საზოგადოება

შსს-მ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო

16 აპრილი, 2024 • 719
შსს-მ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო.

ვითარება დაძაბულია პარლამენტის უკანა შესასვლელთან — ასევე პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე. ადგილზე შსს-ს თანამშრომელბს განთავსებული აქვთ წყლის ჭავლის მანქანა.

ამასთან, ჩართულია ხმოვანი გაფრთხილება, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს. სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზეც.

აქციის რამდენიმე მონაწილე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებთან გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგ პოლიციამ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს უკვე მეორე განცხადება გაავრცელა, რომელშიც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, დამორჩილებოდნენ სამართალდამცველების მითითბებს. უწყების მეორე განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აქციის მიმდინარეობის „უკვე დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი“.

რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი