საზოგადოება

რა იწვევს ჰომოფობიურ ბულინგს საჯარო სკოლებში

11 ოქტომბერი, 2015 • • 3690
რა იწვევს ჰომოფობიურ ბულინგს საჯარო სკოლებში

სიტყვა “ბულინგი” გულისხმობს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას, ადამიანის დაშინებასა და მისგან მორჩილების მოთხოვნას, რაც სისტემატურ ხასიათს ატარებს.

 

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში თვისობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით ანა სუბელიანმა რამდენიმე საჯარო სკოლაში ჰომოფობიური ბულინგის განმაპირობებელი მიზეზები და სკოლებში ამ ხრივ შექმნილი ზოგადი ფონი გამოიკვლია. ფოკუს-ჯგუფები ჩატარდა როგორც მოსწავლეებთან, ასევე, მასწავლებლებთან და მანდატურებთან. 

 

კვლევის შედეგად რამდენიმე საკვანძო პრობლემა გამოიკვეთა. მათ შორის არის ჩაგვრა რელიგიური და სექსუალური ნიშნით, ასევე, ჩაგრავენ ბავშვებს, რომლებიც რომელიმე სუბკულტურას მიაკუთვნებენ საკუთარ თავს.

 

“მოზარდები ხშირად ბულინგს განიცდიან, როდესაც მათი იდენტიფიცირება ხდება რომელიმე სუბკულტურასთან (პანკი, როკერი), და ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნით, რომლითაც ისინი არ ჯდებიან იმ სტანდარტებში, რომლებსაც მათ საზოგადოება უწესებს,” – ამბობს კვლევის ავტორი, ანა სუბელიანი.

 

სუბელიანი აღნიშნავს, რომ კვლევის პროცესში განსაკუთრებით რელიგიური ნიშნით ბულინგის შემთხვევბი გამოიკვეთა.

 

“ბულინგს ხშირად აქვს საფუძვლად რელიგიური ინდოქტრინაცია. მოსწავლეები თავად აღნიშნავენ, რომ მათი მოსაზრებები განპირობებულია სასულიერო პირების ქადაგებებით.”

 

კვლევის ავტორების აზრით, ასევე პრობლემატურია ის ფაქტი, რომ სკოლები ხშირად ხელს უწყობენ, წაიშალოს ზღვარი საჯარო სივრცესა და რელიგიურ ინსტიტუტს შორის.

 

“ხშირად მასწავლებლები თავად იწვევენ სასულიერო პირებს მოსწავლეებთან შესახვედრად და სწორედ ამ შეხვედრებზე მსჯელობენ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს გოგო და როგორ უნდა იქცეოდეს ბიჭი. ხშირ შემთხვევაში ეს გადაჯაჭვულია ჰომოფობიურ განწყობებთან და შეუწყნარებლობასთან განსხვავებულების მიმართ,”- ამბობს ანა სუბელიანი.

 

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ჰომოფობიური ბულინგის მსხვერპლი ხშირად ხდებიან ჰეტეროსექსუალი მოსწავლეებიც, რადგან თანატოლებს ლგბტ თემის წევრებად მიაჩნიათ.

 

“როდესაც მათი ქცევა არ ჯდება მკვეთრად ჰეტერონორმატიულ სტანდარტებში. ვიღაც არ არის მკვეთრად ფემინური ან მასკულინური. ასევე ის მოსწავლეებიც, რომლებიც იცავენ ლგბტ თემის ინტერესებს,”- ამბობს კვლევის ავტორი. 

 

ჰომოფობიური ბულინგი საქართველოს საჯარო სკოლებში, კვლევის პრეზენტაცია. 08.10.15
ჰომოფობიური ბულინგი საქართველოს საჯარო სკოლებში, კვლევის პრეზენტაცია. 08.10.15

 

ჰეტეროსექსუალი მოზარდები, რომლებისთვისაც თანატოლებს სურთ რაღაც სახის ზიანის მიყენება, ხშირად ხდებიან ჰომოფობიური ბულინგის მსხვერპლი. თანატოლები ჰომოფობიურ წინასწარგანწყობებს იყენებენ მათთვის ზიანის მისაყენებლად. გამიზნულად მოიხსენიებენ ისეთი ეპითეტებით, რომლებიც მათ ავტორიტეტზე ნეგატიურად იმოქმედებს. რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სტერეოტიპების გამყარებასა და ლგბტ თემის მარგინალიზაციას.

 

კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდებს, რომლებიც გამოირჩევიან აგრესიული დამოკიდებულებით გეი და ლესბოსელი თანატოლების მიმართ, აქვთ სექსისტური შეხედულებებიც.

 

ანა სუბელიანის თქმით, შეინიშნება მჭიდრო კავშირი კრიმინალურ მენტალობას, გენდერულ სტერეოტიპებსა და ჰომოფობიურ ბულინგს შორის.

 

“გოგონები ნაკლებად აგრესიულები არიან, შესაძლოა ისინი ფიზიკურად არ უსწორდებიან ბულინგის მსხვერპლს, თუმცა გარიყავენ და იზოლაციაში მოაქცევენ თანატოლს. ისინი უმეტესად აქებენ “მოძველბიჭო” თანატოლებს, რაც ამ ბიჭებისათვის დამატებითი მოტივაცია ხდება, რომ სუსტი დაჩაგრონ,”- ამბობს ანა სუბელიანი.

 

იმ მოზარდებთან ერთად, რომლებიც ამბობენ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელი მეგობარი ვერ ეყოლებათ, ასევე არიან მათი პროაქტიული დამცველებიც.

 

“თუმცა გამოიკვეთა, რომ ამ მოზარდებსაც კი, რომლებიც იცავენ გეი და ბისექსუალი ადამიანების უფლებებს, არ აქვთ კარგად გააზრებული რას აკეთებენ. რაღაც დონეზე ეს შეიძლება თავის დამკვიდრების მცდელობად და ერთგვარ მოდის ადევნებადაც ჩავთვალოთ.”

 

კვლევის ავტორების აზრით, სასკოლო სივრცეში ჰომოფობიური ბულინგისა და ზოგადად ბულინგის შემთხვევის არსებობის ერთი-ერთი მთავარი პრობლემა არასწორად ან ნაკლებად ინფორმირებული მასწავლებლები არიან.

 

“მასწავლებლების უმრავლესობას არ აქვს სწორი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის გენდერი, გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია, და ისინი ამ ფაქტებს ხშირ შემთხვევაში უკავშირებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა დაბინძურებული ჰაერი, არაჯანსაღი კვება და ვაი-ფაის გამოსხივება,”

 

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, აჩო ხაჩიძის თქმით, პარადოქსულია ის ფაქტი, რომ სწორედ ეს მასწავლებლები აღიარებენ, რომ ბულინგი მწვავე პრობლემაა და თემის უკეთ გასაცნობად ესწრებიან სხვადასხვა ტრენინგებს.

 

ანა სუბელიანი ამბობს, რომ ფოკუს-ჯგუფების პროცესში მოსწავლეები ხშირად ამბობდნენ, რომ მასწავლებლები ბულინგის შემთხვევებს ხედავენ, მაგრამ რეაგირების გარეშე ტოვებენ.  

 

“ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმითაც, რომ მასწავლებლებს არ აქვთ შესაბამისი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ მსგავს შემთხვევბს გაუმკლავდნენ.“

 

განათლების სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სამინისტრო აქტიურად უწევს ფსიქოლოგიურ დახმარებას ბულინგის მსხვერპლ ბავშვებს, მაგრამ შეზღუდული რესურსების პროცესს აფერხებს. არ არსებობს პირდაპირი კავშირი მოსწავლესა და ცენტრს შორის. ფსიქოლოგიური ცენტრი მანდატურის ან მშობლის მიმართვის შემდეგ იწყებს ბავშვებთან მუშაობას. ამიტომ ცეტრი იწყებს მასწავლებელთა გადამზადებას და მათთვის შესაბამისი უნარებისა და ცოდნის განვითარებას.

 

”მანდატურებს უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგები და მათ შეუძლიათ გაუწიონ ბავშვებს დახმარება საწყის ეტაპზე, შეაფასონ ფაქტი – არის თუ არა ის ბულინგი და განსაზღვრონ, საჭიროა არის თუ არა რეფერირება. ახლა უკვე მასწავლებლების გადამზადების პროცესი იწყება, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, საკმაოდ შეზღუდული რესურსები გვაქვს,”- განაცხადა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის წარმომადგენელმა, მაიკო ნანიტაშვილმა.

 

ასევე, ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, სკოლებში ფსიქოლოგთა მუშაობა და ბავშვებთან მათი პირდაპირი კავშირი კანონის საწინააღმდეგო ქმედებაა. დაუშვებელია მოსწავლეებთან მუშაობა მშობლის თანხომის გარეშე.

 

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, პრობლემის მოგვარებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი პრობლემის დანახვა იქნება.

”პრობლემა უნდა ვაღიაროთ, რომ შემდეგ მის მოგვარებაზე ვიმუშაოთ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც მრჩება, რომ არ არსებობს ამისი კეთილი ნება სამინისტროს მხრიდან,” – ამბობს ანა სუბელიანი.

 

ჰომოფობიური ბულინგის მსხვერპლ მოსწავლეებს აქვთ დაბალი თვითშეფასება, სწავლის დაბალი მოტივაცია და უკიდურეს შემთხვევაში – იდენტობის კრიზისი. ისინი დისტანცირდებიან სკოლისაგან, რადგან მათთვის სკოლა უსაფრთხო გარემოდ აღარ აღიქმება და ხდება ისეც, რომ სკოლის გარეთაც რჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი