ უბრალოდ გაურბიან ადამიანები მათთან ურთიერთობას. რჩებიან ყველანაირი სოციალური კონტაქტის გარეშე. რაც მათთვის არის დიდი ტრაგედია. ის, რომ საზოგადოებას აქვს სტერეოტპები შექმნილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, არის დაძლევადი პრობლემა. ამ ტიპის ღონისძიებებიც ხელს უწყობს საზოგადოებამდე სწორი მესიჯების მიტანას,”- ამბობს გოჩა გაბოძე.

 

კვირეულის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მედია განსაკუთრებით დიდი როლი აკისრია ამ სტერეოტიპების როგორც შექმნაში, ასევე, მათ რღვევაში.

 

“როდესაც მედია აშუქებს კრიმინალურ ამბავს, რომლიც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანმა ჩაიდინა, ხაზგასმა ხდება ხოლმე, რომ დამნაშავეს აქვს მსგავსი პრობლემები. სტატისკურად ძალიან მცირეა ასეთი დანაშაულების რაოდენობა, მაგრამ ეს ყველაზე რეზონანსული ხდება ხოლმე,”- ამბობს გოჩა.

კვირეულის განმავლობაში მოეწყო საჯარო ლექციები და შეხვედრები სფეროს ექსპერტებთან, ექიმებთან და ასევე, სტუდენტებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი