ავტორი: ეკა მაღალდაძე, „ამერიკის ხმა“. სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა „ამერიკის ხმის“ ვებსაიტზე
„ქართული ოცნების“ მაღალი რანგის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე, ან მანამ, სანამ მისი დასკვნა გამოქვეყნდება“ — აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუზი“, საქართველოს მთავრობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ თაობაზე წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე.
„ვგმობთ მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას თბილისში იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან შემზღუდავი „უცხოეთის აგენტების“ კანონმდებლობის თავიდან წარმოდეგნას,“ — საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუზი“ თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და იმეორებს, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხრიდან მოსალოდნელ ნაბიჯებს.
„ფრიდომ ჰაუზი“ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, ვინც გამუდმებით და უდიდესი უმრავლესობით უჭერს მხარს თავისი ქვეყნის დემოკრატიულ გზას. ჩვენ ვუერთდებით მათ განგაშს, საქართველოს მთავრობის მიერ “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონმდებლობის მიღების მეორე მცდელობის თაობაზე,“ — ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
ნიკოლ ბიბინს სედაკა განმარტავს, რომ ეს კანონი დაავალდებულებს სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, რომ დარეგისტრირდნენ, როგორც „ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.“
„თუკი ამ კანონს მიიღებენ, ის მოახდენს ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების სტიგმატიზებას. ის მისცემს ხელისუფლებას ახალ საშუალებას, ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმებას ან სხვაგვარად დასჯას, რომელთა მუშაობასაც არ ეთანხმება. ეს კანონი დააახლოებს საქართველოს ისეთ რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიცაა რუსეთსა და ყირგიზეთში – ავტოკრატიები, რომლებიც სისტემატურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, მსგავსი ზომების გამოყენებით – და მნიშვნელოვნად შეაფერხებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძალისხმევას. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი,“ — ამბობს „ფრიდომ ჰაუზის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ბიბინს სედაკა, 13 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია გმობს „მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც გაავსეს თბილისის ქუჩები და ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან„. „ფრიდომ ჰაუზი“ ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს და მასობრივ დაპატიმრებას.
„ჩვენ ასევე ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების, ოპოზიციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გამოყენებული მუქარითა და თავდასხმებით. ეს რეპრესია მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით – ევროკავშირის წევრობის მსურველ სახელმწიფოში,“ — წერს ორგანიზაციის ახლანდელი პრეზიდენტი.
„ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს კოორდინირებული ქმედებისკენ, რათა შეწყდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზარდი რეპრესია. ამ მთავრობებმა დაჟინებით უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიამ შეაფასოს შემოთავაზებული კანონპროექტი და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. “ქართული ოცნების” მაღალი რანგის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე, ან მანამ, სანამ მისი დასკვნა გამოქვეყნდება,“ — წერს ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და დასძენს, რომ საქართველო დემოკრატიულ გზაგასაყარზე დგას:
„ესაა კრიტიკული, გარდამტეხი წერტილი საქართველოს დემოკრატიის გზაზე. დემოკრატიული მთავრობები გვერდით უნდა დაუდგნენ ქართველ ხალხს და გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” მთავრობის ახლანდელი ქმედებები დაუშვებელია და არ იქნება მიღებული“.
მთავარ ფოტოზე: აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. 13 მაისი, 2024. ფოტო: EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI