საზოგადოება

საბაუნი რუსული კანონის გამო სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს

14 მაისი, 2024 •
საბაუნი რუსული კანონის გამო სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე პროცესების გამო 20 მაისამდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას.

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია.

ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია”,- აცხადებენ საბაუნიში.

საბაუნი იყო ერთ-ერთი პირველი უნივერისტეტი ვინც ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროპულ გზას რუსული კანონის განხილვის ფონზე.

რუსული კანონის გამო, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას აფერხებს, სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილია გაფიცულია.

დღეს 38 უნივერსიტეტის რექტორი ერთობლივი განცხადებით პასუხობს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის გაფიცვას. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე. ამ რექტორების ჩამონათვალში საბაუნიც შედის.

რექტორების 14 მაისის განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ამ პოზიციის დაფიქსირებას განათლების სამინისტრო აიძულებს. ტელევიზიას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ წერილი სამინისტროში დაიწერა და უნივერსიტეტებში ხელმოსაწერად გადაიგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი