საზოგადოება

„საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა“ — როთი

14 მაისი, 2024 •
„საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა“ — როთი

თბილისში ვიზიტით მყოფი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე.

როთის თქმით, დელეგაციას მხოლოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ უმასპინძლა, ისიც პარტიის ოფისში და არა — პარლამენტში.

„საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა. ჩვენ აქ არ ვართ ჭკუის სასწავლებლად, აქ ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო. მან პარლამენტში კი არა, „ქართული ოცნების“ პარტიის შტაბში გვიმასპინძლა“, — წერს როთი X-ზე.

როთი „ქართულ კოშმარს“ უწოდებს „ქართულ ოცნებას“ და ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღების მიუხედავად, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება.

საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი, პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი.

პარალელურად საქართველოში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი. ის პრემიერ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთანაც სურდა შეხვედრა, თუმცა როგორც გუშინ, 13 მაისს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, ივანიშვილმა ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალამ“ 13 მაისს ხელისუფლებას მოუწოდა, არ შეხვედროდა ზემოაღნიშნულ და კიდევ 4 ქვეყნის (ლიეტუვა, ესტონეთი, ისლანდია, ლატვია) საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციას, ასევე განეხილა მათი ქვეყანაში შემოშვების მიზანშეწონილობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი