რუსული კანონის მიმართ უწყვეტი პროტესტის ხელშესაწყობად, სოციალურ ქსელში ახალგაზრდებმა ახალი კამპანია წამოიწყეს. მათ, ვისაც რეგიონებიდან თბილისის აქციებში სურთ მონაწილეობა, თბილისში მცხოვრებლები საკუთარ ჭერქვეშ ეპატიჟებიან.

სპეციალურად ამ ინიციატივისთვის შეიქმნა ჯგუფი ფეისბუკზე „დაიტოვე“, რომ უწყვეტ პროტესტში მონაწილეობის მსურველ რეგიონებში მყოფმა ხალხმა და თბილისში მცხოვრებლებმა ერთმანეთი იპოვონ და საჭირო დახმარება გაუწიონ.

ჯგუფში გაწევრიანებული ადამიანების რიცხვი ერთ დღეში 95 000-ს გასცდა. ერთმანეთის დასახმარებლად გაჩენილი ინიციატივები და იდეებიც გასცდა ღამის გასათევით უზრუნველყოფას. თვითორგანიზებულმა ახალგაზრდებმა და ემიგრანტებმა თანხის შეგროვება დაიწყეს.

შუადღისთვის იდეის ავტორებთან 105 000 ლარი იყო გადარიცხული. ჩარიცხვები გრძელდება და თანხა პროტესტის მონაწილეების საჭიროებებს მოხმარდება, მათ შორის, თავდაცვითი აღჭურვილობებს, საკვებსა და წყალს.

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც დღეს 3-5 ლარის ოდენობით გასწიეს დახმარება. ამაზე ემოციური რამ ცოტა თუ მინახავს”, – დაწერა მარიამ ბაბუნაშვილმა ჯგუფში, ვისი იდეითაც შეიქმნა ჯგუფი “დაიტოვე”.

“მიუხედავად რთული სიტუაციისა, ოკუპირებული აფხაზეთიდან მოდიან! ვერ გაჩერდნენ, ქართულ სულს ვერავინ მოგვიკლავს! მე პირადად დავაფინანსე 5 მანქანა! ბევრი თავისით წამოვიდა.

მეც აფხაზეთიდან ვარ და ვდგავარ აქ და ვიდგები ბოლომდე! მთელი ბავშვობა ოკუპანტმა წამართვა და ჩემს შვილებს ვერაფერს ვერ წაართმევს!

დღეს რუსთაველზე და ხვალ სოხუმში! გახსოვდეთ, რომ აფხაზეთი აქაა!”, – წერს აფხაზეთიდან დევნილი მომხმარებელი.

“დედაჩემის სახელით გწერთ: ჩემი პენსიიდან ვრიცხავ 100 ლარს. მიმითითეთ ანგარიშის ნომერი. მადლობა, ბავშვებო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ჩვენ ყოველთვის ვიგებთ ომს ქართველები… არა რუსეთს!”, – წერს პენსიონერი დედის თხოვნით მისი ქალიშვილი.

“ლანჩხუთელმა მეთორმეტე კლასელებმა ბანკეტისთვის შეგროვებული თანხა აქციაზე წამსვლელთა ტრანსპორტირებისთვის გადარიცხეს”, – იწერებიან გურიიდან.

“რეგიონიდან (და არამარტო) ვისაც ჩამოსვლა გინდათ და ვერ ტოვებთ ბავშვს ვერავისთან, მივიღებ თქვენს შვილს და გავუფრთხილდები, როგორც საკუთარს. მე და ჩემი შვილები მთელი გულით გელოდებით”, – წერს ახალგაზრდა დედა.

“რაიონებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის სახლს თუ იქირავებთ და პროდუქტს შეიძენთ, წამოვალ მეც და იმ სახლში მთელი დღის განმავლობაში გავაკეთებ სადილს, ჰოთდოგებს, ღვეზელებს ან რა ვიცი, რაც საჭირო იქნება, რომ იქ მდგომ ადამიანებს მივაწოდოთ მერე. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ სხვა არაფერი შემიძლია მართლა ფიზიკურად”, – წერს მორიგი მომხმარებელი.

“გუშინ გამოვედით საავადმყოფოდან, 4 შვილის დედა ვარ. 8 თვის პატარას გულის ოპერაცია გავუკეთე, მეოთხეს. ისევ ნაკერები აქვს და ჩვენ, მე და ჩემი 8 თვის ბავშვი წავალთ აუცილებლად. ამათი პარპაში უნდა დასრულდეს”, – წერს მრავალშვილიანი დედა.


რა ხდება?

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. მეორე მოსმენით კანონის მიღებას პირველ მაისს აპირებენ. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც ის საბოლოოდ შევა ძალაში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

მთავარ ფოტოზე: საპროტესტო აქცია “არა რუსულ კანონს” © EPA / დავით მძინარიშვილი